მუნიციპალურ დონეზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „საქართველოსთვის“ თანამშრომლობა შედგა, რაც გულისხმობს საკრებულოების უმრავლესობის დაკომპლექტებასა და პარტიული თანამდებობების განაწილებას. ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმაც მოიწონა, რაც „ქართული ოცნებისთვის“ იმის საფუძველია თქვან, რომ გახარია მოღალატეა მან კოალიცია „ნაცმოძრაობასთან“ შექმნა.
არის თუ არა ეს კოალიცია და ხომ არ ველოდოთ თანამშრომლობის გაღრმავებას? რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება და რა წინადადებები ჰქონდათ ამ გადაწყვეტილებამდე? - ამ და სხვა საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბერდია სიჭინავა საუბრობს: _ რატომ გადაწყვიტეთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა და აქვე დაგაზუსტებინებთ, ეს უნდა გავიგოთ ისე, რომ ეს არის თემატური თანამშრომლობა საკრებულოს დაკომპლექტების მიზნით თუ გაღრმავდება თანამშრომლობა ამ ორ პარტიას შორის? _ სწორად გამიგეთ და ცოტა კითხვის ფორმულირებას შევცვლიდი. დავუბრუნდები იმ რეალობას, რაც მიმდინარეობდა ამ მუნიციპალიტეტების გარშემო არჩევნების შემდეგ, სადაც არცერთ პარტიას არ აქვს გადამწყვეტი უმრავლესობა. არჩევნების დასრულების დღიდანვე ღია და გამჭვირვალე პროცესი ვაწარმოეთ. არაერთი ბრიფინგი გვაქვს ჩატარებული და ერთი შეთავაზება იყო, რომ რეალურად ეთანამშრომლათ, „ქართულ ოცნებასაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“. მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე ვიწრო პარტიული ინტერესები გვერდზე გადაედოთ. _ ეს „ოცნებამ“ არ გააკეთა? _ არცერთმა მხარემ არ გააკეთა. ბრიფინგი გვქონდა ამაზე და გამოხმაურება არც „ქართული ოცნების“ მხრიდან ყოფილა და არც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. მეორე შეთავაზება იყო ის, რომ ჩვენ ვთქვით - თუ ეს პარტიები ვერ ახერხებენ ვიწრო ინტერესებზე მაღლა დადგომას ადამიანის ინტერესებისთვის, ვინც ცხოვრობენ: რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, მარტვილში. ამიტომ, ვინაიდან ჩვენ მანდატებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ამიტომ ჩვენ წარმომადგენლებს დავაყენებთ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად და ორივე პარტიის წარმომადგენლებს შეგიძლიათ მხარი დაგვიჭიროთო. კარგად დავინახეთ, რომ მაგალითად სენაკში საკრებულოს ჩატარებული 8 სხდომიდან „ოცნებამ“ ხუთს ბოიკოტი გამოუცხადა, ხოლო ზუგდიდში 7 სხდომიდან 4 სხდომაზე „ნაცმოძრაობა“ არ გამოცხადდა. ეს არის ამ პარტიების დამოკიდებულება მუნიციპალიტეტებში არსებული კრიზისების მიმართ. ეს მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებს ყოველდღიური საჭიროება უდგას - სოციალური დახმარების, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების. პირობითად, ლამპიონი რომ გადაიწვა ქუჩაში, ეს ხომ არ შეიძლება, რომ თვეები გაგრძელდეს?! აქეთკენ მიაქანებდა ეს პოლიტიკა მუნიციპალიტეტებს. ჩვენ ვთქვით, რომ ვისაც არ გინდათ რეალური კრიზისი შეიქმნას, გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა და ჩვენ კანდიდატებს დაუჭირეთ მხარი საკრებულოს თავმჯდომარეობაზეო. კარგია, რომ ვითომ პარტიული ინტერესებიდან გამოვიდა ენმ-ის ის წარმომადგენლები, რომლებიც წარმოდგენილები არიან, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და რუსთავსა. მათ გადადგეს ნაბიჯი კრიზისის არშექმნისკენ. იგივეს მოვუწოდებდი „ოცნებასაც“. არ შეიძლება საბოტაჟის რეჟიმში იყო შენი მუნიციპალიტეტის მიმართ. პირდაპირ საბოტაჟზე მიდიან. მაგალითად სენაკის მუნიციპალიტეტში 8 სხდომიდან 5-ს არ დაესწრო „ოცნება“ და მერე ხელს ვიღაცისკენ იშვერენ, რომ თითქოს კრიზისს ქმნიდა. რეალურად „ოცნების“ წარმომადგენლები ვერ ეგუებოდნენ ოპოზიციის უმრავლესობას და ახალი არჩევნებისთვის მზადება იყო დაწყებული. ამის ნათელი მაგალითი იყო პარტიული ბოსების სამეგრელოში ვიზიტი, სადაც პირდაპირ იძახდნენ, რომ არავისთან თანამშრომლობა არ არის ჩვენ ინტერესებში და ამას არ შევეგუებითო. ერთადერთი თუ ჩვენ გადმოვიბირებთ და მოვისყიდით ამ ადამიანებს და შევქმნით უმრავლესობას, მაშინ შეიძლება, სხვა შემთხვევაში ახალ არჩევნებზე უნდა წავიდეთო. ამას გეგმავდნენ რუსთავში, სენაკში, ზუგდიდში და ბათუმში. მიუხედავად იმისა, რომ პარტიული ბოსები იღებენ გადაწყვეტილებას წალენჯიხაში რა მოხდეს, მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ „ოცნების“ წარმომადგენლები გადადებენ ვიწრო პარტიულ ინტერესებს და ვინც მხარი დაუჭირა, მათი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ. ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, რომ ბალანსი შევქმნათ ასეთ მუნიციპალიტეტებში და ჩვენი თითოეული ნაბიჯი მიმართული იქნება ამ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ადამიანების ინტერესების გათვალისწინებით. _ თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამბობთ, მოსახლეობის ინტერესებიდან გამოვდივართო, კობახიძე ამბობს - გახარია მოღალატეა და „ნაცმოძრაობასთან“ შეკრა კოალიციაო. რა პასუხი გაქვთ არა მხოლოდ კობახიძისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც უჩნდება განცდა, რომ ეს არის კოალიცია? _ ეს არის მცდარი ინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. პირდაპირ განვაცხადეთ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ კოალიციის შექმნას რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან. მით უმეტეს „ნაცმოძრაობასთან“ ან „ქართულ ოცნებასთან“, რომელსაც არც ფასეულობები და არც ღირებულებები არ აქვს და არ დგას ქართველი ხალხის გვერდზე. რეალურად „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ მეთოდები პირდაპირ გადმოიღო, როგორც ის ებრძოდა ოპონენტებს 2011-12 წლებში, ასეა დღეს „ოცნებაც“. შესაბამისად, არცერთ ამ პარტიასთან და არც მეორესთან არანაირი ღირებულებითი თანხვედრა არ გაგვაჩნია. გაგახსენებთ ირაკლი კობახიძის სიტყვებს და იმას თუ რა ფასი აქვს მას. ის პირდაპირ გვდებდა ბრალს, თითქოს ალიანსში ვიყავით „ნაცმოძრაობასთან“ და გახსოვთ როგორ ბინძურ ბრალდებებს უყენებდა გახარიას - კოკაინშიკს და რას აღარ უწოდებდა. ამ ბინძურ ბრალდებებს საყრდენი გამოეცალა, რამეთუ ყველამ დავინახეთ რა მიზანიც ჰქონდა მას. არ მიგვაჩნია კობახიძე ისეთ ფიგურად, რომ მისმა სიტყვებმა რამე გადაწყვიტოს. ერთადერთი მოღალატე ვინც არის, შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ „ოცნების“ დღევანდელი ხელმძღვანელები მოღალატეები არიან სახელმწიფო იდეის და ინსტიტუტების. _ კონკრეტულად ვის გულისხმობთ? _ კრებსითი სახელია „ოცნების“ დღევანდელი ხელმძღვანელები. ახლა არ ჩამოვთვლი. _ „ოცნება“ არ ერიდება ხოლმე კონკრეტული გვარებით ისაუბროს და თქვენ რატომ ერიდებით? _ მე უფრო მეტად ვცემ პატივს „ოცნების“ ამომრჩევლებს, ვიდრე თავად ეს ადამიანები. ეს გამოაჩინა მუნიციპალიტეტების დონეზე მათმა გადაწყვეტილებებმა. რაც შეეხება კობახიძეს, ის გახარიას პრემიერობისას იძახდა, რომ როცა ბევრი ბზუის, გახარიასთან ყველა ტყუისო. მხოლოდ ეს მინდა გავახსენო ირაკლი კობახიძეს და პარტიულ ბოსებს. _ მარტო კობახიძე არა, სხვებიც გამოგეხმაურნენ. მაგალითად სოზარ სუბარმა თქვა, რომ გახარიას ბრალეულობით პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები „ნაცმოძრაობის“ მხსნელის როლს ასრულებენო. ამაზე რა პასუხი გაქვთ? _ არა მგონია ბატონ სუბარს სჯეროდეს, რასაც თავად ამბობს. ძალიან კარგად იცის, რომ არანაირი კოალიცია და თანამშრომლობა „ნაცმოძრაობასთან“ არ არსებობს ჩვენი პარტიის მხრიდან. რაც შეეხება საკრებულოებს, თუ იქნება ინიციატივა წარმოდგენელი „ოცნების“, „ნაცმოძრაობის“ თუ სხვა პარტიის მხრიდან და ის მიმართული იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების ყოფის გაუმჯობესებას, ყველა ასეთ ინიციატივას მხარს დავუჭერთ ყველანაირი პოლიტიკური კომპლექსების მიუხედავად. _ სააკაშვილმა მოგიწონათ ქმედებები და შეგაქოთ. ეს უხერხულობას არ გიქმნით? _ რეალურად ნაკლებად საინტერესოა მიხეილ სააკაშვილის განცხადებები მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. არანაირი ვალდებულება და წინასწარი შეთანხმება არ არსებობს ამ საკითხებთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასთან. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ნაკლებად საინტერესოა მისი განცხადებები. _ გავლენას არ ახდენს თქვენ იმიჯზე? _ ვფიქრობ, რომ მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ არანაირი კოალიცია არ არსებობს და ეს არის ბინძური ბრალდებები, რომელიც აგორებულია სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლების მხრიდან. რეალურად მას არანაირი საფუძველი არ აქვს. _ თუმცა, მუშაობს ხოლმე და იმუშავა არჩევნებზეც, სადაც გაცილებით მეტ პროცენტს ელოდით. _ რეალურად ეს იყო არჩევნები, რომელიც უპრეცენდენტო გაყალბების პირობებში ჩატარდა. სადაც პირდაპირ ძალოვანი უწყებები ატარებდნენ არჩევნებს. შესაბამისად, ის პროცენტი, რომელიც ვაჩვენეთ რეალობას არ ასახავს. მეორე საკითხი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია - რეალურად, სააკაშვილის ჩამოსვლა მაშველ რგოლად მოევლინა „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ შუა გაკრეფილიყო. ამის მიუხედავად ჩვენი პარტიის შედეგი არის ძალიან ღირებული და რეალურად რაც ვერ შეძლეს სხვა პარტიებმა, რომ ხელისუფლების ცვლილების პროცესი დაეწყო, ეს შეძლო ჩვენმა პარტიამ. ცვლილებები დავიწყეთ მუნიციპალიტეტების დონეზე. ვასრულებთ ჩვენ დანაპირებს და საპარლამენტო არჩევნებზე ეს ცვლილებები ბოლომდე მივა. _ რეზოლუციის გარშემო დიდი ხმაური იყო. საბოლოოდ როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხზე? _ ჯერ კიდევ გასულ წელს დავარეგისტრირეთ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, სადაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილები გავაჟღერეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი, მხოლოდ მათი კონფლიქტი არ არის. როდესაც თვალყურს ვადევნებდით კრემლისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობას მთელი ამ ხნის მანძილზე, საუბარი იყო ბუქარესტის სამიტზე, სადაც გაკეთდა ჩანაწერი, რომ უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ნატოს ალიანსის წევრები. შესაბამისად რუსეთის მხარის მოთხოვნა, რომ ბუქარესტის სამიტის ეს გადაწყვეტილება ნატომ გაიხმოს უკან ჩვენი უსაფრთხოების კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ და შესაბამისად არ უნდა გვეგონოს, რომ ეს მხოლოდ უკრაინის პრობლემაა. 