„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ახლა როდესაც უკრაინაში ომია და რუსეთი ცივილიზებულ სამყაროსთან ბრძოლას აგებს, საქართველოში პარლამენტის ვადამდელ არჩევნებზე საუბარი მისთვის საინტერესო არაა. მიიჩნევს, რომ ამ საკითხზეც, ისევე როგორც უკრაინაში ქართული დელეგაციის წასვლის საკითხზე გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები გაჯიუტდნენ, რაც მისი აზრით ანტიდასავლურია.
კითხვაზე, არის თუ არა ანტიდასავლური გიგა ბოკერია, პირდაპირ არ პასუხობს, თუმცა ამბობს, რომ მას ვიტარების ადეკვატურად აღქმის პრობლემა აქვს. დავით ბერძენიშვილი იმასაც ამბობს, რომ იარლიყებს არ არიგებს და არ ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსულია, თუმცა ამბობს, რომ ჩრდილო-დასავლურია და ხან ერთ მხარეს გადაიხრება, ხან მეორე მხარეს. ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე დავით ბერძენიშვილი „აიპრესთან“ ინტერვიუში საუბრობს: _ ოპოზიციის ერთი ნაწილი ისევ ალაპარაკდა ვადამდელ არჩევნებზე, „ნაცმოძრაობაში“ ასეთ განცხადება ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა, „ოცნებაში“ კი სააკაშვილ-ხაბეიშვილის ოცნებები უწოდეს. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? _ ლევან ხაბეიშვილის განცხადება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ „ნაცმოძრაობის“ პოზიციაზე ვილაპარაკო. „ნაცმოძრაობის“ პოზიცია პარლამენტში მუშაობაა და მუშაობენ პარლამენტში. შიდა პარტიული განხილვისას რომელი რას ლაპარაკობს, ამაზე ჩემი მხრიდან საუბარი და ჩხირკედელაობა არ იქნება კორექტული. _ სააკაშვილმაც გააკეთა მინიშნებები, მათ შორის ოპოზიციის პარლამენტში მუშაობასთან დაკავშირებით. _ ჩემთვის ეს თემა არ არის აქტუალური თემა და საერთოდ ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის. უკრაინაში ომია, დასავლეთი რუსეთს კისერს უგრეხს და ეს პროცესი ალბათ გაგრძელდება თვეები და შესაძლოა რამდენიმე წელიც. ამიტომ, ეს საკითხი ელემენტარულად ადეკვატურობასაც მოითხოვს. ჩემი მიდგომები ასეთია: პუნქტი პირველი: უკრაინის თემა არ შეიძლება იყოს შიდა ქართული პოლიტიკის, გნებავთ შიდა ოპოზიციური გარჩევების საგანი. უკრაინის თემის შემოტანა, რომ ვინ უფრო მაგრები ვართ უკრაინელებთან მიმართებაში, ეს არც სწორია, არც კვალიფიციური და არც მომგებიანი. პუნქტი მეორე: ამჟამად არის პარლამენტი, რომელიც გაყალბების შედეგად მიღებულია. ანუ, თანაფარდობა იქ სხვანაირი უნდა იყოს, მაგრამ ამ თანაფარდობაში ოპოზიციასაც მიუძღვის წვლილი - იმაში, რომ მეორე ტურებში არ გავიდნენ და 7-8 მოსაგები ოლქი გააჩუქეს და მიართვეს „ქართულ ოცნებას“. ასე, რომ არის არსებული პარლამენტი, რომელიც ნაკლულია, მძიმე და არაკვალიფიციური უმრავლესობით, მაგრამ ეს არის მოცემულობა და დღეს აქტუალური არ არის რაიმე სხვა თემების ამოწევა. _ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებითაც უნდა გკითხოთ - მიგაჩნიათ თუ არა, რომ მმართველი პარტია პრორუსული ძალაა? _ მე ასე არ ვარიგებ იარლიყებს - დღევანდელი ბიძინა ივანიშვილი, ისევე