"800 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს სახელმწიფო მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით, კიდევ ცალკე პროგრამები გვაქვს ძალიან ბევრი მიმართულებით. ქრონიკული დაავადების, დიალიზის, ტუპერკულიოზის... ჯამში მილიარდ 300 მილიონზე მეტი იხარჯება ყველაფერზე ერთად და ის ეფექტი და კმაყოფილება, რაც უნდა იყოს მოსახლეობაში, სამწუხაროდ, არ არის." - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი "აიპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
მინისტრის თქმით, გადასახედია არა მხოლოდ რეფორმის სერვისები და მ ხარისხი, არამედ დამოკიდებულება ამ რეფორმის მიმართ. თუმცა, გადახედვას, მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა არ დაექვემდებარება. ძალიან ბევრი მიმართულებით განხორციელდება ძირეული ცვლილებები და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. რა ცვლილებებს გეგმავს ჯანდაცვის მინისტრი, ვის შეეხება რეგულაციები, როგორ მოგვარდება მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლება, მოუწევთ თუ არა ადამიანებს თვეობით რიგში დგომა დაფინანსებაზე პასუხის მისაღებად და რა იყო ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ის სამინისტროში წააწყდა - ამ კითხვებზე პასუხებს ჩვენი ინტერვიუდან გაიგებთ. ბატონო მინისტრო, თქვენ მინდა უთხრათ ჩვენ საზოგადოებას,  დასრულდა პანდემია? გვაქვს ჩვენ ცოტა თავისუფლად ცხოვრების უფლება და მოიხსნება თუ არა დანარჩენი რეგულაციები უახლოეს პერიოდში, თუ მსჯელობთ ამაზე? ჯერჯერობით, ამდენი ლეგიტიმაცია არ მაქვს, რომ პანდემიის დასრულება გამოვაცხადო ან დაწყება გამომეცხადებინა. ყველა ინდიკატორით გაუმჯობესებულია სიტუაცია. ყოველ შემთხვევაში, მე-6 შტამი საკმაოდ მსუბუქია. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაიწყო ისეთი ქვეყნებში, სადაც აცრების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი იყო. თუმცა აცრა ერთის მხრივ გადადებისგან იცავს, მეორე მხრივ კი ჰოსპიტალიზაციისგან. ქვეშტამი B2 იმხდენად სწრაფად ვრცელდებოდა, რომ აცრილების შემთხვევაშიც, იმ ქვეყნებში, სადაც მაღალი იყო მაჩვენებელი, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პიკური მდგომარეობა იყო და ვერ ხვდებოდნენ, შემოეღოთ თუ არა რეგულაციები. აღმოჩნდა, რომ ყველამ ძალიან მსუბუქად გადაიტანა, რადგან აცრის მაღალი მაჩვენებელი იყო და არანაირი შეზღუდვის საჭიროება არ ყოფილა. შესაბამისად, ის იმუნური ფენა, რაც აცრებით ჰქონდათ, კიდევ უფრო გაიმყარეს იმით, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გადაიტანა. ჩვენს შემთხვევაში აცრები შედარებით ნაკლები გვქონდა. ინფიცირებების მოცვა უფრო მეტი  და ჯამში 80%-ზე მეტი იმუნური ფენა უკვე გვაქვს და საკმაოდ მყარად ვგრძნობთ თავს. თუმცა აცრები კიდევ გასაგრძელებელია და ეს მაჩვენებელი უნდა ავწიოთ. საყოველთაო ჯანდაცვა "ქართული ოცნების"  ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმად ითვლება. თუმცა, მას შემდეგ, საკმაოდ დიდი დრო გავიდა და გაჩნდა ხარვეზებიც. აპირებთ თუ არა ამ რეფორმის თავიდან რეფორმას? აღნიშნეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სერვისები დაემატება საყოველთაო ჯანდაცვას, რა გქონდათ მხედველობაში? პირველი,  რა ხარვეზიც დავინახე და არ მომეწონა, არის ზოგადად დამოკიდებულება ამ რეფორმის მიმართ.  800 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს სახელმწიფო მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით, კიდევ ცალკე პროგრამები გვაქვს ძალიან ბევრი მიმართულებით. ქრონიკული დაავადების, დიალიზის, ტუპერკულიოზის... ჯამში მილიარდ 300 მილიონზე მეტი იხარჯება ყველაფერზე ერთად და ის ეფექტი და კმაყოფილება, რაც უნდა იყოს მოსახლეობაში, სამწუხაროდ, არ არის. აქედან გამომდინარეც კარგად ჩანს, რომ  გადასახალისებელია რეფორმა და გარკვეული სერვისები დასამატებელია. ადამიანი როცა იმკურნალებს და კლინიკიდან უნდა გაწერონ, კლინიკაში  ეუბნებიან, ჟარგონულად რომ ვთქვათ - თქვენი გადახდილიაო...  და ამას აკეთებენ ისე, რომ ყოფილ პაციენტს არანაირი შეგრძნება არ აქვს იმის,  რამდენი გადაიხადა სახელმწიფომ. ეს შეგრძნება უნდა გავაჩინოთ. უნდა გავაკეთოთ ისე რომ პაციენტმა იგრძნოს რომ მათ გვერდით სახელმწიფო დგას. თუ საჭიროება დადგება, რომ მათ სახელმწიფო დააფინანსებს მკურნალობასა და დიაგნოსტიკას. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გადასახალისებელი იყო და ეს აქტიურადაც დავიწყეთ. ვნახეთ ის სერვისები თუ რა იფარებოდა და რა - არა. გარდა ამისა,  წლების განმავლობაში შემოსული პრობლემები მოვაგროვე და მოვატანინე ჩემამდე. საუბარი მაქვს იმ წერილებსა თუ მიმართვებზე,   რასაც აფიქსირებდნენ  ეს პაციენტები, ჩვენი მოქალაქეები.  ამ ყველაფერის  ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, რასაც  არ ვფარავდით საყოველთაო ჯანდაცვით, მაგრამ ვფარავდით რეფერალით. მაგალითად, არის შემთხვევები,  უცხოეთში რომ მიდის პაციენტი რეფერალის პროგრამით და აქ შეგვიძლია დავაფინანსოთ, რადგან იმ კონკრეტული მიმართულებით საუკეთესო შედეგები გვაქვს. სამინისტროს ჯამური ხარჯი მინიმალურად გაეზრდება, მაგრამ ძირითადი ნაწილი რეფერალის პროგრამიდან და იმ ფინანსური კოდიდან არ იქნება და სხვა ყუთში გადავა. ადამიანები თვეობით დგანან რიგში დაფინანსებაზე პასუხის მისაღებად, რაც გარდა იმისა, რომ ძალიან სტრესული მდგომარეობაა, სამინისტროს არაეფექტურად მუშაობაზე მეტყველებს... დიახ, გეთანხმებით და ეგეც პროლემაა, რომელიც ფაქტობრივად უკვე მოგვარებულია. პროცესი სწორად იქნება აწყობილი. ადამიანებს ეცოდინებათ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ფარავს ამ სერვისებს. შეუძლია პირდაპირ მიმართოს და განიხილავენ. ასევე გავახშირეთ საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებების განხილვა, რეფერალის განხილვა. იმიტომ რომ კმაყოფილებაზე ესეც მოქმედებს, იმიტომ რომ განაცხადის რომ შემოიტანს და ერთი თვის მერე, სამი თვის მერე უპასუხებენ, არ არის სწორი. ანუ გეგმიური თუ არის, არ გეჩქარება? – ასეთი მიდგომა არ არის სწორი. მოდი ამას 2 თვის მერე ვუპასუხებ, არ არის სამართლიანი დამოკიდებულება. რატომ? თუ შეგიძლია კვირაში ერთხელ გქონდეს ეს კომისია, განა რა კომისიაა? საზღვარგარეთიდან ხომ არ ჩამოდის ვინმე? აქვე იკრიბებიან და აქტიურ რეჟიმში უფრო სწრაფად გავდივართ, ეს დაგროვილი განაცხადები რაც არის, პრინციპში დავეწიეთ. ერთი რომ დავეწევით, მერე ჩამორჩენა აღარ გვექნება. იყო შემთხვევები, რომ გაიკეთე ოპერაცია და მერე მიდის იმაზე ჭიდაობა, რომ მოიტანა საბუთები აქ დადასტურებული არ იყო და , აუნაზღაურო თუ არა, იმას შეიძლება გადახდილი ჰქონდეს, მოაქვს გადახდის ქვითარი, „ქეშად“ ხომ არ მივცემ თანხას პაციენტს და მოკლედ, ბევრ პრობლემებს მოხსნის ეს. თუ სწორად გავიგე,  იმ პრობლემებს შორის, რაც თქვენ დაინახეთ, იყო  თანხების არასწორად განკარგვაც, რომელიც შეიძლებოდა უფრო ეფექტურად გამოყენებულიყო ისევ ადამიანთა საკეთილდღეოდ? მოდით, ნუ დავარქმევთ ამას არასწორად განკარგვას, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეიძლება კიდევ უფრო გააუმჯობესო, ეფექტურად განკარგო თანხა იქნება ეს თუ გადაწყვეტილების მიღება. უკეთესზე უკეთესი ყოველთვის შეიძლება იყოს. პანდემიამ ბევრი პრობლემა  ზედაპირზე გამოიტანა და ამას მივყვებით და ვასწორებთ. ეს შესაძლოა საყოველთაოსაც ეხებოდეს, კოვიდის მკურნალობასაც ეხებოდეს, ფარმაცევტულ ბაზარზე ბევრ რაღაცას, რაც წლების გამოცდილებამ და სტატისტიკამ დაგვიგროვა. ნუ დავარქმევთ ამას შეცდომებს. შეიძლება რაღაცების უკეთესად გაკეთება. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა მოზარდებსა და  ბავშვებში სიმსივნის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სუფსიდირება. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა თანხაზე იქნება საუბარი? მე ვთქვი, რომ ეს საკითხი განხილვის პროცესშია. მაგრამ,  ისეთ საქმეს ვაკეთებთ, რომ არ მგონია წინააღმდეგობრივი პრობლემა შეიქმნას. საკმაოდ დიდი ხარჯია სიმსივნის დიაგნოსტიკა. ჩვენ ვაფინანსებთ სიმსივნის მკურნალობას და არ ვაფინანსებთ დიაგნოსტიკას, რაც არ მიმაჩნია ეფექტურად. სამწუხაროდ, მოქალაქეები დიაგნოსტიკაზე მიდიან ძალიან გვიან. სანამ უკიდურეს მდგომარეობამდე არ მივა, კლინიკამდე არ მიდის. მერე ისეთი დაგვიანებულია, რომ ერთის მხრივ პაციენტის გადარჩენის ალბათობა მცირდება, მეორეს მხრივ სახელმწიფოს უხდება უფრო მეტი თანხის გადახდა. მაგალითად, თუ პირველ ეტაპზე დროულად მოხდებოდა დიაგნოსტიკა, იმ პრობლემას დავაფინანსებდით, რომელიც დიაგნოსტიკის დროს იქნა აღმოჩენილი და იქ შეიძლებოდა დამთავრებულიყო. პაციენტი წვალობს და რისკიც საკმაოდ მაღალია. აქედან გამომდინარე, საკმაოდ ეფექტური იქნება სიმსივნის პირველად დიაგნოსტიკაში  დროულად ჩაერთოს სახელმწიფო. რადგან განხილვის ეტაპზეა ეს საკითხი,  მიჭირს ვთქვა რომელ ჯგუფებს შეეხება. 