უფასო ინგლისურის და კომპიუტერის კურსები შესაძლოა გაუქმდეს. თბილისის მუნიციპალიტეტის ბაზაზე არსებულ მოქალაქეთა გადამზადების კურსებისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი მცირდება. როგორც საკრებულოში განმარტავენ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, წინა წლების გამოცდილებაა. კერძოდ, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის გიორგი არეშიძეს თქმით, კომპიუტერისა და ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კურსების ეფექტიანობა, რომლის სერვისსაც მერია უფასოდ სთავაზობდა მოქალაქეებს, ძალიან დაბალი და უშედეგო აღმოჩნდა.
როგორც საკრებულოში განმარტავენ, ამ ეტაპზე პროექტის სრული გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მათი ცნობით 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხები, რომელიც სწორედ გადამზადების კურსებისთვის არის გათვალისწინებული, ამ ეტაპზე კვლავ კურსების ბალანსზე ირიცხება. უახლოეს პერიოდში აღნიშნულთან დაკავშირებით საკრებულო კვლევას ჩაატარებს, რომელიც გადამზადების კურსების ეფექტიანობას დაადგენს.
მისი განმარტებით, მოქალაქეების უმეტეს ნაწილს, რომლებიც კურსებს არც კი ესწრებოდნენ და შესაბამისად ვერ იღებდნენ ცოდნას, მაინც ენიჭებოდათ ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები და თანხა უმიზნოდ იხარჯებოდა.
შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, თანხა, რომელიც აღნიშნულ გადამზადების კურსებზე უნდა დახარჯულიყო, კეთილმოწყობისა და სპორტულ სფეროებზე გადანაწილდება.
კერძოდ, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია თბილისის მუნიციპალიტეტში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015 ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტით.
თბილისის მერია მოქალაქეებისთვის უფასო გადამზადების კურსებს 2011 წლიდან ახორციელებს.




