აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელი კეშ პატელი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომლის თანახმადაც, ის რუსეთში იმყოფება.

„MS NOW-მა ახლახან გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს რუსეთში ჩავედი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) წარმომადგენლებთან შეხვედრების გასამართად. იგივე მედიასაშუალება მუდმივად ავრცელებს სიცრუეს FBI-ისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ ამერიკელი ხალხის დაცვის მიმართულებით მიღწეული ისტორიული წარმატებების შესახებ.

შედეგები თავად მეტყველებს: ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით დაკავებულია 53 969-ზე მეტი პირი. ეს მაჩვენებელი 90%-ით გაიზარდა;

ქვეყნის მასშტაბით მკვლელობების მაჩვენებელი თითქმის 20%-ით შემცირდა;

დაკავებულია ძალადობრივი დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილი 31 016-ზე მეტი პირი და კრიმინალური დაჯგუფებების წევრი. ეს მაჩვენებელი 30%-ით გაიზარდა;

დაკავებულია FBI-ის მიერ ძებნილ, ყველაზე საშიშ ათ დამნაშავეს შორის მყოფი 10 გაქცეული პირი. ეს წინა ოთხი წლის მაჩვენებელზე 2,5-ჯერ მეტია;

აღმოჩენილი და იდენტიფიცირებულია დანაშაულის მსხვერპლი 11 081-ზე მეტი ბავშვი. ეს მაჩვენებელი 21%-ით გაიზარდა;

ამოღებულია 3 258 კილოგრამზე მეტი ფენტანილი. ეს მაჩვენებელი 8%-ით გაიზარდა. ამ რაოდენობის ფენტანილი საკმარისია 247 მილიონზე მეტი ამერიკელის მოსაკლავად.

ეს შემთხვევით არ მომხდარა. ეს FBI-ის თანამშრომლებისა და ჩვენი ყველა პარტნიორის – შტატების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ტომობრივი ხელისუფლებების სამართალდამცავი სტრუქტურების დაუღალავი შრომის შედეგია.

მათ ბოდიში უნდა მოუხადონ FBI-ს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, ქალებსა და კაცებს, ამერიკელ ხალხს“, – წერს კეშ პატელი სოციალურ ქსელში.