საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა დემოკრატიის უკუსვლა ქვეყანაში,- ამ სიტყვებით დაიწყო ვეროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ საქართველოზე საუბარი.
"ქართული ოცნების" ლიდერებმა დააშორეს ქვეყანა ევროპულ გზას, დაუპირისპირდნენ რა საქართველოს ხალხის მისწრაფებებს და ქვეყანა აღარ დგას ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროპულ გზაზე და ამას ძალისხმევა დასჭირდება. ჩვენ საქართველოში მისიას გავგზავნით, განვიხილავთ დარღვევებს და არჩევნები გამოძიებული უნდა იყოს, მთავრობამ კი გადამწყვეტი ცვლილებები კონკრეტული ქმედებებით უნდა განახორციელოს. საქართველო ძლიერი ცვლილებების გარეშე ევროკავშირთან ურთიერთობაში წინსვლას ვერ შეძლებს და ევროპულ გზაზე წინ ვერ წავა",- თქვა ბორელმა.
მისივე თქმით, საქართველოში არჩევნებზე ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მიიწვევს, რათა მან წევრ ქვეყნებს დარღვევების შესახებ საკუთარი შეფასებები წარუდგინოს:
"მინდა გავიმეორო ის, რაც შარშან ვთქვი საქართველოში ვიზიტის დროს: საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღია დარჩება, მაგრამ საქართველოს მთავრობის კურსი, როცა საქმე კანონის უზენაესობის პატივისცემასა და ფუნდამენტურ პრინციპებს ეხება, მათ შორის იმას, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას აშორებს", - დასძინა ბორელმა.