2026 წლის 23 აპრილს სრულდება 150 წელი აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან. ვიმედოვნებთ, რომ ამ უდიდესი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ხსოვნას ამჯერად მაინც მიეძღვნება ოქროს და ვერცხლის საიუბილეო მონეტები, რომლებსაც დაამშვენებს მისი პორტრეტი და მისი მესვეურობით დაფუძნებული უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის ფასადის გამოსახულება - აცხადებს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ პროფესორი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი - აკადემიკოსი ნიკო ჯავახიშვილი და მოუწოდებს თსუ-ის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას, სათანადო წერილით ახლავე მიმართონ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რათა ეს საშური და მამულიშვილური საქმე არ შეფერხდეს.
"აიპრესი" გთავაზობთ ნიკო ჯავახიშვილის მონათხრობს თბილისის უნივერსიტეტის თანამედროვე სამკერდე ნიშნისა და საიუბილეო მონეტის შექმნის ისტორიიდან:
ვფიქრობთ, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ როგორ შეიქმნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკერდე ნიშანი და საიუბილეო მონეტა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წ.) შემდეგ.
2014 წლის 10 ივნისს, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის სენატის გადაწყვეტილებით, მომენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (ისტორიის დარგში). იმავე წლის შემოდგომის დამდეგს ჩავედი რიგაში, სადაც 16 სექტემბერს, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის შენობაში მოწყობილი საზეიმო ცერემონიისას სათანადო დიპლომი გადმომცეს. ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც სენატის წევრები - ლატვიელი აკადემიკოსები, ასევე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში - თეიმურაზ ჯანჯალია (ამჟამად - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე) და იქაური ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელები: იმედი კოკაია, ნუგზარ მძინარიშვილი, ბესარიონ ბერაძე და სხვები.
ვინაიდან უცხოეთის უნივერსიტეტების მეცნიერები ოფიციალურ ღონისძიებებზე სიამაყით ატარებენ თავიანთ საუნივერსიტეტო სამკერდე ნიშნებს, ამ მხრივ თავს, ცოტა არ იყოს, უხერხულად ვგრძნობდი, ვინაიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სამკერდე ნიშანი აღარ გაკეთებულა.
ამიტომაც, გამოსავალი იმით ვიპოვე, რომ მოვნახე ჩემს ოჯახში დაცული თბილისის უნივერსიტეტის ძველი სამკერდე ნიშანი და მივაბნიე ჩემი პიჯაკის საყელოს - მარჯვენა მხარეს, მკერდთან. ეს სამკერდე ნიშანი, რომელსაც ჩვენი ალმა-მატერის გერბი ამშვენებს, 1968 წელს, აკადემიკოს ილია ვეკუას (1907-1977) რექტორობისას, თსუ-ის 50 წლისთავზე დაამზადეს ლენინგრადის ზარაფხანაში და მისი ერთი ეგზემპლარი მამაჩემმა შემოინახა. როდესაც ლატვიიდან დავბრუნდი და მშობლიურ უნივერსიტეტში ლექციების კითხვას შევუდექი, თავის კაბინეტში მიმიწვია იმდროინდელმა რექტორმა, ცნობილმა მეცნიერმა და სახელმწიფო მოღვაწემ, აკადემიკოსმა ვლადიმერ (ლადო) პაპავამ და საპატიო დოქტორობა მომილოცა. მან ყურადღება მიაქცია ჩემს პიჯაკზე მიბნეულ საუნივერსიტეტე სამკერდე ნიშანს და ამის თაობაზე შემეკითხა. მეც მოვუყევი მისი შექმნის ისტორია, შემდეგ კი სამკერდე ნიშანი მოვიხსენი და საჩუქრად გადავეცი შემდეგი თხოვნით: „იქნებ უნივერსიტეტმა დაამზადებინოს ახალი სამკერდე ნიშანი, რათა ჩვენმა პროფესურამაც ატაროს“... ბატონმა ლადომ ჩემი საჩუქარი სიამოვნებით მიიღო და დამპირდა, რომ ახალ სამკერდე ნიშანს დაამზადებინებდა. მართლაც, სულ ცოტა ხანში, რექტორმა თავადვე გადმომცა ახალი სამკერდე ნიშანი, ხოლო ჩემს მიერ ნაჩუქარი ნიშანი გადასცა უნივერსიტეტის მუზეუმს, რის თაობაზეც მან თავად ისაუბრა უნივერსიტეტის ისტორიაზე გადაღებულ ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში. ამჟამად, თბილისის უნივერსიტეტის სამკერდე ნიშანს სიამაყით ატარებს ჩვენი ალმა-მატერის პროფესურა, რაც მე განსაკუთრებით მახარებს...
ახლა კი მოგითხრობთ თბილისის უნივერსიტეტისადმი მიძღვნილ საკოლექციო ვერცხლის მონეტის შექმნის ისტორიის შესახებ:
ჩემმა უფროსმა მეგობარმა - ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საენატის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა იანის სტრადინშმა (1933-2019), რომელმაც სამეცნიერო რედაქტორობა გაუწია ჩემს მონოგრაფიას ქართულ-ბალტიური ურთიერთობის ისტორიის შესახებ, დაბადების დღეზე საჩუქრად გადმომცა ლატვიის მთავარი უნივერსიტეტის დაფუძნების 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ვერცხლის საიუბილეო მონეტა, რომელიც ლატვიის ეროვნულმა ბანკმა 2009 წელს, იმავე მეცნიერის თანამონაწილეობით გამოუშვა. ეს მონეტა შესანიშნავი დიზაინით გამოირჩეოდა. გულში გავიფიქრე: რა იქნება, რომ ასეთივე მონეტა ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტსაც ჰქონდეს-მეთქი. ცოტა ხანში შესაფერისი დროც დადგა...
2016 წლის დასაწყისი იდგა... იმავე წლის აპრილის 23-ს (ძველი სტილით - 11) 140 წელი სრულდებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების მოთავის, დიდი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის (1876-1940) დაბადებიდან. იმხანად თბილისის უნივერსიტეტის რექტორი გახლდათ აკადემიკოსი ლადო პაპავა, რომელიც ზემოთ აღვნიშნე, ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდა ჩემს ინიციატივებს ჩვენი ალმა-მატერის ისტორიის წარმოჩენასთან და სიმბოლიკასთან დაკავშირებით. და ჩვენი უნივერსიტეტის დაარსების დღეს - 26 იანვარს (ძველი სტილით), ბატონ ლადოს პირად საუბარში ვუთხარი: „ალბათ, ურიგო არ იქნება, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას მივაწვდით იდეას, რომ გამოუშვან დიდი ივანე ჯავახიშვილის ამ იუბილისადმი მიძღვნილი ვერცხლის სამახსოვრო მონეტა“. ამაზე რექტორი სიამოვნებით დამთანხმდა და მითხრა, რომ მომემზადებინა პროექტი მიმართვისა, რომელსაც იგი საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას გადაუგზავნიდა. მეც მალევე მოვამზადე მიმართვის ტექსტი, რომელიც თსუ-ის რექტორის სახელით 2 თებერვალს გადაეგზავნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.
ამ ოფიციალურ წერილში აღნიშნული იყო:
„ბატონო პრეზიდენტო, გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ წლეულს სრულდება 140 წელი დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან. ამ იუბილეს სათანადო დონეზე აღსანიშნავად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა საგანგებო კომისია, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ. აღნიშნულმა კომისიამ უკვე დაგეგმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომლებიც ამა წლის ბოლომდე განხორციელდება. ვითვალისწინებთ რა იმ ფაქტს, რომ უკანასკნელ ოცწლეულში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ იქნა რამდენიმე საიუბილეო მონეტა, რითაც ღირსეულად აღინიშნა საქართველოს ისტორიისა და კულტურის არაერთი საყურადღებო მოვლენა, შემოვდივართ წინადადებით, რათა ამ წლის ბოლომდე დამზადდეს ზემოხსენებულ იუბილესთან დაკავშირებული ვერცხლის მონეტა 5 ლარის ნომინალური ღირებულებითა და წარწერით: „ივანე ჯავახიშვილი - 140“. ამ მონეტის შუბლზე (ავერსზე) უნდა აღიბეჭდოს დიდი მეცნიერის პორტრეტი, ხოლო ზურგზე (რევერსზე) - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფასადი.იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მხარს დაუჭერს ჩვენს წამოწყებას, რითაც ქართული საიუბილეო მონეტების კოლექციას კიდევ ერთი, ფრიად საყურადღებო მონეტა შეემატება“.
ამ წერილის საპასუხოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი მელაშვილისაგან 2016 წლის 18 თებერვალს გამოიგზავნა შემდეგი შინაარსის წერილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ვ. პაპავას სახელზე:
„ბატონო ვლადიმერ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განიხილა თქვენი წერილი, რომელიც ეხება დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის 140 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ვერცხლის საკოლექციო მონეტის გამოშვებას. აღნიშნულთან დაკავშირებით პირველ რიგში გვინდა დაგიდასტუროთ ჩვენი ღრმა პატივისცემა ამ ისტორიული პიროვნებისადმი, რომლის საგანმანათლებლო კუთხით გაწეული ღვაწლის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მისი პიროვნება და მასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კერა ეროვნული ვალუტის შემოღებისთანავე ასახა 5 ლარის ნომინალის ბანკნოტზე. რაც შეეხება მიმდინარე წელს, ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ახალი საკოლექციო მონეტის გამოშვებას, გაცნობებთ, რომ საკოლექციო მონეტის დიზაინის შექმნის და ასევე დამზადების პროცესი, რაც გულისხმობს ამ მიზნით ტენდერის გამოცხადებას და მასში ევრომონეტებისა და მსოფლიოს სხვა წამყვანი განვითარებული ქვეყნების ფულის ნიშნების საწარმოების ჩართვას, საკმაოდ ხანგრძლივია და შესაბამისად შემჭიდროებულ ვადებშიც კი მოითხოვს სულ მცირე 8-10 თვეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი, მიუხედავად დიდი სურვილისა, აღსანიშნავი საიუბილეო თარიღის დადგენილი ძალზე მცირე დროის გამო, მოკლებულია შესაძლებლობას მხარი დაუჭიროს აღნიშნულ ინიციატივას და მონაწილეობა მიიღოს ამ მნიშვნელოვანი ხასიათის ღონისძიებაში საკოლექციო დანიშნულების მონეტის გამოშვების კუთხით“.
ამ წერილის მიღების შემდეგ, რექტორმა თავის კაბინეტში მიმიწვია და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის პასუხი გამაცნო. მეც მაშინვე ვუთხარი:
„ვინაიდან დროის სიმცირეს იმიზეზებენ, მაშინ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას ახლავე უნდა შევთავაზოთ, რათა გამოუშვან საიუბილეო მონეტა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლისთავს მიეძღვნება“. ბატონი ლადო კვლავ დიდი სიამოვნებით დამთანხმდა და მითხრა, რომ მომემზადებინა მიმართვის პროექტი, რომელსაც იგი საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას გადაუგზავნიდა. მეც მალევე მოვამზადე სათანადო ტექსტი, რომელიც თსუ-ის რექტორის სახელით, 2016 წლის თებერვალშივე გადაეგზავნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.
ამ ოფიციალურ წერილში აღნიშნული იყო:
„ბატონო პრეზიდენტო, გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ 2018 წლის 8 თებერვალს სრულდება 100 წელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან. ამ უმნიშვნელოვანესი საიუბილეო თარიღის სათანადო დონეზე აღსანიშნავად დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიების განხორციელება.ვითვალისწინებთ რა იმ ფაქტს, რომ უკანასკნელ ოცწლეულში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ იქნა რამდენიმე საიუბილეო მონეტა, რითაც ღირსეულად აღინიშნა საქართველოს ისტორიისა და კულტურის არაერთი საყურადღებო მოვლენა, შემოვდივართ წინადადებით, რათა მომდევნო ორი წლის განმავლობაში, კერძოდ, 2018 წლის თებერვლის დასაწყისამდე დამზადდეს ზემოხსენებულ იუბილესთან დაკავშირებული ოქროს ან ვერცხლის (შესაძლებლობის ფარგლებში) მონეტა 100 ლარის ნომინალური ღირებულებითა (ესეც სიმბოლურად დაემთხვევა ამ საიუბილეო თარიღს) და წარწერით: „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 100“. ამ მონეტის შუბლზე (ავერსზე) უნდა აღიბეჭდოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფასადი, ხოლო მონეტის ზურგზე (რევერსზე) - მისი დაარსების მოთავის, დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის (1876-1940) პორტრეტი.იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მხარს დაუჭერს ჩვენს წამოწყებას, რითაც ქართული საიუბილეო მონეტების კოლექციას მორიგი, ფრიად საყურადღებო მონეტა შეემატება“.ამჯერად, საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას სხვა არაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ ჩვენს ინიციატივას დათანხმებოდა, ვინაიდან ზემოთ აღნიშნული საიუბილეო თარიღის დადგომამდე მთელი ორი წელიწადი რჩებოდა.
2018 წლის დასაწყისში მართლაც გამოვიდა ვერცხლის მონეტა, ოღონდ 5 ლარის ნომინალური ღირებულებით. მას ერთ მხარეს ამშვენებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფასადის გამოსახულება (როგორც ეს ჩვენს მიერ იქნა შეთავაზებული), ხოლო მეორე მხარეს - თსუ-ის გერბი, ლურჯი და ოქროსფერი მინანქრის გამოყენებით.ამჟამად, თბილისის უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მონეტა ამშვენებს არაერთი პიროვნების კერძო კოლექციას, რაც მე განსაკუთრებით მახარებს...ასეთია მოკლედ ისტორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე სამკერდე ნიშნისა და საიუბილეო მონეტის შექმნისა, რაც უკანასკნელ ათწლეულში მოხდა...
P. S. 2026 წლის 23 აპრილს სრულდება 150 წელი აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან. ვიმედოვნებთ, რომ ამ უდიდესი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ხსოვნას ამჯერად მაინც მიეძღვნება ოქროს და ვერცხლის საიუბილეო მონეტები, რომლებსაც დაამშვენებს მისი პორტრეტი და მისი მესვეურობით დაფუძნებული უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის ფასადის გამოსახულება.
წლეულს, 9 ივნისს, შედგა თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) და აკადემიური საბჭოს გაერთიანებული სხდომა, რომელზეც, მე, როგორც სენატის წევრმა, განვაცხადე შემდეგი:
"ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, მაქვს პატივი, შეგახსენოთ, რომ 2026 წლის აპრილში სრულდება 150 წელი დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების მოთავის - აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის (1876-1940) დაბადებიდან.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ იუბილის სათანადო დონეზე აღსანიშნავად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაიგეგმება. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ უკანასკნელი სამი ათეული წლის განმავლობაში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა რამდენიმე საიუბილეო მონეტა, რითაც ღირსეულად აღინიშნა ქართველი ერის ისტორიისა და კულტურის არაერთი საყურადღებო მოვლენა, თსუ-ის სენატისა და აკადემიური საბჭოს წევრთა წინაშე შემომაქვს წინადადება, რათა ზემოხსენებულ იუბილესთან დაკავშირებით დამზადდეს ოქროს და ვერცხლის საიუბილეო მონეტები. ამ მონეტების შუბლზე (ავერსზე) უნდა გამოისახოს დიდი მეცნიერის პორტრეტი, წარწერით: „ივანე ჯავახიშვილი - 150“, ხოლო ზურგზე (რევერსზე) - მისი თაოსნობით დაარსებული უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის ფასადი, წარწერით: "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი".
მოვუწოდებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას, რომ სათანადო წერილით ახლავე მიმართონ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რათა ეს საშური და მამულიშვილური საქმე არ შეფერხდეს...
ფოტოებზე:
1) თსუ-ის დაფუძნების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ვერცხლის საიუბილეო მონეტა, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2018 წელს, ჩემი რეკომენდაციის საფუძველზე გამოუშვა;
2) ლატვიის მთავარი უნივერსიტეტის დაფუძნების 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ვერცხლის საიუბილეო მონეტა, რომელიც ლატვიის ეროვნულმა ბანკმა 2009 წელს, აკადემიკოს იანის სტრადინშის თანამონაწილეობით გამოუშვა.