საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ახალ ცვლილებებს აანონსებს, რომელითაც ე.წ. ნეტო აღრიცხვით შესაძლებელია მომხმარებლებმა ფული გამოიმუშავონ. ისინი საკუთარ განახლებად ენერგიაზე მომუშავე გენერატორების დაყენების შემთხვევაში, წარმოებული ელექტროენერგიის გაყიდვას შეძლებენ.
აღნიშნულ თემაზე საუბრობს სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა.
“ეს ნამდვილად ახალი და საინტერესო ინიციატივაა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკიდან აღებული. აღნიშნული რეგულაცია, როგორც წესი განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის ფორმატში განიხილება. ასეთი რეგულაცია აქამდე არსებობდა, მაგრამ ჩვენ ვცადეთ, რომ უფრო მეტად დაგვეხვეწა, მისი ლეგიტიმურობა გაგვეზარდა. საკანონმდებლო დონეზე გავაკეთეთ ინიციატივა. კანონში შესაბამისი ცვლილებები შევიდა და ეს რეგულაცია უკვე სამი მაისიდან მიღებულია.
როდესაც გენერაცია ვერ ფარავს თავის მოხმარებას, მომხმარებელი ელექტროენერგიას ქსელიდან იღებს. შესაბამისად, თვის ბოლოს ანგარიშსწორება ხდება სალდირებულ ელექტროენერგიაზე, ანუ სხვაობაზე. თუ თქვენ ქსელში 100 ერთეული მიაწოდეთ, მაგრამ იმავდროულად ქსელიდან 120 ერთეული მიიღეთ, მხოლოდ ოც ერთეულზე მოხდება ელექტროენერგიის ღირებულების გადახდა. თუ მოხდა პირიქით, მაგალითად იმაზე მეტი მიაწოდეთ ქსელს, რაც მიიღეთ იმავე საანგარიშო პერიოდში ქსელიდან, ამას ვეძახით ჩვენ ჭარბ ენერგიას, იგი მომდევნო თვეში გადადის კრედიტის სახით. ფულადი ანგარიშსწორება ამ ჭარბ ენერგიაზე მხოლოდ წლის ბოლოს არის გათვალისწინებული, წელიწადში ერთხელ მოხდება ფინანსური სალდირება. სალდირება, რა თქმა უნდა, ყოველთვიურად ხდება, მაგრამ აქ საუბარია ფულად ანგარიშსწორებაზე. ელექტროენერგიის ფასი სამომხმარებლო ტარიფში გათვალისწინებული გენერაციის ტარიფის ტოლფასია”, – განაცხადა ირინა მილორავამ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. “ნეტო აღრიცხვა” ეს არის – საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყარო, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას და რომლის სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია, მომხმარებლის მიერ გამოიყენება საკუთარი მოხმარების დასაკმაყოფილებლად, ხოლო ჭარბი ელექტროენერგია მიეწოდება გამანაწილებელ ქსელს.