ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ ოთხშაბათს ეწვევა უნგრეთს, რათა შეხვდეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს.
ვიზიტი განხორციელდება, მიუხედავად იმისა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერია გაცემული.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ ვიზიტის შესახებ განცხადების გაკეთებამდე ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის უფროსმა გაავრცელა განცხადება, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი უნგრეთს აღდგომამდე ეწვევა.
უნგრეთი არის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი ქვეყანა, თუმცა ორბანმა მის მიერ გამოცემულ ბენიამინ ნეთანიაჰუს და მის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერებს არასწორი უწოდა და განაცხადა, რომ თუ ნეთანიაჰუ ქვეყანას ეწვევა, გადაწყვეტილება არ შესრულდება.
ვიზიტის დროს, რომელიც 6 აპრილამდე გაგრძელდება, ბენიამინ ნეთანიაჰუ ასევე შეხვდება უნგრეთის სხვა მაღალჩინოსნებს.