პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ რუსეთზე დასავლეთის სანქციებს ეფექტი გრძელვადიან პერსპექტივაში ექნება, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ დასავლეთი პრინციპული იქნება, თუმცა ამბობს, თავად არ სჯერა ევროპის პრინციპულობის, რათა თუნდაც 2 წელი მაინც შეინარჩუნონ პრინციპულობა. მიიჩნევს, რომ ამერიკა სანქციებს არ გააუქმებს, სანამ ბაიდენი პრეზიდენტი იქნება, ხოლო ევროპა დაიწყებს ნელ-ნელა მოხსნას, როგორც კი ზავი დაიდება.
ცინცაძე არც იმ აზრს იზიარებს, რომ პუტინი უკვე ჩამოშლილია და ამბობს, რომ ეს გადამეტებულია. პოლიტოლოგი აქვე ხაზს დასავლეთში ლიდერების დეფიციტს უსვამს ხაზს და ფიქრობს, რომ ამით სარგებლობს პუტინი და ბირთვული იარაღის გამოყენებით აშანტაჟებს. რამდენად რეალურია ის, რომ პუტინი უკვე დასრულებულია? იმუშავებს თუ არა სანქციები? დაიძრა თუ არა ყინული რუსეთში და რამდენად სწორი პოლიტიკა აქვს საქართველოს ხელისუფლებას? - ამ და სხვა საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე საუბრობს: _ არ წყდება პუტინის რეჟიმის აგრესია უკრაინაში და ვერც დასავლეთი აჩერებს მას. საქართველოში გვესმის ოპტიმიზმი, რომ პუტინი ფაქტობრივად უკვე დასრულებულია. ბუნებრივია ეს ყველას გვინდა, მაგრამ ეს რეალობაა? _ არა. მე კატეგორიულად არ მჯერა ასეთი პერსპექტივის. თუმცა, მე პირველი დავუკრავდი ტაშს ეს რომ ასე იყოს და პირველი ვაღიარებდი ჩემ შეცდომას, მაგრამ რეალობა არ მაძლევს ამის თქმის საშუალებას. ერთი ფაქტია, რომ ჩვენი დღევანდელი საექსპერტო თანამეგობრობა სცოდავს არაპროფესიონალიზმში და საბაზისო განათლება მოიკოჭლებს. _ საქართველოს საექსპერტო წრეებს გულისხმობთ თუ საერთაშორისოს? _ საქართველოს ვგულისხმობ. დღეს ჩვენთან ექიმიდან დაწყებული სანტექნიკოსით დამთავრებული ყველა პოლიტოლოგი გახდა. მეორეა ის, რომ ახალგაზრდა თაობა, რომელიც ამბობს, რომ პუტინი ამას იზამს და რუსეთი ამასო... ესენი საერთოდ არ იცნობენ რუსეთს, ბევრი მათგანი რუსეთშიც კი არ არის ნამყოფი. ამერიკაში, ვინც ამ საკითხებზე მუშაობდნენ, ბრწყინვალედ ფლობდნენ რუსულს და ამავე დროს - დიპლომატიურ წრეებში, საელჩოებსა თუ საკონსულოებში მომუშავე ადამიანები ყველანი ნაცხოვრები იყვნენ რუსეთში. ჩემთვის სასიხარულო იქნებოდა, რომ პუტინის რესურსები განულებული იყოს, მაგრამ ასე არაა, მხოლოდ განახევრებულია. მესმის განცხადებები, რომ ის სავალუტო სარეზერვო ფონდი, რომელსაც უცხოეთში ინახავდა ის - 630 მილიარდი დაყადაღებულიაო, მაგრამ ასე არაა, მხოლოდ ნახევარია დაყადაღებული. გარდა მაგისა აქვს შიდა რესურსები და კიდევ ჰყოფნის. _ თუმცა, რამდენ ხანს ეყოფა? _ რუსეთში რომ ევროპელები ცხოვრობდნენ, პუტინი განწირული იქნებოდა. იქ ელემენტარულად დამარცხდებოდა პირველივე არჩევნებში. მე მისწავლია რუსეთში, მიცხოვრია, დისერტაციაც დამიწერია და ვიცი, რომ ისინი ეგუებიან ასეთ რაღაცებს. მოსკოვს და ლენინგრადს (მაშინ ლენინგრადი ერქვა პეტერბურგს) 30 კმ-ით რომ გასცდებოდი სულ სხვა ქვეყანაში აღმოჩნდებოდი - მუხლამდე ტალახი, გაუნათლებელი ხალხი და რომელსაც ზამთარ-ზაფხულ საჭმელად მარტო კარტოფილი ჰქონდა. 