ჩვენი დავპირდით საზოგადოებას და რა თქმა უნდა, შემდეგ წელსაც კიდევ უფრო გაძლიერდება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, - განაცხადა „ქრონიკასთან“ წლის შემაჯამებელ ინტერვიუში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ.

მინისტრის განმარტებით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ნაწილში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ნარკოდანაშაულთან ბრძოლა.

„ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ნაწილში ერთ-ერთ მიმართულებას და მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ნარკოდანაშაულთან ბრძოლა. ამ მიმართულებით ბოლო თვეების განმავლობაში საკმაოდ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა. ესეც ჩვენ დავპირდით საზოგადოებას და რა თქმა უნდა, შემდეგ წელსაც კიდევ უფრო გაძლიერდება ამ მიმართულებით [ბრძოლა]. ჩვენ გავაძლიერეთ როგორც სტრუქტურულად ისე ინსტიტუციურად აღნიშნული მიმართულება“, - განაცხადა გეკა გელაძემ.

შს მინისტრი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ასევე ასახელებს მიგრაციულ პრობლემებს.

„ასევე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა არის მიგრაციული პრობლემები. დღეის მდგომარეობით ჩვენ როგორც საკანონმდებლო, ისე სტრუქტურულად შევძელით და გავაძლიერეთ და გვაქვს ძალიან კარგი შედეგი“, - აღნიშნა მინისტრმა.

შს სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წლის ბოლო 7 თვის განმავლობაში, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი პირი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული.

2025 წლის განმავლობაში მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნიდან, კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი, 1 274 უცხოელი გააძევა, რაც ბოლო 7 წლის საერთო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.

ბოლო 7 თვის განმავლობაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 10 ე.წ. „კანონიერი ქურდი“, ხოლო ქურდული სამყაროსადმი მიმართვის, წევრობისა და მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულია 161 პირი.