3000 ლარის ფარგლებშია პირველადი დიაგნოსტიკა. აქედან სრულად ვის დავუფარავთ ან ნაწილობრივ,  ახლა გამიჭირდება ამის თქმა. ის რომ ჩართულები უნდა ვიყოთ და დავუფინანსოთ, ცალსახაა. საკმაოდ დიდი თანხაა და ამ თანხის გადახდამდე რომ მიდის ადამიანი, ძალიან აგვიანებს ექიმთან მისვლას. აქვე გკითხავთ დიალიზის პროგრამასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი გახლდათ დიალიზის ხელმისაწვდომობა, აღარაფერს ვამბობ, იმ ბიუროკრატიულ საფეხურებზე, რისი გავლაც ისედაც მძიმე სიტუაციაში მყოფ პაციენტებს უხდებოდათ. დიახ,  ფიზიკურად არ იყო აპარატები და ქალაქიდან ასობით კილომეტრს გადიოდნენ ადამიანები. სანამ დიალიზზე გადავალ. გეტყვით, რომ ყველაზე დიდი პრობლემა რასაც ამ სამინისტროში წავაწყდი, არის ის, რომ შემომთავაზონ წინა წლებში დაგროვილი პრობლემების პროაქტიული განხილვა. დრო რომ გავა, ყველაფერს ისედაც ვნახავ, სად რა პრობლემაა, მაგრამ კარგი იქნება,  უფრო ადრე მითხრან, ვიდრე მე ვნახავ. ახლა მოგიყვებით,  დიალიზის პრობლემის სასწრაფოდ მოგვარებას რა უძღოდა წინ. თებერვლის თვეში ვიყავით ენგურის ხიდზე, შემდეგ რუხის კლინიკა გამოვიარეთ და იქ რომ შევედით, დავრჩი გაოცებული. საერთოდ დაუტვირთავია იმხელა კლინიკა, კატასტროფაა ამ შესაძლებლობას რომ არ ვიყენებთ. რამდენიმე ოთახი იყო, სადაც კოვიდ პაციენტები იყვნენ და რამდენიმე ოთახი იყო, სადაც დიალიზს უსხამდნენ პაციენტებს.  შევედი და გავესაუბრე ამ ხალხს.  ადგილობრივი თვითმმართველობიდანაც იყვნენ, გუბერნატორი, მერი და პაციენტებმა დააფიქსირეს პრობლემა, რომ მესტიაში, რადგან დიალიზის აპარატი არ იყო, ადამიანები გადმოდიოდნენ საცხოვრებლად ზუგდიდში ან დადიოდნენ იქიდან. სულ ერთი თვის მოსული ვიყავი და დავიწყე  გარკვევა, რატომ იყო ეს ასეთი პრობლემა. სინამდვილეში აღმოჩნდა რა - სულ 1500-მდე დიალიზის საჭიროების მქონე ადამიანია საქართველოში, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებში დადიან გადასხმისთვის და ეს ქალაქები საკმაოდ შორსაა მათი საცხოვრებელი ადგილიდან. მოვითხოვე, გაეკეთებინათ რუკა და დაეფიქსირებინათ ყველა ამ ადამიანის საცხოვრებელი ადგილი. მერე დავავალე, რომ ამ ადამიანების ტელეფონები მოეძიათ, რადგან ჩვენ სრულად ვფარავთ დიალიზის პროგრამას და დავურეკეთ ყველას. აღმოჩნდა, რომ საქართველოში არის მინიმუმ 7 ლოკაცია, სადაც არიან ეს პაციენტები.  მნიშვნელობა არ აქვს, 10 პაციენტი არის იმ ქალაქში თუ 50, ერთიც რომ იყოს სერიოზული პრობლემაა, რადგან  3 საათზე მეტი მიდის გადასხმის პროცესი და კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ სჭირდებათ. საკმაოდ რთულია. ჯერ ის, რომ ასეთ მდგომარეობაშია  ადამიანი და მერე ის, რომ ამხელა გზაზე უნდა იწვალონ. ამბროლაურიდან ქუთაისში დადიოდნენ ადამიანები, როცა შეიძლებოდა, რომ ამბროლაურის საავადმყოფოში დაგვედგა აპარატი.  ცოტა გაკვირვებული კი დავრჩი. ვთქვით, რომ 3 ადგილას დიალეზის აპარატებს დამატებით დავდგამდით, და ამას კიდევ 4 დაემატებოდა. ასევე დაემატებოდა ერთი ნეფროლოგი და ერთი ექთანი... ამ მოცემულობამდე რომ მივედით, ვერ მივხვდი რატომ შეიძლება ეს ყოფილიყო პრობლემა. ამდენი სახელმწიფო ამბულატორია გვაქვს, სახელმწიფო კლინიკა გვაქვს, თუ სახელმწიფო არ არის კერძო გვაქვს. თან გარანტირებულად ჰყავთ პაციენტი და სახელმწიფო სრულად აფინანსებს. პირველ ეტაპზე, შევთანხმდით, რომ თიანეთი, მესტია და ამბროლაური ყველაზე კრიტიკული ლოკაციებია. ამასთან, 4 კერძო კლინიკასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, დამატებით, 4 ქალაქში იყოს დიალიზის სერვისი – მომდევნო 2 თვის განმავლობაში, ჯამში 7 ქალაქში, სრულად იქნება ხელმისაწვდომი დიალიზის თერაპია ანუ, კერძო კლინიკები აქტიურად წამოვიდნენ თანამშრომლობაზე. დიახ, უპრობლემოდ. სხვათა შორის,  კერძო კლინიკებში, ხარჯვის და შემოსავლის ეფექტურობა საკმაოდ მაღალია სახელმწიფო