არგენტინაში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრა.
არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში ხავიერ მილეიმ გაიმარჯვა
არგენტინის ნაციონალური საარჩევნო პალატის მონაცემების თანახმად, ხმების 99,4%-ის დათვლის შემდეგ მემარჯვენე პოლიტიკოსი ხავიერ მილეი აშკარა უპირატესობით იმარჯვებს. მას ამომრჩეველთა 55,7%-მა დაუჭირა მხარი.
მისმა კონკურენტმა, ეკონომიკის მინისტრმა სერხიო მასსამ დამარცხება აღიარა და მილეის გამარჯვება მიულოცა.
53 წლის ხავიერ მილეის - ტიკ-ტოკის ვარსკვლავს, მუსიკოს, ეკონომისტს და ტელეწამყვანს - მისი მკვეთრი, რადიკალური და ხშირად, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გამო, დონალდ ტრამპს და ჟაირ ბოლსონარუს ადარებენ.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხავიერ მილეი უარყოფდა ადამიანის აქტივობის კავშირს ცვლილებაზე, ეჭვქვეშ აყენებდა სამხედრო დიქტატურის მსხვერპლთა რაოდენობას, ჰპირდებოდა ამომრჩეველს არგენტინის მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან - ჩინეთთან და ბრაზილიასთან კავშირების გაწყვეტას და იარაღის ტარების დაკანონებას.
მთავარი წინასაარჩევნო დაპირებები კი იყო ეროვნული ბანკის გაუქმება და დოლარზე გადასვლა და აბორტის აკრძალვა.
„ინფლაციის კიბოს" დასამარცხებლად საჭიროა ავადმყოფი პესოს გადაყრა, ამერიკულ დოლარზე გადასვლა და ცენტრალური ბანკისთვის ცეცხლის წაკიდება, - აცხადებდა ხავიერ მილეი.