ვინ იქნება უკრაინის პრეზიდენტი, ამას უკრაინელი ხალხი გადაწყვეტს, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
ლუკაშენკოს კითხვა დაუსვეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ უკრაინაში ახალი პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელ განცხადებებზე.
„გინდათ, როგორც პოლიტიკოსმა გიპასუხოთ თუ არსებითად? თუ არსებითად, ჩემი კრედოა, რომ ეს ტრამპის გადასაწყვეტი არ არის. ვინ იქნება უკრაინის პრეზიდენტი, ამას უკრაინელი ხალხი გადაწყვეტს“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
ამასთან, როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, ვოლოდიმირ ზელენსკი ერთ დროს დაჰპირდა საზოგადოებას, რომ ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე მხოლოდ ერთი ვადით დარჩებოდა.
„დანაპირები უნდა შეასრულო. არჩევნებზე უნდა წახვიდე. ტრამპი ამაში მართალია, თუ რამეს დაჰპირდი, დანაპირები უნდა შეასრულო, თუმცა კარნახი საჭირო არ არის. ტრამპმა უკრაინას არ უნდა უკარნახოს, როგორ მოიქცეს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.




