2026 წლის 1 იანვრიდან რუსეთში საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 22%-ს მიაღწია. შესაბამის კანონს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2025 წლის ნოემბრის ბოლოს მოაწერა ხელი და ეს ცვლილებები 2026–2028 წლების ფედერალური ბიუჯეტის ნაწილი გახდა.

დღგ-ს ზრდა მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბიუჯეტი შემოსავლებს დამატებით მოუტანს 4.42 ტრილიონი რუბლს და ეს შემოსავლები, როგორც ადრე ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იქნება გამოყენებული.

ცენტრალური ბანკის თქმით, დღგ-ს ზრდა მოკლევადიან პერსპექტივაში ინფლაციურია (2026 წლის დასაწყისში ფასები დაახლოებით 0.6–0.8 პროცენტული პუნქტით გაიზრდება), ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში დეზინფლაციური. 

ამავდროულად, დღგ-ს შეღავათიანი განაკვეთები ძალაში დარჩება და არ შეიცვლება. კერძოდ, 0%-იანი განაკვეთი, რომელიც ვრცელდება ექსპორტსა და საერთაშორისო გადაზიდვებზე, და 10%-იანი განაკვეთი, რომელიც ვრცელდება საკვები პროდუქტების, ბავშვთა პროდუქტების, პერიოდული გამოცემებისა და წიგნების, ასევე სამედიცინო დანიშნულების საქონლის გაყიდვაზე.  

გამარტივებული დაბეგვრის სისტემის გამოყენებით მომუშავე ბიზნესებს კვლავ ექნებათ წვდომა 5%-იან და 7%-იან შემცირებულ დღგ-ს განაკვეთებზე, მაგრამ დღგ-ს გადამხდელთა სია გაფართოვდება და თუ 2025 წლიდან ამ გადასახადს იხდიდნენ 60 მილიონ რუბლზე მეტი შემოსავლის მქონე ბიზნესები,  წელიწადში ეს ლიმიტი 20 მილიონ რუბლამდე შემცირდება 2026 წლიდან.

დღგ-ს განაკვეთი 2019 წელს 18%-დან 20%-მდე გაიზარდა და 2026 წლამდე უცვლელად რჩებოდა ამ დონეზე.