გიგი უგულავა ოპოზიციის გამარჯვების ახალი იდეით გამოდის. მისი თქმით, ოპოზიცია ორ ფლანგად უნდა ჩამოყალიბდეს - ერთი ნაწილი “ნაციონალური მოძრაობის” ქოლგის ქვეშ გაერთიანდეს, ოღონდ ისე, რომ იდენტობა შეინარჩუნოს. უგულავა ამის წინაპირობად მთავარი ოპოზიციური პარტიის ეფექტიანობის წარმოჩენას და ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნას ასახელებს. რაც შეეხება მეორე ფლანგს, იქ ე. წ. შუაშისტი პარტიები და პერსონები უნდა გაერთიანდნენ, ისეთები როგორებიცაა: ლელო, გახარიას და ვაშაძის პარტიები, ასევე ირაკლი ალასანია, დავით ბაქრაძე, გიორგი მარგველაშვილი და სხვები.
ამასთან უგულვას ესმის, რომ სირთულეები იქნება, განსაკუთრებით მეორე ფლანგზე, თუმცა ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციის ამ ფლანგს 25% ექნება. უგულავას იდეას უკვე მოჰყვა შეფასებები. ოპოზიციიდან ნაწილმა არასერიოზული უწოდა, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მსჯელობა უნდა გაიმართოს. როგორ აფასებს უგულავას იდეას და თავად ხომ არ განიხილავენ თავს უგულავას მიერ დასახელებულ ან ცალკე ბლოკში? - ამ და სხვა საკითხებზე „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია საუბრობს: თუ გაეცანით გიგი უგულავას იდეას და როგორ უყურებთ ამ საკითხს, როგორც მან წარმოაჩინა პროცესი? დეტალურად არ გავცნობივარ იდეას, ჟურნალისტებისგან მაქვს ინფორმაცია. მე მგონი „ქოლგის იდეა“ არ არის ბატონი გიგი უგულავას იდეა, ეს ბატონ გუბაზ სანიკიძეს გააჩნდა ჯერ კიდევ 2020 წლის არჩევნებამდე, მაშინ ამბობდა ეს ადამიანი და ჩვენ ყოველთვის კრიტიკულები ვიყავით ამ შეთავაზების მიმართ. ეს იდეა ასე თუ ისე ამ არჩევნებზე ისედაც განხორციელდა და ვნახეთ მისი შედეგები, როდესაც პოლიტიკური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთის ქვეშ გაერთიანდნენ, ამიტომ მგონია, რომ მეტი კრიტიკულობაა საჭირო: „უგულავა ცოტა სხვანაირად უყურებს, ვიდრე ამას გუბაზ სანიკიძე ამბობდა. უგულავა ამბობს, რომ ეფექტიანად უნდა ამუშავდეს „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭო და ამით დააინტერესოს პარტიათა ნაწილი, რომ ამ „ხომალდზე ავიდნენ“ და ამასთანავე ცალკე შექმნან ბლოკი ე. წ. მესამე პარტიებმა – „ლელომ“, „საქართველოსთვის“, მარგველაშვილმა, ირაკლი ალასანიამ, დავით ბაქრაძემ და სხვებმაო. აქვე იმასაც ამბობს, რომ თუ ვინმე მზად არ არის არჩევნებისთვის, ეს ოპოზიციაა. როგორ უყურებთ მის ამ ხედვას? მაგ ნაწილში, რომ ოპოზიცია ვადამდელი არჩევნებისთვის მზად არ არის ვეთანხმები ბატონ გიგის. ჩვენ არ ვუხსენებივართ მას ამ პროცესში. დაასახელა ვიღაც პოლიტიკოსები, ვისთანაც უნდა თანამშრომლობა და სახელწოდებას რას დავარქმევთ… მე მაგალითად, თაკო ჩარკვიანის იდეა მომწონს – ეგ იყო „ძალა ერთობაშია“-ო. ყველას თანასწორობა გვქონდა და ა. შ. „ქოლგა“ ცუდად ხვდება ყურში, არ არის კარგი. „ძალა ერთობაშია“ ბევრად ქართულია და ის სჯობს დაბრუნდეს. თუმცა, კარგია, რომ ეს ჩვენზე არ არის ნათქვამი. ბლოკებს და ასეთ იდეებს განიხილავთ, თუ ისევ ცალკე წარმოგიდგენიათ თქვენი თავი? ჩვენ ყველასთან წარმოგვიდგენია თანამშრომლობა იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. მიუხედავად იმისა, მათთან თანამშრომლობის როგორი გამოცდილება გვაქვს. ეს მე მგონი არ არის ბლოკი, როდესაც ბლოკს გულისხმობენ, მე მგონი საქართველოში სხვა რამეს გულისხმობენ. ეგ ზოგადად ვერავისთან ვერ წარმოგვიდგენია, იმიტომ, რომ სხვანაირად ვუყურებთ პოლიტიკურ პროცესს. ჩვენ გვაქვს იდეები და ეს იდეები მარტო ჩვენ არ გვაქვს. არსებობენ პოლიტიკურ პარტიებში ადამიანები, რომლებთანაც ბევრ საკითხზე განსხვავებები გვაქვს, მაგრამ არსებობს საკითხები, სადაც ჩვენი აზრები თანხვედრაშია. მაგალითად, მე ლევან იოსელიანი გვერდიგვერდ ვზივართ და აქამდე ერთმანეთს არაფერში ვეთანხმებოდით საკანონმდებლო პროცესში, მაგრამ მოსამართლეების არჩევა ორივეს გვაინტერესებს. გვინდა, რომ ამ იდეის გარშემო ერთგვარი ბლოკი შევქმნათ ჩვენი კოლეგებისგან. აქ მგონი საპარლამენტო მუშაობის ფორმატს გულისხმობთ და არა საარჩევნოს. ასეა? დიახ. სხვადასხვა პარტიიდან ადამიანების ერთობლიობა იყოს. შეიძლება „ნაცები“ და „ქოცებიც“ იყვნენ, ვინც ამბობს, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლეს პირდაპირი წესით ირჩევდნენ. მე და ლევანის გვინდა და შესაბამისად ჩვენ პარტიებსაც უნდათ. 6 ადამიანი ვართ, ვისაც ეს უნდა. ვეძებთ კიდევ ადამიანებს, ვინც შემოგვიერთდებიან. ესეც ერთგვარი ბლოკია, მაგრამ როდესაც თქვენ მეკითხებით, გამოვრიცხავ თუ არა ბლოკებს „ნაცებთან“ უგულავას განცხადების მერე, ასე საერთოდ არ ვუყურებთ საკითხს. არა, „ნაცმოძრაობა“ არ მიგულისხმია. ზოგადად თუ გამორიცხავთ 2-3 პარტიასთან საარჩევნოდ დაჯგუფებას? თუნდაც ხსენებული ელისაშვილისა და იოსელიანის პარტიასთან რომ შექმნათ ბლოკი? ჯერ იმდენად დიდი დროა არჩევნებამდე, რომ ზოგადად არ შეიძლება ამაზე ვინმე ფიქრობდეს, მაგრამ ცოტა დროც რომ იყოს, მაინც არ ვიფიქრებდით. ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი