რიაზანის ოლქი ხუთშაბათს, 5 ნოემბერს, ღამით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მასშტაბური იერიშის სამიზნე გახდა. რეგიონის გუბერნატორმა, პაველ მალკოვმა განაცხადა, რომ რიაზანში სამრეწველო საწარმოების ტერიტორიაზე ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ხანძარი გაჩნდა, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებამ ქალაქის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გამოიწვია. მისივე ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი.
უკრაინულმა მონიტორინგულმა Telegram-არხებმა Exilenova+-მა და Supernova+-მა თავდასხმის სამიზნეებს შორის რიაზანის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა დაასახელეს, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, რუსულ არმიას საავიაციო საწვავითა და დიზელით ამარაგებს. თვითმხილველების მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეომასალაში საწარმოს ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი ჩანს.
საწარმო კომპანია "როსნეფტს" ეკუთვნის და რუსეთის სამ უმსხვილეს ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას შორის ითვლება. მისი საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 17 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის გადამუშავების საშუალებას იძლევა. გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტში შედის ავტომობილის ბენზინი, დიზელის საწვავი, საავიაციო ნავთი, მაზუთი. მიწოდების ძირითადი მიმართულებები მოსკოვი და ქვეყნის ცენტრალური რეგიონებია.
რიაზანის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა უკრაინული იერიშების სამიზნე არაერთხელ გამხდარა. 15 ოქტომბერს დრონების შეტევის შემდეგ, პირველადი გადამუშავების ერთ-ერთ დანადგარზე წარმოების შეჩერება გახდა საჭირო.
Telegram-არხ Astra-ს ცნობით, რიაზანში თავდასხმის კიდევ ერთი ობიექტი Wildberries-ის ლოგისტიკური კომპლექსი გახდა. გამანაწილებელი ცენტრის ფართობი დაახლოებით 173 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, დრონის მოხვედრის შემდეგ იქაც ხანძარი გაჩნდა.




