ორშაბათს Brent მარკის ნავთობის ფასმა 2%-ზე მეტით იმატა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო ირანის სამშვიდობო შეთავაზება, რომელიც კონფლიქტის მოგვარებასა და ჰორმუზის სრუტის გახსნას ისახავდა მიზნად.
08:03 საათზე Brent-ის ფიუჩერსები 2.60 დოლარით (2.49%-ით) გაიზარდა და ბარელზე 106.92 დოლარი შეადგინა, ხოლო ამერიკული West Texas Intermediate (WTI) მარკის ნავთობის ფასმა 94.49 დოლარს მიაღწია (მატება 2.08 დოლარი ანუ 2.25%).
"ნავთობის ფასების ზრდა, როგორც ჩანს, პრეზიდენტ ტრამპის მიერ ირანის სამშვიდობო წინადადების უარყოფამ გამოიწვია", — განაცხადა ჰამად ჰუსეინმა, Capital Economics-ის კლიმატისა და სასაქონლო ბაზრების უფროსმა ეკონომისტმა.
გასულ კვირას, ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ირანმა სამშვიდობო წინადადება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ იგი ამერიკულ მხარეს კატარელი შუამავლების მეშვეობით გადაეცა. შაბათს ტრამპმა განაცხადა, რომ მან ეს გეგმა უარყო, თუმცა კვირას Axios-თან სატელეფონო ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამ კვირაში ამერიკელი მომლაპარაკებლებისგამ შეხვედრების გაგრძელებას ელის.
"მიუხედავად იმისა, რომ ჰორმუზის სრუტეში ნაკადების გაზრდა ფასებზე არსებულ ზეწოლას ნაწილობრივ ამსუბუქებს, საერთო სურათი აჩვენებს, რომ ნავთობის ბაზარი კვლავ დეფიციტში რჩება", — დასძინა ჰუსეინმა.
Kpler-ის წინასწარი მონაცემებით, ახლო აღმოსავლეთის ძირითადი მწარმოებლებიდან ნედლი ნავთობის ექსპორტი სექტემბერში დღეში 12.8 მილიონ ბარელამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია თებერვალში ომის დაწყების შემდეგ. ეს საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ ექსპორტის გაზრდამ განაპირობა.
მონაცემები აჩვენებს, რომ ზრდა მოჰყვა ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების აღდგენას, რამაც ამ თვეში დაახლოებით 7.4 მილიონ ბარელს მიაღწია. საუდის არაბეთმა ექსპორტი წითელი ზღვის იანბუს პორტიდან აღმოსავლეთით მდებარე რას-ტანურას პორტისკენ გადაამისამართა იმ თავდასხმების შემდეგ, რომლებმაც მისი "აღმოსავლეთ-დასავლეთის" მილსადენი დააზიანა.
გასულ კვირას Brent-ის ფასი 0.4%-ით გაიზარდა, ხოლო WTI 7%-ზე მეტით შემცირდა იმ შიშების გამო, რომ აშშ-მა შესაძლოა, დიზელის ექსპორტი აკრძალოს სარეკორდო ფასების შესამცირებლად, რამაც შესაძლოა, ამერიკული გადამუშავების მოცულობა შეზღუდოს.
ევროპული დაბალგოგირდოვანი დიზელის (gasoil) ფასნამატმა, Brent-ის ფიუჩერსებთან შედარებით, გასულ კვირას სარეკორდო მაჩვენებელს — დაახლოებით 95 დოლარს მიაღწია ბარელზე. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს დიზელის ექსპორტის აკრძალვის იდეას, რათა შემცირდეს ფასები, რომლებმაც გლობალური მიწოდების დეფიციტის გამო ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
Goldman Sachs-ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის დიზელის ექსპორტის ძირითადი მიმართულება ევროპა და განსაკუთრებით ლათინური ამერიკაა (ბრაზილიისა და მექსიკის ჩათვლით), დიზელის მიწოდების შემცირებით გამოწვეული შოკი სწრაფად გავრცელდება მსოფლიოს დანარჩენ ნაწილზეც, აზიის ჩათვლით. ეს მოხდება მაშინ, როდესაც ლათინური ამერიკა და ევროპა დაიწყებენ დიზელის დარჩენილი მოცულობების აქტიურ შესყიდვას ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ინდოეთი.
"ჩვენი შეფასებით, აშშ-ის მიერ დიზელის ექსპორტის აკრძალვის ყოველი კვირა ევროპაში დიზელის საბითუმო ფასებს (ARA gasoil) ბარელზე 3 დოლარით ანუ თითქმის 2%-ით გაზრდის", — დასძინეს ბანკში.




