ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმსა და მის ფარგლებში დაგეგმილ ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

აღნიშნული ღონისძიება იმართება ევროკავშირის თანაორგანიზებით და მისი მიზანია ევროკავშირის “Global Gateway“-ის ინიციატივის ფარგლებში დერეფნის გასწვრივ გააძლიეროს ევროკავშირის  თანამშრომლობა პარტნიორ სახელმწიფოებთან ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების ხელშესაწყობად. ღონისძიების ფარგლებში, საქართველო წარადგენს თავის ხედვასა და გეგმებს თუ როგორ შეუძლია ქვეყანას ხელი შეუწყოს ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის განვითარებას და ჩვენს რეგიონსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო სატრანსპორტო კავშირების დამყარებას.

ფორუმი და მინისტრების შეხვედრა უზბეკეთის ქალაქ ტაშკენტში ხვალ გაიმართება.

ფორუმის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი სიტყვით გამოვა პანელურ დისკუსიაზე, რომელიც შეეხება ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონს შორის დაკავშირებადობის საკითხებს.

ღონისძიებას დაესწრება ევროკომისარი საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში იოზეფ სიკელა.

საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენენ მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.