აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პრეზიდენტისა და მაღალი რანგის იურისტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. 

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

რუბიოს განცხადებით, სანქციები დაუწესდა ICC-ის პრეზიდენტს, იაპონელ ტომოკო აკანეს და სასამართლოს უფროს იურისტს, სენეგალელ აბდულაიე სეიეს.

„ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია მკაფიოა: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კორუმპირებული და უკიდურესად პოლიტიზებული ზესახელმწიფოებრივი სასამართლოა, რომელმაც ბოროტად გამოიყენა საკუთარი უფლებამოსილება და გადააჭარბა მის მანდატს. ჩვენ არ შევეგუებით მის თავდასხმას სახელმწიფოების სუვერენიტეტზე“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

რუბიომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალური პირები დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ მცდელობებში, გამოეძიებინათ, დაეპატიმრებინათ, დაეკავებინათ ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცათ იმ ქვეყნების ოფიციალური პირები, რომელთა მთავრობებსაც ICC-ის იურისდიქციაზე თანხმობა არ განუცხადებიათ.

„უნდა დასრულდეს ICC-ის შესაძლებლობა, სამიზნედ აირჩიოს ამერიკის მოქალაქეები და იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც სასამართლოს წევრები არ არიან“, – აღნიშნულია განცხადებაში.