აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ისრაელისთვის სამხედრო დახმარების გაწევას დაუჭირა მხარი, უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხის განხილვა კი მომავალი სხდომებისთვის გადადო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ არ დააკმაყოფილა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის თხოვნა უკრაინისა და ისრაელის დახმარებისთვის, აგრეთვე ღაზის სექტორში, ისრაელში, უკრაინაში და სხვაგან ჰუმანიტარული ძალისხმევისთვის, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლისათვის და აშშ-ის საზღვრის დაცვის დამატებითი ღონისძიებებისთვის 105 მილიარდი დოლარის გამოყოფის ერთიან საკითხად განხილვის შესახებ და ცალკე საკითხად გამოყო ისრაელისთვის სამხედრო დახმარება.

ამერიკული პრესის შეფასებით, წარმომადგენელთა პალატის მიერ ისრაელისთვის 14,5 მილიარდი დოლარის ოდენობით სამხედრო დახმარების გამოყოფა არის, ერთი მხრივ, ძლიერი და მკაფიო პასუხი „ჰამასის" და ისრაელის ომზე, მეორე მხრივ კი ახალი სპიკერის მაიკ ჯონსონის მხრიდან დემოკრატების და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პირდაპირი გამოწვევაა. 

მაიკ ჯონსონის პირველი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივით Rრესპუბლიკელების მიერ წარდგენილი ცალკე კანონპროექტით ისრაელისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა კომპენსირდება სახელმწიფო ხარჯების შემცირებით სხვა ქვეყნებში.

რესპუბლიკური პაკეტი მისცემს ისრაელს დახმარებას, რომელიც მას სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად, მძევლების გასათავისუფლებლად და მეომარი პალესტინური დაჯგუფების გასანადგურებლად. ამ ყველაფერთან ერთად ჩვენ ასევე ვმუშაობთ პასუხისმგებლობიანი ხარჯების უზრუნველსაყოფად და ფედერალური მთავრობის ზომის შესამცირებლად, - განაცხადა მაიკ ჯონსონმა.

რესპუბლიკელებთან ერთად კანონპროექტს მხარი 12-მა დემოკრატმა დაუჭირა.  „ასოშეიტედ პრესის" ცნობით, სათუოა, რომ 226 ხმით 196-ის წინააღმდეგ მიღებულ კანონპროექტს მხარი დაუჭიროს სენატმა, მაგრამ თუ ეს მაინც მოხდა, მაშინ, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორ ჯონ კირბის ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების თანახმად, მოსალოდნელია, ჯო ბაიდენი ვეტოს უფლებას გამოიყენებს.

ვეტოს დაძლევა კონგრესს წარმომადგენელთა პალატაში და სენატში წევრთა 2/3-ის ხმებით შეუძლია, ასეთი უმრავლესობა კი რესპუბლიკელებს არცერთ პალატაში არ ჰყავთ.