კლინიკებთან შედარებით. იმიტომ რომ იქ დაინტერესება სხვა არის, იქ როგორც ბიზნესს ისე უყურებენ, სახელმწიფო კლინიკების შემთხვევაში მივიდა, იმუშავა დირექტორია თუ ვინც არის, მერე წავიდა , მერე სხვა მოვა... ანუ გრძელვადიანად არავინ უყურებს. ეს აუცილებლად გამოსასწორებელია. აუცილებლად უნდა გკითხოთ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე რეგიონებში. თითქოს გაკეთდა პატარა ამბულატორიები, შეიტანეს აპარატურაც, მაგრამ ეს ყველაფერი არაეფექტური აღმოჩნდა, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში. ფული დაიხარჯა და შედეგი ფაქტობრივად, ნულია. იქ არც ექიმები არიან და არც ექთნები და არც ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა... ეს პრობლემა, რაც აღნიშნეთ, მარტო მაღალმთიან რეგიონებში არ არის. ბევრგან არის. ესეც დაკავშირებულია მენეჯმენტთან. სოფლის ექიმებსა და პირველად ჯანდაცვის ექიმებს როდესაც ვაფინანსებთ, ვუხდით კლინიკებს და ის კლინიკები თავიანთი ოჯახის ექიმებს. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები როდესაც ჩვენს მიერ გადარიცხული თანხები არასწორად ნაწილდება. როგორც ყველა სხვა სფეროში,  სანდოობა აქაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა მე რაც აქ ვნახე, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს! მაგალითად, ზოგიერთი კლინიკისაგან, ჩვენ რომ კოვიდისთვის დანამატებს ვაძლევდით, რომელიც ექთნებისთვის და ექიმებისთვის უნდა მიეცათ, იქამდე არ მიდიოდა.  შრომის ინსპექცია დადის დღემდე საკითხის შესასწავლად.  ირღვევა ვალდებულება და აუცილებლად სანქციებს გავატარებთ. როცა კლინიკამ მიიღო კონკრეტული დანიშნულებით თანხა და ექთნამდე არ მიიტანა, ეს სერიოზული პრობლემაა და არაფერში არ ჯდება. არ ვიცი, როგორ შეიძლება 300-400 ლარი რომ აქვს ადამიანს ხელფასი, იმას დანამატი არ მისცე და შენ  20 ათასი ლარი დაინიშნო?! და ჩათვალო, რომ ფული, რომელსაც სახელმწიფო მათთვის გაძლევს, შენია?! ეს არ შეიძლება! მიუღებელია! აქედან გამომდინარე, ეს პრობლემები გვაქვს. მაღალმთიან რაიონში რომ წავიდეს ექიმი ან ექთანი, იმას ანაზღაურებაც ხომ შესაბამისი უნდა? ზოგადად, ჯანდაცვის პროგრამების კოორდინირება და მართვა უფრო ეფექტური უნდა გავხადოთ, რომ იმ ექიმმა სოფელში იცოდეს, პაციენტი რომ მივა როგორ მოემსახუროს, რას აიღებს ამაში ფინანსურად და რა ხელფას ვუხდით. იქ თურმე ფართები გავურემონტეთ, რაღაც დანადგარები მიგვიცია, მაგრამ არ ხდება ამის კონტროლი ან ნაკლებად ხდება. ახლა ვცდილობთ სტრუქტურულად ისე ჩამოვაყალიბოთ, რომ  ამ 2000 ექიმის მართვა ფიზიკურად შესაძლებელი იყოს.  იყო საუბარი იმაზეც, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს დაქვემდებარებოდა,  აქამდე ასეთი მოდელი ჰქონდათ და მე არ მომეწონა - ეს ექიმი ექვემდებარებოდა სამინისტროს, ინფრასტრუქტურა კი, სადაც მუშაობდა, ექვემდებარებოდა მუნიციპალიტეტს. ელემენტარულად ნათურის გამოცვლა ან რემონტი რომ სჭირდებოდათ, სულ გარჩევა მიდიოდა - არა შენი გასაკეთებელია,  არა ჩემი გასაკეთებელია. ასე არ გამოვა. თუ პასუხისმგებლობას ვიღებთ, თავიდან ბოლომდე უნდა მივხედოთ. მაგრამ, ვის გავაკეთებინებთ ამას, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. ეს ცენტრალიზებულად უნდა ვმართოთ. იმდენი რამე არ მოგწონთ ჯანდაცვის სფეროში, დიდ საკადრო წმენდას ხომ არ აპირებთ? საკადრო წმენდა არაა დაწყებული, მეტი რა გავაკეთო? ერთი კვირის მოსული ვიყავი და ბრალს მდებდნენ,  ზოგიერთი ჟურნალისტი შოუს დგამდა, ყველა გაუშვაო... მითხრეს, რაღაც კვლევა ჩატარებულა და ჩვენ და განათლების სამინისტრო  ბოლო ადგილზე ვართ კვალიფიკაციისა და კომპეტენციის კუთხით და ძალიან მწყდება გული... თუ ვინმე  მომედავება, რატომ არის საკადრო ცვლილებები საჭირო და უკეთესით ჩანაცვლება, არგუმენტებიც წარმოადგინოს. როდესაც კვალიფიკაცია ძალიან დაბალია, იქ შედეგზე ვერ გავალთ. კოვიდის პიკური პერიოდი რომ გვქონდა,  სწორად რომ ვმართეთ პროცესი,  არ გადაიტვირთა კლინიკები.  სპეციალური ჯგუფები შევქმენით, რომლებიც ის დღეები, როცა გვიჭირდა,  მთელი საქართველოს მასშტაბით დადიოდნენ  და აკონტროლებდნენ, რა კრიტერიუმებით იღებდნენ კოვიდიან პაციენტებს კლინიკები და რა კრიტერიუმებით წერდნენ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი კლინიკა იყო, ჰოსპიტალიზაციას უკეთებდა ოღონდ ვინმე დაეწვინათ, ფინანსური ინტერესი ჰქონდათ და გამოწერით  არ წერდნენ. 9 დღე ნახევარი იყო გაწერა, როცა შეეძლოთ მე-4, მე-5 დღის მერე გაეწერათ. ეს რეალურად კეთდებოდა იმისთვის, რომ მეტი შემოსავალი მიეღოთ. ექიმებისა და კლინიკების გადაცდომებს შეეხეთ, შესაბამისად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის  რეგულირების სააგენტოში თუ გეგმავთ სტრუქტურულ რეორგანიზაციას? ექიმებს დაცვაც სჭირდებათ, ძალიან ხშირად ხდებიან თავდასხმის ობიექტები და მარტოებს უწევთ გამკლავება, ეს განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში გამოჩნდა. სამწუხაროდ, ყველა ეს პრობლემა მოდის იქიდან, რომ ბოლო წლების განმავლობაში მოსახლეობას, ექიმების მიმართ ცოტა ნდობა აქვს დაკარგული. ნებისმიერ პრობლემას, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს პაციენტთან, აბრალებენ ექიმს. ზოგიერთ შემთხვევაში მართლაც არის ექიმის ბრალეულობა, მაგრამ არა ყოველთვის, როგორც სურთ რომ წარმოაჩინონ. იმ შემთხვევების ობიექტურად შეფასება უნდა მოხდეს, სადაც ექიმის ბრალეულობა იკვეთება, რამაც პაციენტი გარდაცვალებამდე მიიყვანა.  გეტყვით, რომ არ ხდება სათანადო რეაგირება. აქ აღმოვაჩინეთ, რომ გვქონია პროფესიული საბჭო. „აღმოვაჩინეთ“-ს იმიტომ ვამბობ, რომ პროაქტიულად მუშაობის პრობლემა აქვთ უწყებაში. ამ საბჭოს საიდან მივაგენით... აღმოჩნდა, რომ სამედიცინოს როდესაც ამთავრებენ, მერე კვალიფიკაციის გამოცდაა, რომელსაც აქ აბარებენ. ასევე როდესაც უცხოეთში მოღვაწეობს ექიმი, თუნდაც ქართველი და იგივე პროფილით უნდა საქართველოში დაბრუნება, მუშაობა კონკრეტული პროფილის ასოციაციები უნდა შეიკრიბონ და ასე ვთქვათ, ამათ მისცენ იმ ექიმს „კურთხევა“, რომ აქ საქმიანობა დაიწყოს. თითქმის 99% შემთხვევაში, ეუბნებიან უარს. სინამდვილეში რა ხდება? იქიდან რომ ჩამოვა კვალიფიციური სპეციალისტი და აქ მისცემენ საქართველოში მუშაობის უფლებას, უჩნდებათ კონკურენტი. ამიტომ ეს პროცესი არასწორად არის მოწყობილი. შეიძლება საკონსულტაციოდ ვესაუბრო ასოციაციებსაც, სხვა კომპეტენტურ ხალხსაც, მაგრამ, საბოლოო გადაწყვეტილება რეგულირების სააგენტოს რომ ვახსენებთ, უნდა იყოს ამათზე. ძალიან მარტივად და ადამიანურ ენაზე რომ აგიხსნათ, ახლა „კოკა-კოლასთვის“ რომ გვეკითხა „პეპსი“ შემოგვეშვა თუ არა საქართველოში დაგვიდასტურებდა?! დიდი ალბათობით  - არა. ამ პროცესის მოწყობა გვინდა ისე, რომ სამართლიანი და ობიექტური გავხადოთ, ობიექტურად რომ მოხდეს ექიმის შეფასება, კვალიფიკაციით და არა იმით რომ ვიღაცის კონკურენტი გახდება. როგორც ვხვდები, სწორედ ამიტომ გაეცით განკარგულება, რომ საბჭოს შემადგენლობა განახლებულიყო... არ ვიცი ექიმების გადაცდომა დავარქვათ თუ შეცდომები, რასაც ეს საბჭო იხილავს. პირველ შეხვედრაზე საბჭოში რომ მივედი, შოკში ვიყავი, ანუ განხილვა იყო გარდაცვლილი ადამიანის საქმის და დამოკიდებულება იქ ზოგიერთი საბჭოს წევრისგან იცით როგორი იყო? თითქოს არაფერი ხდებოდა.  რაღაც ალბათობები მოჰქონდათ... თითქოს ჩვეულებრივი მოვლენა იყო ის, რომ ოპერაცია არასწორად გაუკეთეს ადამიანს და მერე გარდაიცვალა და ეს ხდება ხოლმე. ეს დამოკიდებულებაა შესაცვლელი. ზუსტად ასეთი დამოკიდებულება გვაძლევს უხარისხო დამოკიდებულებას კლინიკებში და ხშირ შემთხვევებში, გარდაცვალებას. ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მინდა გკითხოთ, რომლის მოგვარებაც, ფაქტობრივად, ჯანდაცვის "აქილევსის ქუსლი" გახდა. ეს არის ფსიქიატრიული ჯანდაცვა, რომელიც საქართველოში ფაქტობრივად არ გვაქვს. თბილისის ქუჩები სავსეა ადამიანებით, რომელთაც გამოხატული ფსიქიური პრობლემები აქვთ და ხშირ შემთხვევაში, საშიშები არიან საზოგადოებისთვის. გახსოვთ ალბათ, 7 წლის ბიჭის მკვლელობა რუსთავში და სამი წლის ბავშვის დაჭრა თბილისში მშობლების თვალწინ.  ეს უდიდესი პრობლემაა როგორც ოჯახის წევრებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. სახელმწიფოს აქვს ძალიან მწირი რესურსი ამ ადამიანების ჰისპიტალიზაციისთვის, კერძო კლინიკები კი ძალიან ძვირია. უნდა დაგეთანხმოთ აღნიშნული საკითხის სირთულეში და ნამდვილად სჭირდება თემას უპირველეს ყოვლისა, სიღრმისეული შესწავლა და შემდეგ პრობლემებს მოგვარება. ფსიქიატრიულ პაციენტებს რაც შეეხება, ჩვენს ფსიქიატრიულში  50-70 საწოლი დავამატეთ. სამწუხაროდ, ჩვენი სასწრაფო დახმარება ძალიან წვალობს, დაყავს ასეთი პაციენტი მთელი დღე და ეძებს კლინიკას, რომელმაც შეიძლება მიიღოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულად ვაფინანსებთ მათ მკურნალობას, მაინც ყველა ერიდება. ამიტომ იძულებულები ვართ, სახელმწიფო კლინიკა რომელიცაა, ის დავტვირთოთ სრულად. აქ ის პრობლემაა, რომ სამწუხაროდ იმაზე მეტია შემთხვევები, ვიდრე საწოლფონდი არსებობს ქვეყანაში. ამ საკითხს უფრო სისტემური მიდგომა სჭირდება თუ საჭიროებაა სხვა ქალაქებშიც დასამატებელია.  პირდაპირ ასე გკითხავთ - სად იყავით აქამდე?! თურქეთდან წამლების შემოტანას ვგულისხმობ. რა გამოვიდა, პოლიტიკური ნება იყო საჭირო, რომ ეს საკითხი დამდგარიყო დღის წესრიგში? მე აქამდე სადაც ვიყავი კი იცით, თავდაცვის სამინისტროში. 3 იანვარს რომ მქონდა პირველი სამუშაო დღე, 11 იანვარს წამლების შემოტანის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ხელმოწერილი იყო და 17 იანვარს მთავრობის სხდომაზე ითქვა. როდესაც სამინისტროში მოვედი, მეორე თუ მესამე დღეს შევხვდი ყველას, ვისთვისაც შეიძლებოდა ამ საკტხზე მეკითხა. როცა ამ თემაზე ვლაპარაკობდით, ერთი რასაც მივხვდი ის იყო, რომ  კარგის მეტს ეს გადაწყვეტილება არაფერს მოგვიტანდა . გეტყვით, საიდან წამოვიდა ეს თემა. რამდენიმე თვით ადრე, პრემიერთან შეიკრიბნენ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები, იქ იყო საუბარი წამლების ფასებზე, რადგან საქართველოში ძვირია. ხვადასხვა კვლევას გავეცანი და აღმოჩნდა, რომ 5 ევროპულ ქვეყანაში, საშუალოდ, 72 %-ით იაფია წამლები, ვიდრე საქართველოში. კატასტროფული მდგომარეობაა. პრემიერმა მითხრა, შეგვესწავლა ეს საკითხი და დაგვეწყო იაფი წამლების შემოტანა. დაახლოებით 2-3 დღე დამჭირდა. რით დაიწყეთ? თითქოს მარტივად მოსაგვარებელი საკითხი იყო, მაგრამ ფაქტია, წლები არ მოხერხდა ამის მოგვარება. რაში იყო სირთულე? დავიწყე აღიარებითი ქვეყნების სიით. ჯერ ვიკითხე, რა არის აღიარებითი ქვეყნების სია. არის სია, სადაც არის აღიარებითი ქვეყნები, მაგალითად 36 ქვეყანა, საიდანაც წამლის იმპორტია გამარტივებული რეჟიმით. ვნახე ევროპული ქვეყნებია მაღალი ლეგიტიმაციის, სანდოობის და ვკითხულობ რატომ არ არის აქ თურქეთი? ითქვა სხვადასხვა მიზეზი, რომ არ არის სანდო ქვეყანა, ფალსიფიკაციის რისკი არის საკმაოდ მაღალი, იქ ის რეგულაციები არ ვრცელდება რაც სხვა ქვეყნებში და ა.შ. დავიწყე ამ ქვეყნების შესწავლა. ვნახე მაგალითად, ბულგარეთი, რუმინეთი თუ ეს ქვეყნები შეიძლება სანდოდ ჩაითვალოს, რატომ არ შეიძლება ჩაითვალოს ასეთად თურქეთი. ვნახე და თურქეთის რეგულაციები ისეთი  მკაცრია, ზოგჯერ ვხუმრობ, იქ ფალსიფიკაცია შეიძლება ხელის მოჭრით დაისაჯოსთქო.  რატომ შეიძლება ბულგარეთის უფრო მისაღები და სანდო იყოს, ვიდრე თურქეთის? თან ამ საკითხს ვსწავლობდი, თან ფარმაცევტიკას, ბაზრებს და რეგულაციებს. ეს ყველაფერი ერთი კომპლექსური საკითხი გახლდათ. ავედი მე-8 სართულზე ჩვენი რეგულირების სამმართველოში, სადაც გადის ეს წამლები რეგისტრაციას. ვეკითხები თანამშრომელს, რა დოკუმენტებს ამუშავებდნენ წამლის რეგისტრაციისთვის და რამდენი ხანი სჭირდებოდა ამას. ერთ-ერთ კონკრეტულ წამალზე მითხრეს რომ 7 ფურცელს ამუშავებდნენ, რასაც სჭირდებოდა 15 სამუშაო დღე და პლიურს 30 სამუშაო დღე. ანუ 45 სამუშაო დღეს სჭირდება ამის განხილვასო. რას ითვლით მეთქი და გადმომიღეს 7 ფერადი ფურცელი, მხოლოდ ფურცელია მეტი არაფერი. ვიკითხე რას ამოწმებთ სადმე სისტემაში შედიხართ-თქო და აი ორიგინალს ვამოწმებთო. რად უნდა 2 თვე და 10 დღე ამის განხილვას? აღმოჩნდა, რომ არ უნდა. რამდენი ადამიანი გჭირდებათ, რომ კვირაში 100 წამალი დაარეგისტრიროთთქო დ 4 ადამიანიო.  გასაგებია ალბათ, ხო, ყველაფერი? რაც შეეხება თურქული წამლების ხარისხზე აპელირებას, ეს იყო მიზანმიმართული კამპანია კონკურენტების მხრიდან? ფარმაცევტულ ბაზარზე მყოფ მოთამაშეებს ვგულისხმობ... თურქული წამლების ხარისხის საკითხს რაც შეეხება, არანაირი არგუმენტი არ არსებობდა, რომ რაიმე სახის ფალსიფიკაციასთან გვქონდა საქმე. ამის დასადასტურებლად იქ ჩასული ვიყავი და პირადად ვნახე  რას აკეთებენ. