„რამდენიმე წლის წინ, როდესაც 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილს ბრალი წაუყენეს, დავიჯერო ეს კადრები ნანახი არ ქონდათ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი „აიპრესთან“ პ ე.წ. 26 მაისის საქმეზე პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ კადრებზე აცხადებს, სადაც ჩანს, რომ ახალაია თანამშრომლებს მომიტინგეების დაკავების სანაცვლოდ პრემიას სთავაზობს.
მაჭავარიანი ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს კადრები წინასაარჩევნოდ გამოიყენა.
„ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 21 მაისიდან, როგორ შესთავაზეს მომიტინგეებს, რომ 26 მაისის ღონისძიება ჩატარებულიყო. ფაქტია რაც მოხდა ამის შემდეგ, მაგრამ თვითონ ფაქტი, თუ არ ვცდები 2 წლის წინ, ისიც თუ არ ვცდები, წინასაარჩევნო კამპანიის დროს წაუყენეს ბრალი ვანო მერაბიშვილს და ახლა ვითომ ახალი ჩანაწერები აღმოაჩინეს, თან გამოაცხადეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ჩანაწერია, ეს არ ყოფილა ვიდეო, რომელიც ვიღაცამ მოიპოვა, საიდანღაც მოიტანა, ოფიციალურად გადაღებული ვიდეოა. მაქვს განცდა, რომ პროკურატურა პოლიტიკური დღის წესრიგს არის აყოლილი და არარეალურად დამნაშავეების დასჯას ცდილობს, თუნდაც იმ დამნაშავეების … ამ ბოლო წლების განმავლობაში უამრავი საქმეებია გაუხსნელი, იგივე მოსმენების, კორცხელის საქმე, დეპუტატებზე თავდასხმა, ფარული მიყურადების საქმე და ა.შ.“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
როგორც მაჭავარიანი ამბობს, 26 მაისს პოლიციამ კანონის შესაბამისად იმოქმედა, ხოლო თუ ვინმემ უფლებამოსილებას გადაამეტა, უნდა დაისაჯოს.
„ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღე უნდა ჩატარდეს ღირსეულად და ნორმალურად, ეს ფაქტია და ის, რომ ამას ვინმე ხელს შეუშლის პოლიციამ უნდა მიიღოს ყველა ზომა, რომ ეს არ მოხდეს. თუ პოლიციამ უფლებამოსილებას გადაამეტა, რა თქმა უნდა კანონმა უნდა იმოქმედოს“, – აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.
კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ დათა ახალაია უნდა დაისაჯოს, მაჭავარიანი პასუხობს: „ამას მე ვერ გეტყვით, ამას ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. ბრალი წარდგენილი აქვს 333-ე მუხლით, უფლებამოსილების გადამეტებაზე, ამაზე მძიმე ბრალი წაყენებული არ არის. დათა ახალაია მოუწოდებს დააკავონ, რაზეა საუბარი? – მომიტინგეების დაკავებაზე. თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი, ეს უკვე მთლიანად პროკურატურასა და სასამართლოზეა დამოკიდებული, როგორ იქნება ეს მოწოდება კვალიფიცირებული.
ახლა პოლიცია რომ გამოდის დასაკავებლად, როგორ ფიქრობთ რას ამბობს, დააკავეთო აბა რას ამბობს და ჩანს როგორ აკავებენ“.
მაჭავარიანის თქმით, „ქართული ოცნებას“ სხვა პრობლემები აქვს და ცდილობს, ეს საკითხი რაც შეიძლება წინა პლანზე წამოწიოს.
„მოინდომეს, რომ საზოგადოებაში ახლა ამაზე იყოს აქცენტი. მესმის, რომ ეს ივანიშვილის დავალებაა და პროკურატურა ზუსტად ასრულებს“, – აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.
The post მაჭავარიანი: მერაბიშვილს ბრალი რომ წაუყენეს, დავიჯერო ახალაიას კადრები ნანახი არ ჰქონდათ? appeared first on iMtavroba.