ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ხოსეპ ბორელმა ჩინეთის ე.წ. "სამშვიდობო გეგმა" გააკრიტიკა. მისი პოზიცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მისი თქმით, დოკუმენტში შესაბამისი წინადადებები არ არის. გეგმა იმეორებს ჩინეთის ცნობილ პოზიციებს, რომელთაგან ზოგიერთს ევროკავშირი იზიარებს, მაგრამ გეგმას მნიშვნელოვანი პუნქტები აკლია.
"რა თქმა უნდა, გავაანალიზებთ, მაგრამ უკვე გასაგებია, რომ მთავარი პრობლემა ის არის, რომ რეალურად არ განასხვავებს აგრესორს მსხვერპლისგან, აყენებს მათ იმავე დონეზე", - განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა.
ბორელმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გზაზე აუცილებელია დავეყრდნოთ გაეროს გენერალური ასამბლეის 23 თებერვლის რეზოლუციას, ისევე როგორც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემოთავაზებულ 10-პუნქტიან გეგმას.