20-30 ოჯახში ერთ ტელევიზორს თუ ნახავდი. ნახევარ სოფელს ელექტროენერგია არ ჰქონდა, გაზის ხომ საერთოდ გაგონება არ იყო. _ ახლაც იგივე სიტუაციაა? _ დიდად არ შეცვლილა. ევროპული გაგებით ცივილიზაცია იქ არ შესულა. _ იმასაც ვერ ხედავთ, რომ რაღაცა ყინული დაიძრა რუსეთში? მიუხედავად იმისა, რომ უმკაცრესი ზომები აქვს მიღებული რეჟიმს, მიუხედავად იმისა, რომ იციან დაიჭერენ, მაინც გამოდიან ხალხი ქუჩაში და აპროტესტებენ პუტინის პოლიტიკას. _ კი, მაგრამ რამდენი? 2500 ადამიანი იყო დაჭერილი ერთი კვირის წინ, ახლა კარგი - 4000. 130 მილიონიან ქვეყანაში 4000 ადამიანის პროტესტი რა არის?! სამაგიეროდ ნახეთ გავსებული „ლუჟნიკების“ სტადიონი. რასაც ეგენი წერენ ტყუილია, რომ 200 000 ადამიანი იყოო. ბევრჯერ ვარ მანდ ნამყოფი და სულ ერთმანეთზე რომ დასხდნენ, 200 000 მაინც ვერ დაეტევა, მაგრამ ხომ იყო ხალხი?! სწორედ ის ინტელიგენციის ნამსხვრევები რაც დარჩა, ისინი წერენ გაოცებულები... „ნოვაია გაზეტას“ ვკითხულობ ხოლმე, კარგი გაზეთია, რომლის რედაქტორმაც ცოტა ხნის წინ ნობელის პრემიაც მიიღო. გაზეთის კორესპონდენტი წერს, რომ 19-20 წლის ახალგაზრდებს არაფერი ახსოვთ საბჭოთა კავშირიდან და საიდან აქვთ ასეთი კომკავშირული აღტკინება და პარტიის მიმართ ერთგულებაო. რასაკვირველია არის საღად მოაზროვნე ახალგაზრდობაც. არის საშუალო ფენა, მაგრამ ეს საშუალო ფენა ზუსტად მაშინ გაქრა, როცა უნდა გაძლიერებულიყო. ადრეული პუტინისეული კეთილდღეობა მართლა არსებობდა მოსკოვში და გაჩნდა საშუალო ფენა, მაგრამ მერე გაჩერდა. ამ სანქციების პერიოდთან ხდება მისი შედარება, ახლა შიმშილი არ იქნება რუსეთში, მაგრამ ფასების ველური ზრდა იქნება. მორჩილი ხალხია და რუსეთის ისტორიაში ბუნტი სულ 2-3-ჯერ იყო. _ არ ელით, რომ ამ სანქციებს შეუძლია შიდა აფეთქების გამოწვევა? _ კი, შესაძლოა გამოიწვიოს, მაგრამ ეს ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული - რამდენ ხანს გასტანს სანქციები. მე არ მჯერა იმის, რომ ევროპას ეყოფა იმის პრინციპულობა, რომ 2 წელი მაინც გააგრძელოს სანქციები, ამერიკისგან შესაძლებელია - სანამ ბაიდენი იქნება, სანქციებიც იქნება, მაგრამ ევროპის არ მჯერა. სანქციები იქნება სანამ ომია, მაგრამ როგორც კი ზავი დაიდება, სანქციებიც ნელ-ნელა მოიხსნება. _ მაშინ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, გამოდის, რომ უკრაინელები თავიდან ბოლომდე გაწირა დასავლეთმა და ამის დადასტურება არ იქნება ეს? _ თუ არ მოხდა რაღაც საოცრება და არ მისცეს უფრო მეტი შეიარაღება უკრაინას, თანაც რაც მთავარია ჰაერ საწინააღმდეგო და ზენიტური რაკეტები... ამერიკელებმა გადაწყვიტეს, რომ ახალი ტექნოლოგიები რომ აქვთ „კამიკაძე ბრონები“ ეგ მისცეს. ეს არის უკანასკნელი სიტყვა თანამედროვე ტექნოლოგიების და მეცნიერების. თუ ეს გადასცეს და კიდევ უფრო მეტი დახმარება გაუწიეს, მაშინ შესაძლოა სხვა რეალობა დადგეს. _ რატომ არ კეტავს ნატო ცას? ბირთვული იარაღის გამოყენების ეშინია და არის თუ არა მისი გამოყენების საფრთხე რეალური? _ ჩემი აზრია, რომ დასავლელი ლიდერები შანტაჟს აყვნენ. პუტინი შანტაჟით იმარჯვებს. ხრუშჩოვი კიდევ უფრო დიდი შანტაჟისტი იყო, ვიდრე დღეს პუტინია. 