ამერიკის შეერთებულ შტატებში 38 წლის კაცს საკუთარი ჩვილის მკვლელობის გამო ბრალი წაუყენეს. მან ექვსი თვის შვილს ეზოს დასასუფთავებელი აპარატიდან ჰაერის ძლიერი ნაკადი მიუშვირა, რამაც ბავშვის სასიკვდილო დაზიანებები გამოიწვია.

ფლორიდაში მცხოვრებმა ჯეიმს ვესტერველტმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ ეს ქმედება „გასართობად“  გააკეთა და სასაცილოდ ეჩვენებოდა. 

პოლიციის ცნობით, აპარატიდან გამოტყორცნილმა ჰაერმა 6 თვის ჩვილს სუნთქვა შეუკრა და სერიოზული დაზიანებები მიაყენა.

სამართალდამცავები ვესტერველტის სახლში 2024 წლის ზაფხულში მას შემდეგ მივიდნენ, რაც უგონო მდგომარეობაში მყოფი ჩვილის შესახებ შეტყობინება შევიდა. 

ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე შეაერთეს, თუმცა ის რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. 

ექიმების დასკვნით, სიკვდილის მიზეზი ძლიერი შეჯანჯღარებით გამოწვეული თავის ტვინის ტრავმა გახდა.
ვესტერველტი მაშინვე დააკავეს ბავშვზე ძალადობის ბრალდებით, მოგვიანებით კი პოლიციამ ვიდეოჩანაწერიც აღმოაჩინა, სადაც ჩანს, როგორ უმიზნებს იგი ჩვილს ჰაერის აპარატს. 

შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დაკავებულ მამას ბრალი დამძიმდა და ახლა მას უკვე ოფიციალურად ედება ბრალი ჩვილის მკვლელობაში.