ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ თანამედროვე გლობალური გამოწვევების გადაჭრა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია.
მისი თქმით, ვერც ერთი ქვეყანა, რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს ის, დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება პანდემიებს, კლიმატის ცვლილებას, მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოებას, ფინანსურ სტაბილურობასა და ხელოვნური ინტელექტის რეგულირებას.
კოშტას განცხადებით, თანამშრომლობა ასევე აუცილებელია ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად.
„მულტილატერალიზმი წარსულის იდეა არ არის. ის დღევანდელი პრობლემების გადაჭრის ერთადერთი რეალისტური გზაა. სწორედ ამიტომ არის ჩვენი გზავნილი მკაფიო: ჩვენ გვჭირდება მულტილატერალიზმი – ძლიერი, ეფექტიანი, წარმომადგენლობითი და ისეთი, რომელსაც ადამიანებისთვის კონკრეტული შედეგების მოტანა შეუძლია. მულტილატერალიზმი, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, აძლიერებს დემოკრატიას და ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას. მულტილატერალიზმი, რომელიც მზად არის, უპასუხოს დღევანდელ უმნიშვნელოვანეს გამოწვევებს – მშვიდობას, კლიმატის საგანგებო მდგომარეობას, ეკონომიკურ დაუცველობასა და ხელოვნურ ინტელექტს. რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტსა და მის მართვას, ჩვენ გვჭირდება ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და რეგულირებული სისტემა. გვჭირდება ხელოვნური ინტელექტი, რომელიც კაცობრიობას ემსახურება და არა ის, რომელიც მას აკონტროლებს. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ პროცესის მართვის სადავეებთან და თავად განვსაზღვრავდეთ ინოვაციებისა და განვითარების უსაფრთხო და დაცულ ტემპს. ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის რეგულირება რამდენიმე მსხვილი გლობალური კომპანიის ხელში ვერ იქნება“, – განაცხადა კოშტამ.
ამასთან, კოშტას თქმით, საერთაშორისო სამართალთან მიმართებით „ორმაგი სტანდარტები“ არ უნდა არსებობდეს და მისი დაცვა ყველა ქვეყანაში თანაბრად უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
„საერთაშორისო სამართლის დაცვა და მისი შესრულება არჩევითი არ არის. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. ეს ნიშნავს იმ ინსტიტუტების დაცვასაც, რომლებიც ამ პრინციპებს რეალურ მნიშვნელობას ანიჭებენ, მათ შორის, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ სასამართლოებს და დავიცავთ მათ დამოუკიდებლობას, მთლიანობასა და საკუთარი მანდატის სრულად შესრულების შესაძლებლობას. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მისი თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების მიმართ მუქარა და თავდასხმები მიუღებელია. ანგარიშვალდებულება პოლიტიკურ მოსაზრებებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. საერთაშორისო სამართალი ყველგან მოქმედებს. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ყველგან მოქმედებს და ადამიანის უფლებები ყველგან უნდა იყოს დაცული – უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, აზიასა თუ ლათინურ ამერიკაში“, – განაცხადა კოშტამ.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომზე საუბრისას კოშტამ განაცხადა, რომ ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა აირჩია და რომლის შედეგებიც მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება.
„ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა აირჩია და რომლის შედეგებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იგრძნობა. ეს არის სუვერენულ სახელმწიფოზე განხორციელებული დამანგრეველი აგრესია, რომელსაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყანა ახორციელებს. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა საფრთხეს უქმნის უკრაინის ფარგლებს გარეთ მცხოვრები სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოებასაც. მიუღებელია ისიც, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში რუსეთმა არაერთხელ შეუქმნა საფრთხე ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს უსაფრთხოებას. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ეს სახიფათო ესკალაცია, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ამ ომის დასასრულებლად და მოლაპარაკებებისთვის ისეთი პირობების შესაქმნელად, რომლებიც ყოვლისმომცველ, სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას უზრუნველყოფს. ეს ომი უნდა დასრულდეს“, – განაცხადა კოშტამ.




