„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) მარტის თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

ესკოს მონაცემების თანახმად, 2023 წელს მარტში საქართველომ 1,130057 მილიარდი კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც 10,8%-ით მეტია წინა წლის მარტთან შედარებით.

სულ, იანვარ-მარტში საქართველომ 3,326911 მილიარდი კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, 6,7%-ით მეტი, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში.

გამომუშავებულ ელექტროენერგიაში ჰიდროსადგურების წილია 64,39% (ზრდა 15,72%), თბოსადგურების 35,02% (კლება 15,64%), ქარის სადგურის კი 0,58% (კლება 0,09%).

8 მარეგულირებელი და 17 სეზონური ელექტროსადგურიდან ერთი - „მესტია ჭალა ჰესი 1", რომელიც 2019 წლის აგვისტოდან არ ფუნქციონირებდა, მე-7 თვეა რაც ამუშავდა, კიდევ ერთი - „დარიალჰესი", თითქმის სრული ორი თვე არ მუშაობდა, ყველა სხვა დანარჩენისგან კი შარშანდელთან შედარებით უფრო ნაკლები ელექტროენერგია გამოიმუშავეს შუახევი ჰესმა (-22,4%-ით), ლარსი ჰესმა (-11,3%), მესტიაჭალა ჰესმა (-6,7%) და ფარავანი ჰესმა (-1,2%).

მარეგულირებელი ჰიდროსადგურების მიერ იანვარ-მარტში გამომუშავებულია 607 748 მილიონი კვტსთ ელექტროენერგია, 80%-ით მეტი, ვიდრე შარშან.

სეზონურმა ელექტროსადგურებმა წელს 310 065 მილიონი კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც 108,67%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

82-მა მცირე ჰესმა იანვარ-მარტში 213,398 მილიონი კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა - 19,11 %-ით მეტი, ვიდრე 2023 წლის იანვარ-მარტში გამოიმუშავა 84-მა (ესკოს მცირე სიმძლავრის ჰესების ჩამონათვალში აღარაა მაქსანია ჰესი და პანტიანი ჰესი) მცირე სიმძლავრის ჰესმა.

ფეროშენადნობებზე მოთხოვნის და ფასის კლების გამო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ (და მასთან ერთად, „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიამ" და „ჯორჯიან მანგანეზმა") 24,475 მლნ კვტსთ-ით ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარა.

ოკუპირებული აფხაზეთისთვის მიწოდებულმა ელექტროენერგიის მოცულობამ 837,501 მილიონ კვტსთ შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს უმნიშვნელოდ, 10,345 მილიონი კვტსთ-ით ანუ 1,25%-ით აღემატება. თუმცა საყურადღებოა ის ფაქტი, რომ რუსეთიდან ოკუპირებული აფხაზეთისთვის იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა 171,325 მილიონი კვტსთ-ით (588,957 მილიონი კვტსთ-დან 417,632 მილიონი კვტსთ-მდე) ანუ 29,09%-ით არის შემცირებული და ენგურის და ვარდნილის ჰესების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ხარჯზეა კომპენსირებული.

ენგურჰესმა და ვარდნილჰესმა შარშან, იანვარ-მარტში, 242,209 მილიონი კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, წელს, ანალოგიურ პერიოდში კი 453,895 მილიონი კვტსთ. ოკუპირებულ აფხაზეთს ენგურჰესიდან და ვარდნილჰესიდან შარშან, იანვარ-მარტში, მიეწოდა 238,199 მილიონი კვტსთ ელექტროენერგია, წელს, ანალოგიურ პერიოდში კი 419,869 მილიონი კვტსთ-ით ანუ 181,670 მილიონ კვტსთ-ით (76,27%-ით) მეტი.

მარტში ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთიდან იმპორტირებული და ენგურის და ვარდნილის ჰესების წარმოებულ ელექტროენერგიასთან ერთად სხვა ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიიდან 9,978 მილიონი კვტსთ მოიხმარა. ამ გარემოების გათვალისწინებით გამოდის რომ იანვარ-მარტში ენგურის და ვარდნილის ჰესების მიერ წარმოებული 453,895 მილიონი კვტსთ-იდან ოკუპირებული აფხაზეთის მიერ მოხმარებულია 419,869 მილიონი კვტსთ ანუ მთლიანი წარმოებული ელექტროენერგიის 92,50%.