ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ დარიშხანის შემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით სარკოფაგის მშენებლობის პირველი ეტაპისთვის ტენდერი გამოაცხადა. მშენებლობის სამუშაოები ორ ეტაპადაა დაგეგმილი; პირველ ეტაპზე მდინარე ყორულდაშის მონოლითური რკინაბეტონის ნაპირსამაგრი ჯებირი აშენდება, ხოლო მეორე ეტაპზე, დაბინძურებული საიტების გაწმენდისა და სარკოფაგის მშენებლობის სამუშაოები განხორციელდება.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის განკარგულებით, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანას ტერიტორიაზე დარიშხან შემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილების სისტემურ მართვასა და მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ უწყებად განისაზღვრა.
სააგენტომ, 2023 წელს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ძუღარეშში (საიტი - ცანა 1) და სოფელ ყორულდაშში (საიტი - ცანა 3), პირველადი დაცვითი ღონისძიების სახით, უკვე განახორციელა ტერიტორიების შეღობვის სამუშაოები, რითაც შეიზღუდა დაბინძურებულ ტერიტორიაზე ადამიანებისა და ცხოველების გადაადგილება. ამავდროულად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ლენტეხის მუნიციპალიტეტში არსებული დარიშხანშემცველი ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიების გაწმენდისა და ნარჩენების უსაფრთხოდ განთავსების მიზნით, სოფელ ყორულდაშში (საიტი - ცანა 3) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სარკოფაგის აშენების შესახებ. აღნიშნულ საქმიანობის განსახორციელებლად, სააგენტომ გაიარა კანონმდებლობით დადგენილი ყველა პროცედურა და, მიმდინარე წელს, მშენებლობის ნებართვა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ლენტეხის რაიონში, დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსების ადგილებზე რთული ეკოლოგიური ვითარება გასული საუკუნიდან არსებობს, რომელიც 90-იან წლებში ამ ტერიტორიაზე სამთო-ქიმიური ქარხნების დახურვის შემდეგ წარმოიქმნა - დარიშხანშემცველი ნარჩენები ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე დარჩა.
საქართველოს ხელისუფლებამ, ბოლო წლებში, აქტიურად დაიწყო აღნიშნულ პრობლემაზე მუშაობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევები და მომზადდა ანგარიშები; გაიმართა არაერთი საჯარო განხილვა, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლების, მეცნიერების, არასამთავრობო სექტორის, ექსპერტებისა და მოსახლეობის მონაწილეობით.