როგორც გუშინდელი, გუშინწინდელი თუ 8-9 წლის წინანდელი ივანიშვილი არის პრობიძინური, ანუ ეს  არის პოსტსაბჭოთა მმართველი, რომლის პოლიტიკური ორიენტაცია გადღაბნილია, ერთგვარად ჩრდილო დასავლურია. როცა მის ხელისუფლებას ამყარებს დასავლური ხაზი, მაშინ ის დასავლურია, როცა დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ უნდა გადაიხაროს, მაშინ გადაიხრება, ანუ დასავლეთს მოშორდება. სხვა მიმართულება არ არის, ქართულ პოლიტიკას ორი გეოგრაფიული მიმართულება აქვს - დასავლეთი ან ჩრდილოეთი. ჩრდილოეთისკენ ვერ მიდის, იმიტომ, რომ საქართველოში ამერიკა და ევროპა გაცილებით ძლიერია, ვიდრე რუსეთი. განაცხადი რომ შეგვაქვს ევროკავშირში კანდიდატობა გვინდაო, ეს არ მეტყველებს პრორუსობაზე. ასეთი მარტივი დამოკიდებულებები სწორი არ არის. თუ პრორუსს არ დავარქმევ, ამითი კარგი კი არ ხდება. შევარდნაძის კომპასიც ხან ჩრდილოეთისკენ გადაიხრებოდა და ხან დასავლეთისკენ, უბრალოდ მას პოლიტიკური კლასი მეტი ჰქონდა. _ ეს კითხვა იმიტომ გკითხეთ, რომ უკრაინაში წასვლის საკითხზე, გიგა ბოკერიამ ლოგიკა დაგიწუნათ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც წახვედით, ან ამ საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებდით „ქართულ ოცნებასთან“. თუ თვლიან, რომ პრორუსულია „ოცნებაო“, მაშინ რაზე ელაპარაკებიან საკითხზეო. _ მე გეუბნებით, რომ გიგა ბოკერიას გაუჭირდება ჩემთან ამ თვალსაზრისით კამათი. იმიტომ, რომ წინა კითხვაში გიპასუხეთ - პრობიძინურია ბიძინა, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის თამაშობს. ეს კარგი კი არაა, ცუდია და პოსტსაბჭოთაა. ბოკერიაზე მეტს არაფერს ვიტყვი. მას პრობლემები შეექმნა ვითარების ადეკვატურად აღქმაში. _ ამ საკითხზე ამხელა პოლემიკა ატყდა, რა მოიგო ამით ოპოზიციამ და ზოგადად ქვეყანამ? კი ბატონო, ძალიან კარგი განცხადებები გაკეთდა „ოცნების“ მხრიდან უკრაინაში, მაგრამ ჩამოვიდა პაპუაშვილი საქართველოში და ისევ არამკაფიო და ორაზროვანი განცხადებები გააკეთა. _ საგარეო მოხმარების არის ტექსტი, რაც თქვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილი უკეთესი გახდა და კეთილშობილია თუ არა ის, ეს არ არის პოლიტიკის ენა. ეს არის ძალიან მდარე მიდგომები. ამხელა პოლემიკა უფრო მნიშვნელოვანია თუ იმხელა ომი უკრაინაში და საქართველო-უკრაინის ურთიერთობები. ამხელა პოლემიკა ჭიაყელაა. არავითარი ამხელა არ არის. ქართველი ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველთა“ უმრავლესობამ მხარი დაუჭირა პარლამენტში მუშაობას. ხომ ამბობდნენ „ნაცები“ ჩავატარეთ გამოკითხვა და ამომრჩეველთა უმრავლესობამ გვითხრა, შედით პარლამენტშიო?! დანარჩენი ოპოზიციის რაოდენობა ჯამში იმდენივეა, რამდენიც „ნაცების“, პლუს ბოკერიას ამომრჩეველი. ნახევარი მილიონი იქით არის, ნახევარი მილიონი აქეთ და ეს აჩვენა თვითმმართველობის არჩევნების შედეგებმა. ენმ-ის გარდა ყველა ქართული პარტია 1%-ის მიდამოებშია, „ლელოს“ მთელი 2% აქვს. ამიტომ, ქართველი ხალხის სახელით ვინმემ რომ ილაპარაკოს, სასაცილოა. 