არგენტინაში ოპოზიცია პრეზიდენტს თაღლითობაში დებს ბრალს და მისი იმპიჩმენტისკენ მოუწოდებს.

სკანდალი უცნობი კრიპტოვალუტის შესახებ პრეზიდენტის განცხადებას და განცხადების გაკეთებიდან დაახლოებით სამ საათში განვითარებულმა მოვლენებს უკავშირდება.

პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ პლატფორმა X -ზე, სადაც მას 3,8 მილიონი გამომწერი ჰყავს, 14 თებერვალს ტვიტი გამოაქვეყნა და უცნობი კრიპტოვალუტის შესახებ დაწერა: ეს კერძო პროექტი არგენტინის ეკონომიკის წახალისებას ისახავს მიზნად.

სპეციალისტების თქმით, ტვიტის გამოქვეყნების მომენტში, სულ რამდენიმე წუთის წინ შექმნილი ტოკენის ღირებულება 0,000001 დოლარი იყო, მილეის მიერ პროექტში, „გაუმარჯოს თავისუფლებას“, მონაწილეობის მიღებისკენ მოწოდების შემდეგ კი მისმა ფასმა 5,2 დოლარს მიაღწია, თუმცა იდეის ავტორების მიერ პროექტის განხორციელებაზე უარის და ჩადებული ინვესტიციების უკან ამოღების შესახებ განცხადების გაკეთებისთანავე ფასმა კატასტროფულად იწყო ვარდნა და ათასობით მოქალაქემ ზარალი განიცადა. ტოკენის შექმნიდან მისი ფასის მაქსიმალურ ნიშნულამდე ასვლას და შემდეგ სრულ გაუფასურებას დაახლოებით სამი საათი დასჭირდა.

კრიპტოუსაფრთხოების ექსპერტი პაბლო საბატელა ამბობს, რომ მან იხილა თუ როგორ იყიდეს „ვეშაპებმა“ ტოკენები ჩალის ფასად და ორ საათის შემდეგ, მისი გაყიდვით კი ზოგმა 4 მილიონი, ზოგმა კი 87 მილიონიც კი გამოიმუშავა. მისივე თქმით, საიტი, რომელზედაც პროექტის შესახებ განცხადება გაკეთდა, 13 თებერვალსაა შექმნილი, ტოკენი კი მილეის განცხადებამდე რამდენი წუთით ადრე შეიქმნა.

პრეზიდენტმა მილეიმ თავის ტვიტი მალევე წაშალა და სხვა ტვიტში განაცხადა, რომ ინიციატივასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

პროექტის დეტალები არ ვიცოდი და მას შემდეგ, რაც გავიგე, გადავწყვიტე, არ გამეგრძელებინა მისი პოპულარიზაცია, - დაწერა მან.

შაბათს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ამ საკითხზე გამოძიებაა დაწყებული.

„პრეზიდენტმა ხავიერ მაილიმ გადაწყვიტა დაუყოვნებლივ ჩართოს ანტიკორუფციული დირექტორატი, რათა დადგინდეს, ადგილი ჰქონდა თუ არა რაიმე გადაცდომას ეროვნული მთავრობის რომელიმე წევრის, მათ შორის, თავად პრეზიდენტის მხრიდან“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ოპოზიციის მტკიცებით, პროექტთან დაკავშირებული პირები რამდენჯერმე ჰქონდათ შეხვედრა პრეზიდენტთან, კომისია თვალის ასახვევადაა შექმნილი და საჭიროა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება.