პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის წლიური ანგარიში“ მოისმინა, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ წარადგინა.
ანგარიში მოიცავდა ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვასა და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.
ნათია თურნავას განცხადებით, 2025 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 3.9% შეადგინა, რაც მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლისგან ზომიერად გადახრილი იყო. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ამსახველი ინდიკატორები, როგორებიცაა საბაზო ინფლაცია და მომსახურების ინფლაცია, წლის განმავლობაში 3%-თან შედარებით დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდა.
„საბაზო ინფლაცია 2025 წელს, საშუალოდ, 2.2% იყო. მომსახურების სექტორში, სადაც ფასების ცვლილება შედარებით ხისტია, ინფლაციამ საშუალოდ 2.7% შეადგინა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ინფლაციური მოლოდინები სტაბილურად შენარჩუნდა და ინფლაციური პროცესები ნაკლებად ყოვლისმომცველი იყო“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ნათია თურნავას განმარტებით, 2025 წლის ოქტომბრის პიკური - 5.2%-ის შემდგომ, ინფლაცია თანმიმდევრული კლებადი ტენდენციით ხასიათდებოდა. კერძოდ, 2026 წლის იანვარში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 4.8% იყო, მარტში კი უკვე 4.3%.
„ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შედეგად, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასები გლობალურად გაიზარდა, რამაც ადგილობრივადაც გააძვირა საწვავი და აპრილის თვის ინფლაციაში დამატებით 0.8 პროცენტული წვლილი შეიტანა. საბოლოოდ, აღნიშნული მიწოდების შოკის პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტების ერთობლიობის შედეგად, აპრილში მთლიანი ინფლაცია მიზნობრივი 3%-იანი დონიდან გადაიხარა და 5.9% შეადგინა. თუმცა, შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორები კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა. კერძოდ, საბაზო ინფლაცია აპრილში 3.2%, ხოლო მომსახურების ინფლაცია 3.7% იყო“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, 2025 წელს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განხილული დავების თითქმის 80% მომხმარებელთა სასარგებლოდ დასრულდა. შედეგად, პროვაიდერებმა მომხმარებლებს ჯამურად 400 000 ლარზე მეტი აუნაზღაურეს.
მისი თქმით, დავების განმხილველი კომისია თავის საქმიანობაში დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც უსასყიდლოდ განიხილავს მომხმარებლებსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის, ბანკებს შორის დავებს.
„2025 წელს კომისიამ 158 საჩივარი მიიღო. აქედან 111 საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, რომელთა დავის საგნის ჯამურმა ღირებულებამ მილიონ ლარს გადააჭარბა. გადაწყვეტილი დავების 78% მომხმარებლების სასარგებლოდ დასრულდა. კომისიის საქმიანობის ფარგლებში უკვე ფაქტობრივად ანაზღაურებული/ჩარიცხული თანხების მოცულობამ 412 000 ლარი შეადგინა“, - განაცხადა მომხსენებელმა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა შარშან მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით აქტივობაზე. დამტკიცდა საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგია, რაც ხელს უწყობს მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის ხედვაზე, პრიორიტეტებსა და გეგმებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. გარდა ამისა, დაიხვეწა არსებული საკანონმდებლო ჩარჩო.
საბანკო სექტორისთვის, ძალიან დაბალ ნიშნულზეა და 2.6%-ს შეადგენს. 2012 წელს ეს მონაცემი 12% იყო, 2020 წელს კი 8-9%. ეს საუკეთესო მაჩვენებელია და ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. განსაკუთებით მინდა ყურადღება შევაჩერო დეპოზიტებზე. ათი წლის წინ დეპოზიტების ჯამური მოცულობა 14,4 მილიარდი ლარი იყო - როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების ანგარიშები ბანკებში. დღეს ეს მაჩვენებელი 66,95 მილიარდი ლარია და თითქმის თანაბარი წილით არიან წარმოდგენილნი კერძო და იურიდიული პირები. დეპოზიტები სტრუქტურულადაც გაუმჯობესდა. დოლარიზაცია 10 წლის განმავლობაში 71.7%-დან 47,8%-მდე შემცირდა, რაც ძალიან კარგი შედეგია“, - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.




