ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ "საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება, თუნდაც იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატად კვლავ ჩაითვალოს". ამის შესახებ მან Європейська правда-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მან უკრაინას, მოლდოვას და საქართველოზე საუბრისას, პირველ რიგში აღნიშნა, რომ "ვერ ხედავს რაიმე მსგავსებას საქართველოსა და უკრაინას შორის".

"უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა ისევე, როგორც უკრაინული საზოგადოება სრულად არიან ჩართულები ევროკავშირში გაწევრებაში. ეჭვგარეშეა, რომ თქვენს ქვეყანას სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი. და უკრაინის გაწევრება ევროკავშირში არის ყველაზე ძლიერი უსაფრთხოების გარანტია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, შევთავაზოთ.

საქართველოს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ჩვენ ვეუბნებოდით საქართველოს მმართველებს, საქართველოს მთავრობას, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას. თუ მათ სურთ, გახდნენ ევროკავშირის წევრი, უნდა შეცვალონ მათ მიერ დამტკიცებული კანონი, მოაგვარონ არჩევნებზე გამოვლენილი პრობლემები, დაუბრუნდნენ გზას.

მათ სჭირდებათ ძლიერი ცვლილებები, თუნდაც იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატად კვლავ ჩაითვალონ", – განაცხადა ბორელმა.