ბელგიის თავდაცვის მინისტრმა, ტეო ფრანკენმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ოფიციალური ბრიუსელის მტკიცე უარი ევროკავშირის იმ ინიციატივაზე, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული სახელმწიფო აქტივების გამოყენებას ითვალისწინებს. მისი განცხადებით, ეს საკითხი ბელგიისთვის "განხილვას არ ექვემდებარება და კარი სრულად არის დახურული".

რუსული აქტივების დიდი ნაწილი (დაახლოებით 200 მილიარდი ევრო) ბელგიურ საერთაშორისო ფინანსურ დეპოზიტარში – Euroclear-ში ინახება. ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი და მთავრობა მიიჩნევენ, რომ ამ თანხების მობილიზება ან ე.წ. "სარეპარაციო სესხის" სახით გამოყენება ქვეყანას რუსული მხარის მხრიდან სამართლებრივი დევნისა და ძლიერი საპასუხო ეკონომიკური ზომების წინაშე აყენებს.  

შვედეთის, პოლონეთის, ნიდერლანდებისა და ესპანეთის ინიციატივამ, რომლებსაც განსაკუთრებით, ბალტიისპირეთის ქვეყნები უჭერენ მხარს, ევროკავშირის მასშტაბით, აღნიშნული სქემის აღდგენა სცადა. თუმცა, ბელგია აცხადებს, რომ ფინანსური პასუხისმგებლობის ტვირთი მხოლოდ ერთ ქვეყანას არ უნდა აწვებოდეს.  

მიუხედავად იმისა, რომ ბელგიის ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირი ტექნიკურად უშვებდა კომპრომისის შესაძლებლობას იმ პირობით, თუ იურიდიული და ფინანსური რისკები მთელ ევროკავშირზე თანაბრად გადანაწილდებოდა, თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა ყოველგვარი ორაზროვნება გამორიცხა.  

ბელგია შიშობს, რომ მსგავსი პრეცედენტი ძირს გამოთხრის საერთაშორისო ინვესტორების ნდობას ევროპული საბაზრო სტაბილურობისა და საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის მიმართ.