სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ინტეგრირებული მომსახურების ცენტრს  თურქმენეთის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის მიზანი დაწესებულების სამუშაო პროცესის გაცნობა იყო.

დელეგაციის წევრებმა, დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მისი ფუნქციონირების სპეციფიკას გაეცნენ. სტუმრებს, საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ხელმძღვანელმა ინდირა რობაქიძემ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცენტრის მიზანია, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლი ბავშვების საგამოძიებო პროცესში რეტრავმირებისგან დაცვა, ასევე - საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებების და სარეაბილიტაციო მომსახურებების ერთი ფანჯრის პრინციპით მიწოდება.

შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები.