22 დეკემბერს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩისა და მთავრობის საწინააღმდეგო მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც სტუდენტებისა და ფერმერთა პროფკავშირების მიერ იყო ორგანიზებული.

სერბეთში უკვე რამდენიმე კვირაა, რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც 2 ნოემბერს სერბეთის სიდიდით მეორე ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა.

რკინიგზის სადგური 2021 და 2024 წლებში გარემონტდა. სერბული მედიის ცნობით, სერბეთის რკინიგზის ინფრასტრუქტურის სააგენტოს თქმით, ჩამონგრეული ბეტონის ჭერი აღნიშნული სარემონტო სამუშაოების განმავლობაში არ განახლებულა. ის 1964 წელს ააშენეს. 

ინციდენტის შემდეგ, რომელსაც მომიტინგეები კორუფციას უკავშირებენ, საპროტესტო აქციები დაიწყო, ხოლო მოთხოვნაა, პასუხი აგონ ვუჩიჩმა და მომხდარზე პასუხისმგებელმა პირებმა.

ნოემბერში მომხდარი ტრაგედიის გამო, პროკურატურამ 13 პირი დააკავა, მათ შორის მთავრობის მინისტრები, რომელთა შემდგომ გამოშვებამაც გამოძიების კეთილსინდისიერად ჩატარების თაობაზე მოსახლეობაში სკეპტიციზმი გამოიწვია.