1%-იანი პატარა პარტიები. ამიტომ, პოლემიკა გაბერილია. _ თუმცა, ფაქტია ძალიან ცუდად გამოვიყურებოდით ამ პოლემიკის შემხედვარე, თუნდაც იგივე დასავლეთის თვალითაც რომ შევხედოთ. _ დასავლეთი გეუბნებოდა წადიო. შარლ მიშელი ორჯერ ჩამოვიდა საქართველოში და გეუბნებოდა პარლამენტში შედიო და ვინც ამბობდა, რომ შარლ მიშელი საქართველოს მტერი კი არ არის, მაგრამ დეგენერატიაო, ის არაკვალიფიციურია. საერთოდ ქართული პოლიტიკის ყველაზე მყვირალა და აკვიატებულ ნაწილში ანტიდასავლურობა არის კვალიფიკაციის დიდი დეფიციტის დამადასტურებელი. ისინი ვინც იწუნებდნენ პარლამენტში შესვლას და დღემდე მდარე ბოიკოტისტები არიან, ვინც უწუნებდნენ უკრაინაში წასვლას, მდარე გემოვნების მატარებელი ხალხია. იმიტომ, რომ ეს არის ანტიდასავლურობა. _ ბოკერია ანტიდასავლურია? ასე გამოდის თქვენი ლოგიკიდან? _ შარლ მიშელის წინააღმდეგი რომ ხარ და უკრაინის რადის სპიკერი, რომ მუშაობს დელეგაცია ჩავიდეს იქ საქართველოდან... რადის თავმჯდომარე მიქარავს თურმე, მიშელი მიქარავს, ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები მიქარავენ. ყველა მტყუანია, მთელი დასავლეთი მტყუანია მაგ კატეგორიის ხალხთან. _ პირდაპირ მაინც არ მიპასუხეთ - ბოკერია პროდასავლურია თუ ანტიდასავლური დღეს? _ ბოკერიას ახლა... მისი ეს ტექსტები ჩემთვის არ არის კვალიფიციური ტექსტები. იარლიყებს კი არ ვაწებებ, თან რას წარმოადგენს ახლა, რომ ეს საკითხი ცალკე განვიხილო და პერსონალურად შევაფასო ის?! მდარე, არაკვალიფიციური აკვიატებებია თან გაანჩხლებული, რომელიც მიმართულია აშშ-ის, ევროკავშირის და უკრაინის წინააღმდეგ და ხდება მისი გასაღება პროდასავლურ პოლიტიკად. როდესაც ეწინააღმდეგები ევროკავშირს, ამერიკის ადმინისტრაციას, უკრაინის ხელისუფლებას და თავი გინდა წარმოაჩინო ყველაზე პროდასავლურ და პროუკრაინელად, აქ ლოგიკასთან გაქვს პრობლემა. _ როცა ყველას ეწინააღმდეგები დასავლეთში გასაგებია, რომ მართლაც პრობლემაა ლოგიკასთან, მაგრამ ხომ შეიძლება თვლიდე, რომ დასავლეთშიც ცდება ვიღაცა? _ ცდება აბა რა. ამერიკის ადმინისტრაცია ცდება, ამერიკის საელჩო ცდება, ევროკავშირის ხელმძღვანელობა ცდება, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ცდება, მათი წარმომადგენლობა ცდება, უკრაინის რადის სპიკერი ცდება, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ცდება, რომელიც პარლამენტში მუშაობას უჭერდა მხარს და უკრაინაში წასული დელეგაციისგან პოზიტივებს ხედავს. ყველა ცდება და მარტო აკვიატებაა შეუმცდარი. სასაცილოა. ლოგიკით ვილაპარაკოთ, თუ კიდევ გაქვს ხინჯი ჩარჩენილი, კიდევ მკითხე. _ არა, აქ დაშვება გავაკეთე, ხომ შეიძლება თვლიდე, რომ ვიღაცა ცდებოდეს თუნდაც ავტორიტეტულ ორგანოებშიც და ხომ არ შეიძლება უპირობოდ დაეთანხმო? _ ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ლოგიკას აქვს თავისი ალბათობები. შესაძლებლობებს აქვს ალბათობები, მაგრამ მთელი დასავლეთი და ქართველი ხალხი ცდება და მხოლოდ ასეთი აკვიატებებია მართალი, ამის ალბათობა უსასრულოდ მცირეა. ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი