ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ტელესერიალების "გმირების" (Heroes) და "ნეშვილის" (Nashville) ვარსკვლავი ჰეიდენ პანეტიერი გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა მამამ, სკიპ პანეტიერმა ოფიციალურ განცხადებაში დაადასტურა.
მსახიობის გარდაცვალების ფაქტი ოჯახმა და მენეჯმენტმა დაადასტურა, თუმცა დაღუპვის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის ოფიციალურად დასახელებული არ არის. სამართალდამცავი უწყებები და ადგილობრივი პოლიცია მომხდარის გარემოებებს იკვლევენ.
ჰეიდენ პანეტიერი კინოინდუსტრიაში ადრეული ბავშვობიდანვე გამოჩნდა და ფართო საზოგადოების ყურადღება მალევე მიიპყრო.
მსოფლიო აღიარება და პოპულარობა მას 2006 წელს მოუტანა სერიალში "გმირები" შესრულებულმა კლერ ბენეტის როლმა — სკოლის მოსწავლე-ჩირლიდერის, რომელსაც უნიკალური რეგენერაციის უნარი ჰქონდა.
მსახიობმა წარმატებით ითამაშა ქანთრი-მომღერალი ჯულიეტ ბარნსი მუსიკალურ დრამაში "ნეშვილი", რისთვისაც ორჯერ იყო წარდგენილი "ოქროს გლობუსის" ჯილდოზე.
პანეტიერი მონაწილეობდა ისეთ ფილმებსა და ფრენჩაიზებში, როგორიცაა "მახსოვს ტიტანები" (Remember the Titans), "კივილი 4" (Scream 4). გარდა ამისა, მან აქტიური მონაწილეობა მიიღო პოპულარული ვიდეო თამაშების — Kingdom Hearts-ისა და Until Dawn-ის გახმოვანებაში.
ბოლო წლების განმავლობაში მსახიობი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, მშობიარობის შემდგომ დეპრესიასა და დამოკიდებულებებთან დაკავშირებულ სირთულეებზე, რომელთა გადალახვასაც ის ცდილობდა. მიმდინარე წლის მაისში მან გამოსცა მემუარები (This Is Me: A Reckoning), სადაც თავისი ცხოვრებისა და ჰოლივუდში ადრეული ასაკიდან ყოფნის დეტალებზე ისაუბრა.
ჰეიდენ პანეტიერს ჰყავს ერთი ქალიშვილი ცნობილ მოკრივე ვლადიმერ კლიჩკოსთან. მსახიობის უეცარი გარდაცვალება შოკის მომგვრელი აღმოჩნდა მისი კოლეგებისთვის, ფანებისა და მთელი ჰოლივუდისთვის.




