ეს დღე ეროვნულ ბანკს 60 მილიონი დოლარის რეზერვების დაკარგვად დაუჯდა - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

"აგენტების რუსული კანონის მიღების დღეს ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად დაეცა და ლარიც გაუფასურდა. ეს დღე ეროვნულ ბანკს 60 მილიონი დოლარის რეზერვების დაკარგვად დაუჯდა. დღესაც, ვეტოს დაძლევაც, შეიწირავს ალბათ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის რეზერვებს. მაისის თვის განმავლობაში ლონდონის ბირჟაზე ქართული აქციების ფასი 26 პროცენტით დაეცა. ეს მხოლოდ ერთი პატარა მაგალითია. მძიმე დღეები დაუდგება ქვეყანას პოლიტიკური კურსის ცვლილებისას".

პარლამენტის ინფორმაციით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით წესრიგდება შემდეგი ძირითადი საკითხები: უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტება; სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია და სხვა სათანადო პროცედურული საკითხები; უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენა; კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა პლატფორმა X-ზე დაწერა: „ვაცხადებ სავიზო შეზღუდვის მიზნით ახალ პოლიტიკას მათთვის, ვინც  პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, მათ შორის, „უცხოური გავლენის" შესახებ „ქართული ოცნების" შემოთავაზებულ „ქართული ოცნების“ შემოთავაზებული კანონზე".

ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „საქართველოში დემოკრატიის შელახვის გამო სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის შესახებ" სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე პრესისთვის განცხადებას აქვეყნებს.

შეგახსენებთ,  საქართველომ უნდა გაიწვიოს მიმდინარე ფორმით არსებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, აცხადებს ვენეციის კომისია - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლებასთან, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან შეუთავსებელია

2024 წლის 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო.

"დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით, არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუცია და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.

ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივ ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს" - განაცხადა პრეზიდენტმა. 

შეგახსენებთ: გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის 14 მაისს მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა.