ავსტრალიამ და ფილიპინებმა სამხედრო თანამშრომლობის შესახებ განახლებული შეთანხმება გააფორმეს, რომელიც შეკავების გაძლიერებისკენ არის მიმართული, — იტყობინება სააგენტო dpa.
დოკუმენტს მანილაში ფილიპინების თავდაცვის მინისტრმა გილბერტო თეოდორომ და ფილიპინებში ავსტრალიის ელჩმა მარკ ინეს-ბრაუნმა მოაწერეს ხელი. ცერემონიას ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზე ესწრებოდა. შეთანხმება, რომელიც 1995 წლის ორმხრივ მემორანდუმს აახლებს, მოწოდებულია, გააძლიეროს სამხედრო თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის და დააჩქაროს მოქმედებათა კოორდინაციის პროცესები, — განაცხადეს მხარეებმა. "ერთი ამოცანის შესასრულებლად, 100 ნაბიჯის ნაცვლად, ახლა მხოლოდ 10 იქნება საჭირო", — ხაზგასმით აღნიშნა გილბერტო თეოდორომ და ხელშეკრულებას ბიუროკრატიასთან ბრძოლის ზომა უწოდა.
კერძოდ, ფილიპინელ სამხედრო მოსამსახურეებს საშუალება მიეცემათ, უკეთ გაეცნონ ავსტრალიურ სამხედრო ტექნიკასა და შეიარაღებას. 2012 წლიდან ავსტრალიასა და ფილიპინებს შორის მოქმედებს შეთანხმება, რომელიც მხარეებს ერთმანეთის ტერიტორიაზე წვრთნების ჩატარების უფლებას აძლევს. ახალი დოკუმენტი მათ ორგანიზებას გაამარტივებს.
ავსტრალიამ ასევე გამოაცხადა დამატებითი ინვესტიციების შესახებ უპილოტო ტექნოლოგიებში, აღჭურვილობასა და სწავლებაში საზღვაო და კიბერსაფრთხეების გამოსავლენად.
ფილიპინების თავდაცვის მინისტრის თქმით, შეთანხმება ასევე მიზნად ისახავს საიმედო შეკავების პოტენციალის უზრუნველყოფას, კერძოდ, სამხრეთ ჩინეთის ზღვის იმ რაიონებში, რომლებიც ჩინეთსა და ფილიპინებს შორის დავის საგანს წარმოადგენს.
პეკინი რეგულარულად გამოდის მანილისა და მისი მოკავშირეების ერთობლივი სამხედრო მოქმედებების წინააღმდეგ და აცხადებს, რომ მსგავსი წვრთნები რეგიონში დაძაბულობას ზრდის. სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთისა და ფილიპინების მონაწილეობით ინციდენტები რეგულარულად ხდება. ჩინეთი პრეტენზიას აცხადებს ამ ზღვის თითქმის მთელ აკვატორიაზე, თუმცა მის ცალკეულ ნაწილებზე პრეტენზია ასევე აქვთ ფილიპინებსა და აზიის სხვა სახელმწიფოებს. ამ ზღვაზე მსოფლიო ტვირთბრუნვის 60 პროცენტზე მეტი გადის.
როგორც სააგენტო Reuters აღნიშნავს, ფილიპინები აფართოებს კავშირებს უსაფრთხოების სფეროში და პარალელურად, აძლიერებს აშშ-სთან არსებულ მრავალწლიან ალიანსს, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, მათი თქმით, ჩინეთის აგრესიული ქცევის ფონზე.




