ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშეიტედ პრესი" აქვეყნებს.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 30 ნოემბრიდან, ისრაელის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ შეერთებულ შტატებში საქმიანი ან დასასვენებელი მიზნით უვიზოდ, ელექტრონული მოგზაურობის ავტორიზაციის სისტემაში დარეგისტრირებით გაემგზავრონ აშშ-ში და იმ შემთხვევაში, თუ აეროპორტში ამერიკელი ოფიციალური პირები მათ ქვეყანაში შესვლაზე რაიმე მიზეზით უარს არ ეტყვიან, იქ 90 დღე დაყონ.  

გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც ოთხშაბათს გამოცხადდა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან ხშირად წინააღმდეგობაში მყოფი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მნიშვნელოვან მიღწევად ითვლება.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და სხვა ოფიციალურ პირებს, რომელთა ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა  გადაწყვეტილების მიღება და მას „ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის ძლიერი კავშირების კიდევ ერთი მტკიცებულება" უწოდა.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ისრაელის ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვან და სასიხარულო წუთებს", ეს გადაწყვეტილება „დაზოგავს თქვენი, ისრაელის მოქალაქეების, დიდ დროს, გარჯას და ფულს".

„ასოშეიტედ პრესი" აღნიშნავს, რომ უვიზო რეჟიმის პროგრამაში მონაწილეობის მსურველი ქვეყნები უნდა აკმაყოფილებდნენ სამ კრიტიკულ კრიტერიუმს და ბოლო ორი წლის განმავლობაში ისრაელი აკმაყოფილებს ორი კრიტერიუმის მოთხოვნებს: დაბალია პროცენტი ისრაელის მოქალაქეებისა, რომელთაც უარი ეთქვათ ვიზაზე და დაბალია მათი პროცენტი, ვინც დაარღვია ვიზაში მითითებული აშშ-ში ყოფნის ვადა. ისრაელი ცდილობდა დაეკმაყოფილებინა მესამე მოთხოვნა და თანაბრად მოპყრობოდა აშშ-ის ყველა მოქალაქეს, მათ შორის პალესტინური წარმოშობის იმ ამერიკელებს, რომლების სამოგზაუროდ ისრაელში ჩადიოდნენ ან ისრაელის გავლით მიემგზავრებოდნენ. ამერიკულ-არაბული ანტიდისკრიმინაციული კომიტეტი, რომელმაც ფედერალური სარჩელი შეიტანა ისრაელის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაშვების გამო, ამტკიცებს, რომ პალესტინური წარმოშობის ამერიკელები ისრაელში მოგზაურობისას კვლავინდებურად განიცდიან დისკრიმინაციას.

დღემდე აშშ-ში უვიზოდ შესვლის უფლება ჰქონდათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს:

ავსტრალია (1996)
ავსტრია (1991)
ანდორა (1991)
ახალი ზელანდია (1991)
ბელგია (1991)
ბრუნეი (1993)
გაერთიანებული სამეფო (1988)
დანია (1991)
ესპანეთი (1991)
ესტონეთი (2008)
გერმანია (1989)
იაპონია (1988)
ირლანდია (1995)
ისლანდია (1991)
იტალია (1989)
კორეა (2008)
ლატვია (2008)
ლიეტუვა (2008)
ლიხტენშტაინი (1991)
ლუქსემბურგი (1991)
მალტა (2008)
მონაკო (1991)
ნიდერლანდები (1989)
ნორვეგია (1991)
პოლონეთი (2019)
პორტუგალია (1999)
საბერძნეთი (2010)
სან-მარინო (1991)
საფრანგეთი (1989)
სინგაპური (1999)
სლოვაკეთი (2008)
სლოვენია (1997)
ტაივანი (2012)
უნგრეთი (2008)
ფინეთი (1991)
შვედეთი (1989)
შვეიცარია (1989)
ჩილე (2014)
ჩეხეთი (2008)
ხორვატია (2021)