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ დაიწყო კრიტიკა, ჩემზე იძახდნენ,  ეს ვინ არის, მოვიდა, წარმოდგენა არა აქვს ახლა რა მოხდება, რომ თურქეთიდან შემოვა ფალსიფიცირებული მედიკამენტები, ვინ რას გამოწერს და ა.შ. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ის თურქული მედიკამენტები, თურმე ისეც შემოდიოდა ოღონდ უფრო ძვირად. მარტივ მაგალითს გეტყვით, ერთ-ერთი წამალი, რომელიც სხვა ქვეყნების მწარმოებლებს შემოჰქონდათ და  145 ლარი ღირდა ღირდა, ზუსტად ანალოგიური შემოჰქონდა თურქეთსაც და 5 ლარით იაფად ყიდდა. ზუსტად ეს წამალი შემოდის დღეს და ღირს 51 ლარი. მაგრამ მარტო თურქეთის ფაქტორი არ კმარა, თუ სხვადასხვა რეგულაცია არ მივაშველეთ, ფასს ისე დაასტაბილურებენ, რომ ისევ შეიძლება მოიმატოს. საქართველოში არსებული მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ინტერესს არ დაეჯახეთ ამით? ყველამ კარგად ვიცით, რომ კონკურენცია ისედაც არ არის ამ ბაზარზე. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს ჰქონდეთ იაფი წამლები. ახლა გეტყვით რა მოხდა: 100 ლარი თუ იყო კონკრეტული წამლის შემოტანის ფასი, თავად ადებდნენ მარჟას 30%-ს და 130 ლარად ყიდდნენ. 30 ლარი იყო ამათი ფასნამატი აბსოლუტურში. ახლა შემოაქვს 35 ლარად ისევ 30%-ს ამატებენ მაგრამ ეს უკვე 10 ლარია. ანუ აბსოლუტურში შეუმცირდა, საამაგიეროდ ხალხს გაუიაფდა 3-ჯერ. მეორე ის არის, რომ თურქეთის ბაზარი გავხსენით და მივეცით პარალელური იმპორტის შესაძლებლობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი და იგივე დასახელების სხვადასხვა ქვეყნიდან რომ შემოდიოდა, იგივე დასახელებით თურქეთიდანაც შეიძლება შემოვიდეს. ამან უკვე კონკურენცია გაზარდა. კონკურენცია მნიშვნელოვანია ყველა სფეროში მითუმეტეს აქაც, როცა ბაზარი შიძლება მონოპოლიზებული ყოფილიყო. თურქეთიდან წამლების შემოტანის იდეა თქვენი იყო? არა, იდეა ჩემი არ იყო. რამდენიმე თვით ადრე, პრემიერი შეხვდა ამ მწარმოებლებს და იქ დაფიქსირდა ეს პრობლემა, რომ თურქეთის ბაზარი იყო ხელოვნურად ჩაკეტილი. პრემიერის ინიციატივა იყო ამ ბაზრის შესწავლა და გახსნა. თურქული წამლების ხარისხის კონტროლზე ვისაუბრეთ და ამ დროს, რა ხდება საქართველოში წარმოებული წამლების ხარისხზე? პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან სერიოზული პრეტენზიები აქვთ მომხმარებლებს და მათ სიაში ერთ-ერთი მეც ვარ. სამწუხაროდ, საქართველოში წარმოებულ მედიკამენტებს არ ვენდობი პირადი გამოცდილების საფუძველზე...  იმისთვის, რომ კითხვები აღარ გაჩნდეს, აუცილებელია ფარმაცევტული საქმიანობის მესვეურებს ჰქონდეთ GMP სტანდარტი, რაც აქ წარმოებულ და იმპორტირებულ მედიკამენტებს უნდა მოეთხოვებოდეს. საქმე ისაა, რომ სწორედ ამ მწარმოებლების მოთხოვნით, წლების განმავლობაში ხდებოდა გადავადებები. თურქეთში რომ ვიყავი და თავს ვიწონებდი GMP-ის სტანდარტი შემოვიღეთ-მეთქი მისმინეს და ბოლოს მითხრეს,  ჩვენ 1984 წელს შემოვიღეთ ეგ სტანდარტი და რას გვაკვირვებო. ამ განხილვებისას, ძალიან ანგარიშგასაწევი ორგანიზაციების 2003 წლის რეკომენდაცია შემხვდა სადაც GMP-ის სტანდარტზეა საუბარი. თუ გინდათ ნორმალური ქვეყანა იყოთ და აწარმოოთ ნორმალური ხარისხის მედიკამენტები და იმპორტი აკონტროლოთ ,მოითხოვეთ ეს სერტიფიკაციო. წარმოიდგინეთ 2003 წლის. ახლა არის 2022 წელი და იმის მიუხედავად, რომ სავალდებულოდ შემოვიღეთ წელს, წლის ბოლომდე ყველამ დააკმაყოფილოს, მაინც შემოდის წერილები იქნებ გადაგვივადოთო. პრინციპულად არ ვეთანხმები არც ერთს, რადგან ამ გადავადებებით მოვედით აქამდე და როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს?! ახლა, ზუსტად ამის გამო, რომ GMP-ზე გადაგვყავს ყველა, ქართული მედიკამენტები ჩავსვით გენერიკებში გამონაკლისის სახით.  ივნისიდან დაწყებული, ყველა უნდა იყოს სერტიფიცირებული და რომელიც არ იქნება, ამოვარდება სიიდან. ჩვენი წარმომადგენლები გავუშვი საწარმოებში, რომლებიც სწავლობენ,ვის რა პრობლემა აქვს და ეხმარებიან, ტრენინგი იქნება საჭირო, სისტემის აწყობა  თუ პროცედურების გაწერა. ჩემი ინტერესი არის ყველა იყოს სერტიფიცირებული, გვქონდეს უმაღლესი ხარისხის თან ეკონომიკასაც არაფერი მოაკლდეს. მოდით, ასე შევხედოთ ამ ამბავს: ძალიან მარტივი ლოგიკაა, თუ ხარისხის კონტროლზე თავს იკავებ,  რაღაცის გეშინია და ეს რაღაც არის უხარისხო წამალი...  უკვე, 27 დიაგნოსტიკა გავაკეთებინე ქართულ საწარმოებში, მათგან დიდი ნაწილი აკმაყოფილებს პირობებს და სერტიფიკატს გავცემთ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს, შეეცდებიან, იმათ დაეხმარონ ხარვეზის აღმოფხვრაში.  სამწუხაროდ, რამდენიმე ისეთია, რომლებიც მიუღებელ მდგომარეობაში აწარმოებდნენ წამლებს. უბრალოდ, არ შეიძლება იქ მედიკამენტი აწარმოო. ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს შეიმუშავოს პროექტი, რომლითაც ინ ვიტრო კლინიკები რეგულირების სააგენტოს რეგულაციების ქვეშ მოექცევა. უფრო კონკრეტულად რას გვეტყვით ამაზე? ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც უკონტროლოდ და ქაოსურად მიმდინარეობს პროცესი, რაც პაციენტის უფლებების დარღვევას იწვევს. “ამის გარდა, არის ძალიან მაღალი რისკი. რაღაცა უცნაური მოწყობა აქვთ,  არის ინ-ვიტრო კაბინეტები, გინოკოლოგიურები …. არის ბევრი ისეთი მიმართულება, რომელიც არ რეგულირდება არანაირად. ანუ წინასწარ ლიცენზიის აღებას არ მოითხოვს და ნებისმიერს შეუძლია გახსნას, დახუროს, ისევ გახსნას… მოკლედ, ეს გასულია კონტროლიდან. პირველად რომ ვნახე და შევისწავლე ეს ყველაფერი, ცოტა გაკვირვებული ვიყავი, რანაირად შეიძლება განყოფილებას აკეთებდე და არანაირად არ რეგულირდებოდეს, არც წესი არსებობდეს, არც კონტროლის მექანიზმი?! აქედან გამომდინარე, ეს პრობლემები რომ ჩამოვაწერინე,  ახლა ვართ იმ პროცესში, რომ განხილვა მიდის და აუცილებლად უნდა დავარეგულიროთ. ზუსტად იგივე მიდგომა უნდა ჰქონდეს, როგორც მაგალითად კლინიკებთან გვაქვს,  სისტემატურად უნდა შევამოწმოთ და ერთჯერადი ხასიათი არ უნდა ჰქონდეს ამ კონტროლს. უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერ დროს, ჩვენი თანამშრომელი მივა და ნახავს.  მოქალაქეს როდესაც ემსახურება და სამედიცინო სერვისს უწევს, არ შეიძლება ინფექციური დაავადებების კერა ჰქონდეს იქ.  სამწუხაროდ, ჰოსპიტალური ინფექციების პრობლემა სერიოზულად დგას და ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდები. მე და ბატონი თენგიზ ცერცვაძე ხშირად ვსაუბრობთ ამ საკითხზე და ის  მახსენებს, რომ ყველამ სცადა და ვერავინ ბოლომდე ვერ მიიყვანა ამის მოგვარება. ერთ თვეში ყველა თავს ანებებდა. ვერავინ ვერ მოერია, იმიტომ რომ სერიოზული პრობლებაა. ეს პრობლემა უფრო განვითარებულ ქვეყნებშიც არის რასაკვირველია, მაგრამ იქ პროცენტულად არის მინიმალური. ჩვენს შემთხვევაში როცა კონტროლი ნაკლებია, ყველაფერი ვერ არის ნორმალურად თქვენთვის, როგორც მინისტრისთვის, რომელი საკითხის გადაჭრაა ამ ეტაპზე განსაკუთრებით პრიორიტეტული? ცალკე ვერ გამოვყოფ ვერცერთს, ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში. ახლა ჯანდაცვაზე ვსაუბრობთ, თორე იქ დევნილების პრობლემაა, რასაც სერიოზული მოგვარება სჭირდება. არის დასაქმების პრობლემა. დევნილების საკითხი მოგვარდება, რადგან სწორი გზით მივდივართ. სოციალურს რაც შეეხება, იქაც ბევრი პრობლემაა.  რეალურად არ არის შეფასებული ადამიანების სოციალური მდგომარეობა და ბაზაში არიან, რათა ბენეფიტები ჰქონდეთ. ეს ბაზა კი კარგად გასავლელი და შესაფასებელია. ეს სერიოზული საკითხია, რადგან რეალურად, ქვეყნის სტატისტიკას გვიფუჭებს. ბოლო წლების განმავლობაში, იზრდება სოციალურად დაუცველების ბაზა და რეალურად, სოციალურად დაუცველები ქვეყანაში არ იზრდება. ახლა ეს დასაქმების პროგრამა რაც შემოვიტანეთ, სწორედ ამას ემსახურება, რომ სამართლიანი ყოფილიყო. მივეცით ერთი წელი იმისთვის, რომ ან ეთქვა სადმე მუშაობს თუ არა, ან დასაქმდა  თუ არა. გადავამოწმებთ ყველაფერს. ამის შემდეგ, ვერავინ იტყვის, რომ სტატუსი უსამართლოდ ჩამოერთვა. ვფიქრობთ, ეს უფრო სამართლიანი იქნება, ვიდრე პირდაპირ მივსულიყავით და გვეთქვა, სტატუსი აღარ გაქვსო. ამას ბევრი პრობლემა მოყვებოდა. საკმაოდ ბევრი სამუშაო იქნება ამ მიმართულებითაც. არ ფიქრობთ, რომ თავდაცვის სამინისტროში უფრო მარტივი იყო? ბევრად... მაგრამ, პასუხისმგებლობებიც მნიშვნელოვნაც განსხვავებულია. მოადგილის სტატუსი სხვაა,  იქ პასუხისმგებლობა შენს საკურატოროზე გაქვს... ჯანდაცვის სამინისტრო და მინისტრის პოსტი გაცილებით მეტს მოითხოვს. ინტერვიუ ჩაიწერა და მოამზადა თამარ ლეფსვერიძემ