შვედეთის პრესის ინფორმაციით, ხუთი გუბერნიის 12,5 რაიონში (სამი რაიონის სანადირო ზონა შვედეთის და ნორვეგიის მიერ ერთობლივად იმართება და კვოტები თანაბრად იყოფა) 75 მგლის მოკვლაზეა ლიცენზია გაცემული.

ნადირობის მიზანია მგლების რაოდენობის რეგულირება და შინაური ცხოველებისა და ირმებისთვის ზიანის მიყენების შემთხვევების შემცირებაა.

2010 წელს ლიცენზირებული ნადირობის აღდგენიდან დღემდე ასეთი მასშტაბური ნადირობა შვედეთში არ ყოფილა და მონადირეები ამ ფაქტს მიესალმებიან.

„მგლების რაოდენობის ზრდის შესანელებლად ნადირობა აბსოლუტურად აუცილებელია", - ამბობს გუნარ გლიორსენი, შვედეთის მონადირეთა ასოციაციის მტაცებლების მენეჯერი, რომელიც თავად ვარმლანდის ერთ-ერთ სამონადირეო მეურნეობაშია მონადირე.

2010 წლიდან ლიცენზირებული ნადირობისას სულ 203 მგელია მოკლული, წელს 15 თებერვლამდე კი 75 მგლის მოკვლაა შესაძლებელი.

2019 წელს გარემოს დაცვის სააგენტომ დაადგინა, რომ ტომის გენეტიკური სიჯანმრთელისა და სიცოცხლისუნარიანობისთვის საჭიროა სულ მცირე 300 მგელი და ხუთ წელიწადში ერთხელ მაინც ფინეთიდან მიგრანტი მგლის შესვლა.


გასულ წელს რიკსდაგის უმრავლესობამ გადაწყვიტა მგლების პოპულაციის შემცირება 2013 წელს რიკსდაგის მიერ დადგენილ დონემდე (170-270). უკანასკნელი კვლევა/აღწერის თანახმად, ამჟამად შვედეთში 460 მგელია.


ბუნებისდამცველები შვედეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებებით აღშფოთებულები არიან, რამდენიმე ორგანიზაციამ გაასაჩივრა გადაწყვეტილება ნადირობის შესახებ, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.

შვედეთი ევროკავშირის კანონებს უყურებს როგორც წინადადებებს, რომელთა იგნორირებაც, თუ არ მოგწონთ, შესაძლებელია, - ამბობს კონსერვაციული ბიოლოგიის სპეციალისტი გიიომ შაპრონი.

გუნარ გლიოსენი არ ეთანხმება მათ, ვინც ამბობს, რომ მგელს საფრთხე დაემუქრება. „მე ეს ოთხმოციანი წლებიდან მესმის", - ამბობს იგი.