„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვის სისტემა  ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია“, - აღნიშნულია ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო ორგანიზაციის “TÜV NORD CERT GMBH“-ის მიერ ჩატარებულ  გარე საერთაშორისო აუდიტის დასკვნაში.

ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სერტიფიკატი სემეკს პირველად 2020 წელს მიენიჭა, ხოლო განახლებული სერტიფიკატი 2023 წელს მიიღო 3 წლის ვადით. საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, კომისია ხარისხის მართვის მაკონტროლებელ აუდიტს ყოველწლიურად ატარებს.

სემეკის საქმიანობის ხარისხის მართვის შესახებ მომზადებულ დასკვნაში საერთაშორისო აუდიტორების მიერ ყურადღება გამახვილებულია კომისიის მენეჯმენტის სისტემის ეფექტიანობაზე, მენეჯმენტის მაღალ კვალიფიკაციაზე, მართვის სტანდარტების დოკუმენტაციასა და ელექტრონული რესურსების ეფექტურ გამოყენებაზე.

ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის უნივერსალური სტანდარტია, რომლის ძირითადი პრინციპებია მომხმარებელზე ორიენტაცია, მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება, პროცესუალური მიდგომების დახვეწა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.