ლიტერატურული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი პოეტი, ჟურნალისტთა კავშირის ერთერთი ხელმძღვანელი მარინა თექთუმანიძე ყოველდღიურ ხმაურში აპლოდისმენტებით ჩავლილი მეხუთე წიგნის პრეზენტაცია, რის გამოც, წიგნისა და პოეზიის მოყვარული ადამიანების არცთუ პატარა სეგმენტმა მოიყარა თავი.... ეს არის მოკლე რეზიუმე, რომლის უკან შემოქმედი ადამიანის ვრცელი და საინტერესო ცხოვრება დგას.
-მოდი, ჩემო ხათუნა, იულიუს კეისრის ცნობილ ფრაზას სახეცვლილებით გავიმეორებ და ვიტყვი: „მოვედი, ვნახე, დავწერე“... დავწერე ის, რაც ძალიან მაწუხებს არა მარტო მე, არამედ ბევრ ადამიანს. ჩემი ახალი, მეექვსე წიგნიც „თქვი დედაკაცო“ ზუსტად ამ ამოუთქმელი დარდების (იშვიათად სიხარულის) ლექსად გადმოტანის მცდელობაა.
- რა როლს ასრულებს დღეს საზოგადოებრივი აზრის, კულტურის, თუ გემოვნების ფორმირებაში სიტყვასთან დაკავშირებული პროფესიული მიმართულებები, მედია, პუბლიცისტიკა, პოეზია, ლიტერატურა...
-დღევანდელ მსოფლიოში და განსაკუთრებით საქართველოში(განსაკუთრებით იმიტომ, რომ აქ ვცხოვრობ და უფრო კარგად ვხედავ აქ მიმდინარე პროცესებს) ფასეულობების დიდი გადაფასება ხდება. ის, რაც უახლოეს წარსულში ნორმად იყო მიჩნეული, დღეს, ბევრი ადამიანის მხრიდან, ირონიად, დაცინვად, გონებრივ უმწიფრობად აღიქმება. ამიტომ, არა მარტო პოლიტიკური ნიშნით არის საზოგადოება დანაწევრებული, არამედ მწერლობაც, მედიაც ერთგვარ განხეთქილების ვაშლად გადაიქცა. აქაც საკმაოდ მაღალია დუღილის ტემპერატურა. ნახეთ, როგორი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს სამწერლო ნოვაციების მიმართ და როგორ ქედმაღლურად, ზემოდან უყურებენ იმ ადამიანებს, ვინც ძველ, გატკეპნილ გზას მიუყვება. რაც შეეხება მედიას. სამწუხაროდ, მიუკერძოებელი, ობიექტური მედიასაშუალება იშვიათია. ჟურნალისტები მედია მეპატრონეების ნება-სურვილებს ასრულებენ ან თვითონაც იმავე პოლიტიკურ პლატფორმაზე დგანან, რაზეც მეპატრონეები.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ მას შემდეგ რაც, ვირტუალური სივრცე მაღალმოხმარებადი გახდა, რეალური ურთიერთობების დეფიციტი გაჩნდა, რამაც ავტომატურად გამოიწვია მარადიული ფასეულობების ერთგვარი გადაფასება, რღვევა, ხელი შეუწყო ადამიანების არასასურველ გარდასახვას. დღეს თითქოს ძნელი გასაგები გახდა ვინ ირჩევს რეალობას, ვინ - აღქმებს და ილუზიებს, ვის შეუძლია განსხვავებული შეხედულებების მიღება და ვის - არა, ვინ ფიქრობს, აანალიზებს, აზროვნებს და ვინაა ლოზუნგებს გამოკიდებული.
-ვირტუალური სივრცის დიდი დოზით შემოჭრამ ჩვენს ცხოვრებაში რეალური ურთიერთობების დეფიციტიც გააჩინა და ის სხვადასხვანაირად მოაზროვნე ადამიანებს შორის სიძულვილის დათესვის წყაროდაც იქცა. რამდენიმე თვე ამერიკაში ვიცხოვრე და მინდა გითხრათ, რომ ჩვენგან, ქართველებისგან განსხვავებით, სოციალურ ქსელებს ისინი მხოლოდ საჭიროებისას მოიხმარენ და ასე არ უპირისპირდებიან ერთმანეთს. ჩვენთან, ნახეთ, როგორ ამუნათებენ ადამიანები, როგორ იმუქრებიან დაბლოკვით, როგორ ქოლავენ საწინააღმდეგო აზრის გამოთქმისას და როგორ არ ეშინიათ სამყაროში გაშვებული ამხელა და ამ ზომის ნეგატივის, რომელიც, ერთ არამშვენიერ დღეს, უკან ძალიან ცუდად დაგვიბრუნდება. შემწყნარებლობა, ერთმანეთის მოსმენის კულტურა, ბოლოს და ბოლოს, სხვისი გულწრფელობის რწმენა, საბოლოო ჯამში კი ადამიანობა დავკარგეთ და ეს ძალიან მაშფოთებს.
- რამ შეუწყო ხელი მოსახლეობის აგრესიული ბუნების გამოვლენას, რა როლს ასრულებს აქ პოლიტიკური დაპირისპირება რომლის ფონზეც გვიწევს ცხოვრება პროფესიისა თუ სოციალური მდგომარეობის მიუხედავად. როგორ ფიქრობთ, ადამიანები შეიცვალნენ თუ უბრალოდ, ტექნოლოგიური შესაძლებლობები გახდა ერთგვარი ლაკმუსი, რომელმაც ყველაფერი ცუდი სააშკარაოზე გამოიტანა...
- უდიდესმა ქართველმა მოაზროვნემ - შოთა რუსთაველმა ბრძანა და მერე ეს აფორიზმი ანდაზადაც ვაქციეთ - „კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების“... ახალს არაფერს ვამბობ, რომ ნებისმიერი ადამიანი კარგის და ცუდის ჭურჭელია. რომელი რომელს დაჯაბნის, ეს არის მთავარი. ბოროტი რომ არ აზეიმო, ამიტომ ადამიანი სულ ჩასაფრებული უნდა იყო საკუთარ თავთან. კრიტიკულად უნდა აფასებდე თავს და არამარტო გარშემომყოფთ. ამის გაკეთება რომ არ გვინდა, ჩვენი „სიმართლე“ ჭეშმარიტება რომ გვგონია, სწორედ ამიტომ მივდივართ ბოლოს ამდენ დაპირისპირებასთან, გვიხდება ამ აფორიზმის ცუდ კონტექსტში გამოყენება. თუ არადა, უიოლესი გამოსავალია საკუთარი თავის შეცნობა, ოღონდ ამის სურვილი უნდა გქონდეს. მანკიერებების გამოვლენის, ეგოების ჯახის ერთგვარ ლაკმუსად სწორედ სოციალური ქსელები იქცა.
- წიგნიერი ადამიანი ყოველთვის ემოციურია, ზოგი ამას უფრო მეტად გამოხატავს, ზოგიც ნაკლებად. წიგნიერ ადამიანს შეუძლებელია სამართლიანობის საკუთარი სტანდარტი არ გააჩნდეს და ამ სტანდარტის ფარგლებში არ რეაგირებდეს მოვლენებზე. ამ მიმართულებით სად გვაქვს ძლიერი და სუსტი მხარე...
-წიგნიერი ადამიანი ნამდვილად უფრო ემოციურია და რა თქმა უნდა, სამართლიანობის საკუთარი სტანდარტიც გააჩნია, ოღონდ ისიც ადამიანია და როგორც ზემოთ აღვნიშნე, მასაც ისევე მართებს საკუთარი თავის კონტროლი, როგორც ნაკლებად განათლებულ ადამიანს.
- დღევანდელობის პარალელები წარსულთან... რით ვგავართ და რით განვსხვავდებით იმ თაობებისგან, რომლებსაც არანაკლებად რთულ დროში უცხოვრიათ, უომიათ, შეუქმნიათ და ა.შ.
-ჩემი ცხოვრების 66 წლის მანძილზე ამხელა სიძულვილი, რაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული ქვეყანაში მეფობს, არ მახსოვს. პირიქით, ადამიანებს შორის თანადგომის, დახმარების, ურთიერთსიყვარულის, საუკეთესო ურთიერთობების მომსწრე ვარ. თუმცა, სამწუხაროდ, ისტორიული პარალელებიც კარგად მახსოვს... და მაინც მჯერა, რომ ასეთი დაპირისპირება მაშინ არ (ვერ) იქნებოდა.
- ტექნოლოგიურმა პროგრესმა რამდენად შეძლო წიგნიერი განათლების ჩანაცვლება და თუ ეს შესაძლებელია, რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს საზოგადოება...
-ცხოვრება ვითარდება და ტექნოლოგიის განვითარებას ვერავინ შეაჩერებს. ღმერთმა დაიფაროს ჩემი ეს ნათქვამი აცხადდეს და ვნატრობ, მწარედ ვცდებოდე. მეშინია, შორეული მომავლის თაობები უსულგულო რობოტებად არ ჩამოყალიბდნენ. დღეს, ჯერჯერობით, ამის საშიშროება არ გვაქვს.
- ბოლო თვეა, აქტუალური გახდა ახალი თაობის თემა... ვიღაც აქებს, ვიღაც აძაგებს...
-მჯერა ჩვენი ახალგაზრდობის, მისი გონებრივი პოტენციალის, მისი სამშობლოსადმი კეთილგონიერი სიყვარულისა...
ავტორი ხათუნა ხატიაშვილი