მესტია საქართველოს იმ ტურისტულ მიმართულეებს შორისაა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ვიზიტორებში.  მის განსაკუთრებულობაზე წერდა არაერთი უცხოური გამოცემა, მათ შორის, მსოფლიოში პოპულარულმა ინტერნეტჟურნალმა Elitedaily მესტია იმ 50 ადგილს შორის დაასახელა, რომელსაც უნდა ეწვიო და თავის მკითხველს საქართველოს ამ მიმართულების მონახულება ურჩია.

“აიპრესი” გთავაზობთ იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლითაც თბილისიდან მესტიაში მოხვედრაა შესაძლებელი. ყველაზე სწრაფად მესტიაში ჩასვლა მსურველს თვითმფრინავით შეუძლია, მგზავრობის დრო – 50 წუთია.

როგორც “აიპრესს” სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გურამ ჯალაღონიამ განუცხადა, მესტიის მიმართულებით ფრენები ნატახტარის აეროდრომიდან სრულდება და რეისებს მხოლოდ ერთი ავიაკომპანია Service Air–ი ასრულებს. კომპანიამ ფრენის განხორციელების უფლება ტენდერში გამარჯვების საფუძველზე მოიპოვა.

ქართული კომპანია ავიარეისს ჩეხებთან პარტნიორობით ასრულებს, ერთ მიმართულებაზე ბილეთის საშუალო ფასი 65 ლარია.

თბილისიდან მესტიაში ავტობუსით მგზავრობას 9 საათი და 30 ლარი სჭირდება, 30 ლარით განისაზღვრება მგზავრობის საფასური სამარშრუტო ტაქსითაც, თუმცა ამ შემთხვევაში მგზავრი ერთ საათს დაზოგავს და ადგილზე 8 საათში იქნება.

აღსანიშნავია, რომ მესტიაში მოხვედრა მატარებლითაც არის შესაძლებელი, თუმცა მომხმარებელს მატარებლით ზუგდიდამდე მოუწევს მისვლა, შემდეგ კი გზის სამარშრუტო ტაქსით ან ავტობუსით განგრძობა. მატარებლით ზუგდიდამდე “საქართველოს რკინიგზა” მომხმარებელს მგზავრობას სხვაადსხვა კატეგორიის ვაგონებით სთავაზობს, სწორედ ამის მიხედვით განისაზღვრება ბილეთის ფასიც და 11 ლარიდან 30 ლარამდეა, დროის ხანგრძლივობა 6 საათი. ზუგდიდიდან მესტიამდე მისვლა ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით 3 საათში, 12 ლარად არის შესაძლებელი, ანუ მატარებლის არჩევის შემთხვევაში მთლიანობაში 9 საათზე მეტი და 23–დან 42 ლარამდეა საჭირო.

tbilisi - mestia