„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ დღეს წარმოგიდგინოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია - ინსტიტუტი, რომლის შექმნაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის, ახალი შესაძლებლობების, გაზრდილი ამბიციებისა და განვითარების გრძელვადიანი ხედვის ლოგიკური გაგრძელებაა“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ტრანსფორმაცია განიცადა. გაიზარდა ეკონომიკის მასშტაბი, გაძლიერდა კერძო სექტორი, გაფართოვდა ვაჭრობის შესაძლებლობები და შეიქმნა ათი ათასობით ახალი სამუშაო ადგილი.
„დღეს უკვე გვაქვს შესაძლებლობა, განვითარების მომდევნო ეტაპს გაცილებით დიდი რესურსით, გამოცდილებითა და ამბიციებით შევხვდეთ. თუმცა, ალბათ სანამ ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენს ახალ გეგმებსა და ხედვებზე, ძალიან მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ის განვლილი გზა, რამაც დღევანდელ გადაწყვეტილებამდე მოგვიყვანა. 2014 წელს, როდესაც ჩვენმა ხელისუფლებამ შექმნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწყება და პროგრამა სახელად "აწარმოე საქართველოში", იმ დროისთვის ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას განსაკუთრებულად განსხვავებული ეკონომიკური გამოწვევები ჰქონდა. კერძო სექტორის მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა ფინანსურ რესურსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა და განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს სჭირდებოდათ მხარდაჭერა იმისთვის, რომ მათი იდეები კონკრეტულ ბიზნეს აქტივობად გარდაექმნათ, გაეფართოვებინათ წარმოება და შეექმნათ ახალი სამუშაო ადგილები. ამ გამოწვევას ჩვენმა სახელმწიფომ და ჩვენმა ხელისუფლებამ კონკრეტული გადაწყვეტით უპასუხა. ამ გადაწყვეტის მთავარი ამოცანა იყო, რომ შექმნილიყო უწყება, რომელსაც უნდა ეპასუხა აღნიშნული გამოწვევებისთვის და სწორედ ასე შეიქმნა "აწარმოე საქართველოში“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ განვლილი 12 წლის შემდეგ, კონკრეტულ შედეგებზე დაყრდნობით, ამ გადაწყვეტილების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე შეიძლება საუბარი.
„სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა 20 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა. მხარდაჭერილი ინვესტიციების მოცულობამ 8.5 მილიარდ ლარს მიაღწია და შეიქმნა 90 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. ამავე პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესის პროდუქციის გამოშვება თითქმის ოთხჯერ გაიზარდა - 14.8 მილიარდიდან 54 მილიარდ ლარს გადააჭარბა. სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 544 000-ს მიაღწია. ექსპორტი გაორმაგდა, ხოლო საშუალო ზომის კომპანიებში დასაქმებულთა ხელფასი თითქმის სამჯერ გაიზარდა. ეს მაჩვენებლები ასახავს მნიშვნელოვან ცვლილებას საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურაში. ქვეყანაში ჩამოყალიბდა უფრო ძლიერი, გამოცდილი და კონკურენტუნარიანი კერძო სექტორი.
2025 წელს ქვეყნის მთლიანმა შიდა პროდუქტმა 104.6 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2014 წელთან შედარებით 3.3-ჯერ მეტია“, - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე მარიამ ქვრივიშვილმა.








