2024 წლის იანვარ-ნოემბერში საგარეო ვაჭრობის ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა, მათ შორის ექსპორტის რეკორდული მოცულობა, რომელიც 7.9%-ით გაიზარდა და 6 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემები შეაფასა, მისი ინფორმაციით, ასევე რეკორდულია  საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელიც.

„ნოემბრის თვეში ექსპორტის  საკმაოდ მაღალი ზრდა ფიქსირდება - მისი მოცულობა 542,5 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს და წინა წლის მაჩვენებელს 12.6%-ით აღემატება. ნოემბრის თვეში, ისევე როგორც წინა თვეებში,  ფიქსირდება ადგილობრივი ექსპორტის ზრდა. ზოგადად 11 თვის ჭრილში თუ შევხედავთ საგარეო ვაჭრობის მონაცემებს, ექსპორტის ზრდა საკმაოდ მაღალი გვაქვს და მისი რეკორდული მოცულობა ფიქსირდება“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის შეფასებით, იანვარ-ნოემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ რეკორდული მაჩვენებელი, 21 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 6.6%-ით გაიზარდა. მათ შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდა ფიქსირდება ევროკავშირის ქვეყნებთან - 4.5 მლრდ აშშ დოლარი, რაც 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს 9.2%-ით აღემატება. ზრდა ფიქსირდება ასევე თურქეთთან - 2.9 მლრდ აშშ დოლარი (ზრდა 8.5%), რუსეთთან - 2.3 მლრდ აშშ დოლარი (ზრდა 3.4%), ჩინეთთან 1.8 მლრდ. აშშ დოლარი (ზრდა 16.2%), ყირგიზეთთან და ყაზახეთთან. 

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ნოემბერში სავაჭრო ბრუნვა 1,978.2 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.2%-ით მეტია. ამასთან, 2024 წლის ნოემბერში იმპორტი 10.7%-ით გაიზარდა და 1,435.7 მილიონ აშშ. დოლარს გაუტოლდა. იანვარ-ნოემბერში იმპორტი 15,101.7 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 6.1%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. 

რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით, მათ შორის აღსანიშნავია სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები, რაც უზრუნველყოფს მცირე და საშუალო მეწარმეების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას და ასევე დამატებითი საწარმო პოტენციალის შექმნას, რათა ქვეყანამ შეძლოს მეტი ადგილობრივი პროდუქციის წარმოება, რომელიც ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ბაზარზე იქნება კონკურენტუნარიანი. აღნიშნული საბოლოო ჯამში გაზრდის ექსპორტის მოცულობას, უზრუნველყოფს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას  და ზოგადად მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