1956 წელს სუეცის არხის კრიზისის დროს მან პირდაპირ შეუთვალა ლონდონსა და პარიზს რამდენი რაკეტა ეყოფოდა თითოეულ ამ ქალაქს, მაგრამ მაშინ აშშ-ის პრეზიდენტი ეზენჰაუერი იყო და ხრუშჩოვის მუქარა სასაცილოდ არ იყო. შემდეგ ბრიტანეთის პრემიერი გახდა ტეტჩერი, საფრანგეთში დე-გოლი იყო, ამერიკაში მერე იყო ნიქსონი, მერე კენედი... ძლიერი ლიდერები იყვნენ, დღეს კი დასავლეთში არ არიან ძლიერი ლიდერები. ყველა შანტაჟს აყვნენ. რას დაიწყებს... პუტინი ომისთვის შინაგანადაც რომ მზად იყოს, იმის თავი ექნებოდა, რომ თავისი იახტა ჰამბურგიდან კალინიგრადში დაემალა?! შვილები ჰყავს და შვილიშვილები ჰყავს და რა ისინი არ უყვარს?! კი, უკრაინელებიც ეჯავრება და მთელი მსოფლიოც, მაგრამ შვილები და შვილიშვილები ცხოველსაც უყვარს. კი, დღეს რუსეთს მეტი ბირთვული იარაღი აქვს, ვიდრე ამერიკას. იმიტომ, რომ ამერიკას ბოლო 30 წელში ერთი რაკეტა აღარ შეუქმნია, რადგან ჩათვალა, რომ ასეთი მასშტაბის ომი აღარ იქნებოდა. რუსეთმა კი 4-5 თაობის რაკეტები შექმნა. რაც მოვიდა პუტინი ის ნავთობის და გაზის მთელ ფულს ახმარდა ბირთვულ შეიარაღებას, მაგრამ არმიას არა და ამიტომაც არის ასეთ დღეში რუსეთის არმია უკრაინაში. დასავლეთში იმაზე ფიქრობენ, რაზე გაბრაზდება პუტინი და რაზე არა. რომელი იარაღი მივცეთ უკრაინას, რომ პუტინმა გაატაროს და რომელ იარაღი არაო. მეორეა ის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების ტექნოლოგია ვინც იცის, იქ გამორიცხულია, რომ ერთმა ქვეყანამ დაასწროს, გამოიყენოს და ის დარჩეს გამარჯვებული. პუტინი ასეთი გიჟიც არ არის... მან რომ გადაწყვიტოს ბირთვული იარაღის გამოყენება, ის მარტო ვერ გააკეთებს ამას. მთელმა გუნდმა უნდა იმუშაოს და მილიარდერები პირველი შეჭამენ პუტინს. რათ უნდათ იახტები და აგარაკები?! - ისინი ელოდებიან ზავის დადებას, რომ ის ყადაღა მოეხსნას. _ საქართველოს ხელისუფლების და პრეზიდენტის პოზიციას როგორ აფასებთ? რა გამოაჩინა ამ პროცესმა? _ მე არ ვარ იმდენად ინფორმირებული, რომ ხელისუფლების მოტივაციაზე ვილაპარაკო. თანაც არც პოლიტიკოსი არ ვარ, რომ სტიმული მქონდეს ხელისუფლება ან შევაქო, ან გავაკრიტიკო. შესაძლოა ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო იგივე დასავლეთთან. _ ფაქტია, უკრაინა გაანაწყენეს ამით. _ უკრაინა განაწყენდა, მაგრამ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში გაბუტვა და განაწყენება არ მოდის. დღეს განაწყენებულია, მაგრამ დამთავრდება ომი... საქართველოს და უკრაინას გაცილებით ბევრი რამ აკავშირებს, ვიდრე ეს წყენა. შეიცვლება ხელისუფლება საქართველოშიც, უკრაინაშიც და ეს ურთიერთობები აღდგება. _ ის ვერ დაინახეთ, რომ შესაძლოა „ოცნება“ პუტინის თამაშით მოქმედებდეს? _ „ოცნება“ რომ ფრთხილობს ვხედავ, მაგრამ ეს სიფრთხილე გადამეტებულია და გადადის თუ არა ზღვარს, ამის თქმა გამიჭირდება. სიფრთხილე ისეთი რამეა, რომ იუველური სიზუსტეა საჭირო. სიფრთხილიდან უფრო ცუდ რაღაცამდე ერთი ნაბიჯიც არ არის. _ სიფრთხილიდან ლაჩრობამდე? _ დიახ. ძალიან პატარა ნაბიჯია და მე არ ვიცი ეს ნაბიჯი გადაიკვეთა თუ არა. _ ზღვარზე ვართ? _ ზღვარზე ვართ, კი, მაგრამ რამდენად მყიფეა ეს ზღვარი, მაგას ვერ გეტყვით. ერთი რამე იცოდეთ, ხელისუფლების მოქმედება რომ შეაფასო, ან მისი წევრი უნდა იყო, ან უნდა გქონდეს აბსოლუტური ინფორმაცია. _ ის ფაქტი რას ნიშნავდა, რომ პრეზიდენტს აუკრძალეს ვიზიტების უფლება, მაგრამ ის მაინც წავიდა თავისი რესურსებით და ამის მერე იწყებენ რაღაც პროცედურებს მის წინააღმდეგ? _ ეს არის ის, რომ პარლამენტში ერთი პოლიტიკოსიც არ არის. ეს პირადულია უკვე - მოვიყვანეთ, გავხადეთ პრეზიდენტი და რეებს ბედავსო. მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ზურაბიშვილისგან სიურპრიზებს უნდა ელოდოს ხელისუფლება-მეთქი. არსებობს ასეთი გამოთქმა „ქალური ბუნება“. იგივე, როცა ის ამბობს, რომ სააკაშვილს არა და არასოდეს არ შევიწყალებო, ეს გამოთქმა საკმარისია ვთქვა, რომ ეს ქალი პოლიტიკოსი არ არის, ვინაიდან ყველა პოლიტიკოსის ბიბლიური მანდრაა, რომ არასოდეს არ თქვა არასოდეს. ესეც პირადულია. მე არ ვიცი რა პირობებში მოხსნა სააკაშვილმა საგარეო მინისტრობიდან, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან განაწყენებულია. ასევეა განაწყენებული მთელი პარლამენტი პრეზიდენტზე. ქართული პოლიტიკა პიროვნულ ფაქტორებზე დადის. ჩვენ მაინც აღმოსავლეთელები ვართ, სადაც მთავარი შურისძიება და ბოღმაა, რაღაცა წყენა ბავშვობაში ძაღლის ნაკბენივით მთელი ცხოვრება რომ გახსოვს. რეიგანი წერს თავის მემუარებში, პრეზიდენტი რომ გავხდი ერთ-ერთი დემოკრატი სენატორი სულ მაკრიტიკებდაო. მერე მოვიფიქრეთ, რომ ერთ საღამოს ჩაიზე დავპატიჟოთ ჩვენთანო. რეიგანი ძალიან კომუნიკაბელური იყო თავისი ისტორიებით და იუმორით. დავპატიჟეთ და მშვენიერი დრო გავატარეთო, წავიდა და ვთქვი - მორჩა ეს კაცი ჯიბეში მიზისო, მეორე დილა გათენდა, ჩავრთე ტელევიზორი და უარესად მაკრიტიკებსო. ვერ მოვითმინე და დავურეკე, რა არის ეს, გუშინ საღამოს მშვენიერი დრო ვატარეთო და მიპასუხა: ეს არასამუშაო დროს იყოო. არასამუშაო დროს დღესაც დამპატიჟე და სიამოვნებით მოვალო, მაგრამ სამუშაო დროს ასე ვარო. ეს იცით რატომ? - ის იყო პოლიტიკოსი და ესენი სიზმარშიც კი არ შეურიგდებიან ერთმანეთს და არ აპატიებენ არაფერს. ეს არის აღმოსავლური. ზურაბიშვილი ევროპაში დაბადებული და გაზრდილია, მაგრამ ეტყობა სისხლი მაინც თავისას შვრება. ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი