ვაკის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, ლეო და ნოდარ გაბუნიების N32-ში სარეაბილიტაციო პროექტები განხორციელდა.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ტერიტორიაზე დაზიანებული წყალარინების შიდა ქსელი განახლდა, ინფრასტრუქტურული პროექტების შესაბამისად კი, ეზოში ასფალტის საფარი დაიგო. სულ, დაახლოებით, 2300 კვ. მ ფართობის ეზო მოწესრიგდა. გზის საფარის მოწყობაზე, დაახლოებით, 260 000 ლარი გამოიყო, წყალარინების ქსელის განახლების პროექტის ღირებულება კი, დაახლოებით, 110 000 ლარს შეადგენს. ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 370 000 ლარს შეადგენს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე, ასევე, საერთო სარგებლობის კიბის რემონტი დაიწყება. დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.