Bloomberg-ის ინფორმაციით, კ'თურქეთმა შავი ზღვისკენ მიმავალი გემებისთვის თავის სრუტეებში მიმოსვლა განაახლა. წინა დღით სააგენტო იუწყებოდა, რომ რეგიონში რუსული და უკრაინული თავდასხმების გახშირების გამო, თურქეთმა სავაჭრო გემების მოძრაობა დროებით შეზღუდა.
მონიტორინგის სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, აღდგენილი მიმოსვლის ფარგლებში ფიქსირდება შემდეგი გემების გადაადგილება:
ნავთობტანკერი "Aegean Dream": 6 აგვისტოდან მოლოდინის რეჟიმში ყოფნის შემდეგ, დარდანელის სრუტეში 9 აგვისტოს შევიდა. მისი დანიშნულების ადგილი რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში მდებარე კასპიის მილსადენის კონსორციუმის ტერმინალია.;
საკონტეინერო გემი "Mehmet Kahveci A": სრუტე 9 აგვისტოს დილით გაიარა. დანიშნულების ადგილად ამ შემთხვევაშიც ნოვოროსიისკი იყო მითითებული.
8 აგვისტოს თურქეთის სანაპირო უსაფრთხოების გენერალურმა დირექტორატმა ნოვოროსიისკისკენ მიმავალ რამდენიმე გემს აცნობა, რომ ტრანზიტულ ნებართვებს აღარ გასცემდა და დარდანელის სრუტეში გავლის განაცხადების განსახილველად დამატებითი დრო სჭირდებოდა. წყაროს ცნობით, აღნიშნული შეზღუდვა უკრაინისკენ მიმავალ გემებზეც ვრცელდებოდა.
შეფერხებები მას შემდეგ დაიწყო, რაც თურქეთის მთავრობამ შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე გახშირებულ თავდასხმებზე ყურადღების აქტიურად გამახვილება დაიწყო.
ოფიციალურ ანკარას ამ გადაწყვეტილების მიზეზი არ განუმარტავს და სიტუაციაზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია. თურქეთის ტრანსპორტის სამინისტრომ 9 აგვისტოს გაგზავნილ მედიის მოთხოვნას კომენტარის თაობაზე არ უპასუხა.



