საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის თანახმად, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს მთავრობის წევრის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრთა მოადგილეებს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს - ზემდგომი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, კანონპროექტი საჯარო მოსამსახურეებისთვის ადგენს წახალისების მექანიზმს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში.
ამასთანავე, კანონპროექტის თანახმად, საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 15%-ს, ნაცვლად - არსებული 10%-ისა (გარდა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულებისა, სადაც შეზღუდვა კვლავ 10%-ით განისაზღვრება).
ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, 2024 წლის საკანონმდებლო ცვლილებით, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, რომლებიც მანამდე საჯარო მოხელეთა კატეგორიას განეკუთვნებოდნენ, განისაზღვრნენ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად და შესაბამისად, გაიზარდა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობაც.
მისივე თქმით, კანონში ცვლილების შეტანის შემთხვევაში მოხდება არსებული რეალობის კანონმდებლობაში ასახვა.




