აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ორ კონსერვატიულ შტატში ძალაში დატოვა კანონები, რომლებიც ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას უკრძალავს.

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს ექვსმა მოსამართლემ, სამი კი წინააღმდეგი იყო.

მოსამართლე ბრეტ კავანოს დასკვნის მიხედვით, კანონები არ არღვევს არც კონსტიტუციის მე-14 შესწორებას, რომელიც მოითხოვს კანონის ყველასთვის თანაბრად გავრცელებას და არც 1972 წლის განათლების შესახებ შესწორებების მეცხრე თავს, რომელიც კრძალავს სქესობრივ დისკრიმინაციას განათლებაში.

როგორც „გარდიანსი“ წერს, „ეს სასამართლოს კიდევ ერთი გადაწყვეტილებაა, რომელიც დონალდ ტრამპისთვის სასარგებლოა, რადგან მუდმივად მკაცრად აკრიტიკებს ქალთა სპორტულ შეჯიბრებებში ტრანსგენდერების მონაწილეობას“.

ცნობისთვის, საქმე ეხებოდა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ორი ტრანსგენდერი სტუდენტის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას. მათ დასავლეთ ვირჯინიასა და აიდაჰოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანეს, რაც ქალთა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა აეკრძალათ.

ამასთან, მედიის განმარტებით, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ორი კონკრეტული შემთხვევა – აიდაჰოსა და დასავლეთ ვირჯინიის კანონები, რომლებიც ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სასკოლო და საუნივერსიტეტო სპორტში მონაწილეობას უზღუდავს და ამით დაადასტურა, რომ შტატებს ასეთი შეზღუდვების დაწესების უფლება აქვთ. ამასთან, მსგავსი შემზღუდავი კანონები უკვე მიღებულია აშშ-ის 25-ზე მეტ შტატში.