სააგენტო „როიტერი“ სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის არმიამ ირანთან ხუთთვიანი ომის განმავლობაში მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების რაკეტების მარაგი ფაქტობრივად ამოწურა.

წყაროების ინფორმაციით, საუბარია არმიის ტაქტიკურ სარაკეტო სისტემა ATACMS-სა და მაღალი სიზუსტის დარტყმის რაკეტა PrSM-ზე. ორი წყაროს განცხადებით, აშშ-მა ამ ტიპის შეიარაღების თითქმის მთელი მარაგი უკვე გამოიყენა.

„როიტერი“ აღნიშნავს, რომ მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ეს შორი მოქმედების, მაღალი სიზუსტის რაკეტები აშშ-ის შეიარაღების მნიშვნელოვანი ნაწილია და სამიზნეებზე უსაფრთხო დისტანციიდან ზუსტი დარტყმის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. მედიის ცნობით, ATACMS-ის რაკეტებმა საკვანძო როლი შეასრულა უკრაინის ომშიც, ხოლო PrSM-ი უფრო ახალი თაობის სისტემაა, რომელმაც ATACMS-ი უნდა ჩაანაცვლოს.

კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ძალებს ხელმძღვანელობს, ომის დაწყებამდე არსებული სახმელეთო რაკეტების მარაგი თითქმის ამოეწურა, თუმცა მისი შევსება მსოფლიოს სხვა რეგიონებში განთავსებული ამერიკული სამხედრო ბაზებიდან შეძლო.

სტატიაში მოყვანილი ყველა წყარო „როიტერთან“ ანონიმურობის პირობით საუბრობდა. თეთრმა სახლმა კი, რაკეტების მარაგთან დაკავშირებით კომენტარის მოთხოვნის საპასუხოდ, დონალდ ტრამპის განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ს აქვს „ბევრად მეტი საბრძოლო მასალა, ვიდრე ვინმეს მსოფლიოში. იმაზე მეტი, ვიდრე გვჭირდება“.