2008 წელს უკრაინის პრეზიდენტი თბილისში იყო ჩამოსული და მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, შესაბამისად უკრაინის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვთქვით, რომ სირცხვილია, როდესაც პარლამენტი ვერ ახერხებს შეთანხმებას მნიშვნელოვანი შეთანხმების პროექტზე უკრაინის მხარდაჭერის გამოსაცხადებლად და მზად ვართ გავიხმოთ ჩვენი რეზოლუცია, თუ „ოცნების“ მიერ წარმოდგენილ რეზოლუციაში ჩამატებული იქნება სიტყვა „რუსეთიო“, მაგრამ ეს არ მოხდა. _ რეგიონში გამოწვევებთან ერთად ჩნდება შესაძლებლობაც და ვხედავთ, რომ საქართველოს სახელი საერთაშორისო დღის წესრიგში აქტიურად გაჩნდა უკრაინის გვერდით. ჩანს, რომ ამ შესაძლებლობას არ იყენებს ხელისუფლება, მაგრამ რისი გაკეთება შეგიძლიათ ოპოზიციას? იგივე თქვენ პარტიას და თავად გიორგი გახარიას, რომელსაც საკმაოდ დიდი კონტაქტები აქვს, როგორ შეგიძლიათ ეს ვითარება გამოიყენოთ ქვეყნის სასარგებლოდ? _ გეთანხმებით, რომ რეგიონში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები იყო. ჯერ კიდევ გასულ წელს და ვხედავდით რა ვითარება იყო ყარაბაღში, ახლა უკვე შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს. ჩვენ უნდა გვქონდეს პრაგმატული პოლიტიკა, თუმცა წინა პლანზე წამოწეული უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, უსაფრთხოება, სუვერენიტეტი. ეს არ გულისხმობს აგრესიულ პოლიტიკას, რაც საფრთხეს შეუქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას, თუმცა მკაფიო უნდა იყოს პოზიციონირება მათ შორის საგარეო საფრთხეებთან მიმართებით, რომელიც რუსეთის მხრიდან მომდინარეობს. _ ძალიან აქტიურები იყავით წინასაარჩევნო პერიოდში. ვიტყოდი, რომ ყველაზე აქტიურებიც კი და არ ვგულისხმობ ბოლო ერთ თვეს, როდესაც პარტიები აქტიურდებიან ხოლმე. 4-5 თვე გქონდათ ძალიან აქტიური პოლიტიკური პერიოდი, თუმცა არჩევნების მერე თითქოს დაიღალეთ თუ პაუზა აიღეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ნაკლებად ჩანხართ საზოგადოების წინაშე. სად ხართ, რას აკეთებთ და რატომ აღარ ხართ ისეთივე აქტიურები? _ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პარტია რამდენიმე თვის დაფუძნებულია და ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა ვაჩვენეთ მუნიციპალურ არჩევნებზე. წინასაარჩევნო პერიოდს სხვა სპეციფიკაც ახლავს მოსახლეობასთან შეხვედრის კუთხით და სხვა განზომილებებითაც, თუმცა დამერწმუნეთ, რომ არჩევნების შემდეგ არცერთი წუთით არ შეგვიწყვეტია მოქალაქეებთან კომუნიკაცია. ჩვენი წარმომადგენლები მუშაობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე და ხვდებიან ადამიანებს. _ შესაძლოა მუშაობთ, მაგრამ მე ვამბობ, რომ ფართო საზოგადოების წინაშე აღარ ჩანხართ, თუნდაც იგივე გახარია. სად არის გახარია და რატომ აღარ ჩანს? _ გახარია ის პოლიტიკოსია, რომელიც არასოდეს გაურბოდა ღიაობას და საჯაროობას. ასე იყო მაშინაც, როდესაც იყო პრემიერი და მათ შორის შს მინისტრიც, რომელიც ყველაზე დახურულ უწყებას ხელმძღვანელობდა. ის, რომ საჯარო პოზიციონირებაში არ ჩანს გახარია, ეს არ ნიშნავს, რომ მოქალაქეებთან კომუნიკაცია არ აქვს. ჩვენ გადასულები ვართ რეგიონული პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით. არ ვფიქრობ, რომ პრობლემაა ელექტორალური ან პარტიული თვალსაზრისით. _ სტრატეგიული გათვლაა, რომ ახლა ამ ფორმით არის საჭირო მუშაობა? _ პარტია თავად ირჩევს სტრატეგიას და ტაქტიკას, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ აქტუალურად ვინმე არ ჩანდეს სატელევიზიო სივრცეში ან Facebook-სივრცეში, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ პარტიას პრობლემა აქვს გაძლიერების მიმართულებით, იქნება ეს მოქალაქეებთან კომუნიკაცია თუ სხვა საკითხები. პარტიაში არის დუღილი და პოლიტიკური პოზიციონირების ნაწილსაც ჩვენი პარტიის ლიდერის მხრიდან უახლოეს პერიოდში აუცილებლად მოისმენთ. ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი