აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 262 ხმით 159-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ფართომასშტაბიან სანქციების პაკეტს. კანონპროექტი, რომელიც სამხრეთ კაროლინელი განსვენებული სენატორის, ლინდსი გრემის სახელს ატარებს, მიზნად ისახავს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის უკრაინაში ომის საწარმოებლად საჭირო ფინანსური რესურსების შეზღუდვას.

დოკუმენტი ძალაში შესასვლელად უკვე გადაეგზავნა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგენს ვაშინგტონის ყველაზე ამბიციურ მცდელობას უკრაინის მხარდასაჭერად მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა. კანონპროექტის მიღებას, რომელზედაც მუშაობა წელიწადზე მეტხანს მიმდინარეობდა, აქტიურად ითხოვდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც გასულ თვეში ამერიკელ სენატორებს პირდაპირ მიმართა.

სანქციების პაკეტი ითვალისწინებს მკაცრ შეზღუდვებს რუსი მაღალჩინოსნების, ბანკებისა და ტანკერების ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ, რომლის მეშვეობითაც მოსკოვი ენერგორესურსების შეუფერხებელ ტრანსპორტირებას ახდენს.

ამასთან, დოკუმენტი პრეზიდენტ ტრამპს ანიჭებს უფლებამოსილებას,  დააწესოს 100%-მდე საბაჟო ტარიფები რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთ უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანაზე, რომლებიც ხელს უწყობენ სანქციების გვერდის ავლას და აგრძელებენ მოსკოვის ეკონომიკურ მხარდაჭერას. გამონაკლისი დაშვებული იქნება მხოლოდ იმ სახელმწიფოებისთვის, რომელთა იმპორტში რუსული გაზის წილი 15%-ზე ნაკლებია და რომლებმაც უკვე გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები ამ დამოკიდებულების შესამცირებლად.

„ამ ქვეყნებმა უნდა გააკეთონ არჩევანი: გააგრძელებენ თუ არა პუტინის აგრესიის მხარდაჭერას“, — განაცხადა წარმომადგენელთა პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა მაიკლ მაკკოლმა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