საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების - შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „თელავგაზისა“ და შპს „ეს ჯი გაზ-კომპანის“ 2026-2030 წლების საინვესტიციო გეგმები შეითანხმა.
ჯამში, კომპანიების მიერ მომდევნო 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა 307,093,676 ლარს შეადგენს. სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმები მოიცავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ პროექტებს. შპს „თბილისი ენერჯი“ 2026-2030 წლებში 92,781,057 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში კომპანია უზრუნველყოფს ქ. თბილისში გამანაწილებელი ქსელის საიმედოობასთან, მდგრადობასა და ეფექტიან ოპერირებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებას. შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ 2026-2030 წლებში 102,848,296 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, სს „საქორგგაზი“ – 105,756,241 ლარის, ხოლო შპს „თელავგაზი“ – 3,680,209 ლარის ინვესტიციას. საინვესტიციო პროექტები მოიცავს ქსელის საიმედოობასთან, მდგრადობასა და ეფექტიან ოპერირებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. ამავე პერიოდისთვის შპს „ეს ჯი გაზ-კომპანის“ მიერ განხორციელდება 2,027,873 ლარის ინვესტიცია.




