ბრუკლინის ფედერალურმა საოლქო სასამართლომ ჩინური ტელეკომუნიკაციების კონცერნი Huawei კომერციული საიდუმლოების მოპარვასა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული აშშ-ის სანქციების გვერდის ავლაში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ The New York Times და სხვა ამერიკული და მსოფლიო მედიასაშუალებები იუწყებიან.

ვინაიდან 2019 წლიდან Huawei-ს შეერთებულ შტატებში საკუთარი პროდუქციის გაყიდვა ფაქტობრივად აკრძალული აქვს, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კომპანიის მდგომარეობაზე, შესაძლოა, პირდაპირ არ აისახოს. მიუხედავად ამისა, NYT-ის ვარაუდით, მკაცრმა ფინანსურმა სასჯელმა და გამამტყუნებელი განაჩენით მიყენებულმა ლაქამ, შესაძლოა, მის ბიზნესს ხელი შეუშალოს.

სასამართლო პროცესი 11 კვირას გრძელდებოდა, კიდევ ერთი კვირა კი ნაფიც მსაჯულთა თათბირს დასჭირდა. კონცერნი Huawei სისხლის სამართლის ბრალდების 12 პუნქტიდან 10-ში იქნა ცნობილი დამნაშავედ. მათ შორის, საუბარია საბანკო თაღლითობაზე, კომერციული საიდუმლოების მოპარვის მიზნით შეთქმულებასა და აშშ-ის საზიანოდ თაღლითური შეთქმულების მოწყობაზე.

ამავდროულად, ნაფიცმა მსაჯულებმა Huawei გაამართლეს დანაშაულებრივი საქმიანობის წარმოების მიზნით შეთქმულების ბრალდებაში, რითაც უარყვეს შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს მთავარი მტკიცება იმის შესახებ, რომ კომპანია დანაშაულებრივი ორგანიზაციის მსგავსად მოქმედებდა. NYT-ის ცნობით, კონცერნი ასევე გამართლდა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით შეთქმულების ბრალდებაში. ამასთან, Huawei-ს ადვოკატმა განაცხადა, რომ კონცერნი გაასაჩივრებს გადაწყვეტილებებს იმ პუნქტებთან დაკავშირებით, რომლებშიც ის დამნაშავედ ცნეს.

პროკურატურის მტკიცებით, Huawei-ს ხელმძღვანელობა თავის თანამშრომლებს უბიძგებდა, მოეპარათ ამერიკული და სხვა კომპანიების ინტელექტუალური საკუთრება. ამ მონაცემების თანახმად, ჩინურმა კონცერნმა კომერციული საიდუმლოებები T-Mobile-ს, Cisco-სა და სხვა კომპანიებს მოჰპარა.

როგორც ჩანს, კონკურენტებისგან მოპარული ინფორმაცია Huawei-ს საშუალებას აძლევდა, შეექმნა ანალოგიური პროდუქტები და შემდეგ ისინი უფრო დაბალ ფასად გაეყიდა.